როგორ დავარწმუნოთ სხვები
1 მოციქულმა პავლემ დამარწმუნებლად მოსაუბრე ადამიანის სახელი დაიმკვიდრა (საქ. 19:26). თვით მეფე აგრიპამ უთხრა მას: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქ. 26:28). საიდან ჰქონდა პავლეს მსახურებისას ასეთი დამაჯერებლობა? ის საღვთო წერილზე დაფუძნებით ლოგიკურად მსჯელობდა და მსმენელებისთვის შესაფერისი მტკიცებები მოჰყავდა (საქ. 28:23).
2 პავლეს მსგავსად, ჩვენც გვესაჭიროება მსახურების დროს სხვების დარწმუნება. როგორ? თუ ჩავწვდებით მათ აზრებს, ვისაც ვესაუბრებით ან ვუსმენთ (იგავ. 16:23). ამაში სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაგვეხმარება.
3 ყურადღებით უსმინე. როცა ვინმე საუბრობს, მოუსმინე, რომ გაიგო, როგორ შეგიძლია მასთან საერთო ენის გამონახვა. თუ საუბრისას რაიმე საწინააღმდეგო აზრს წამოჭრის, შეეცადე ჩასწვდე ამის მიზეზს. ეს დაგეხმარება, ზუსტად გაიგო, რა სწამს ამ ადამიანს, რატომ და რამ დაარწმუნა ამაში (იგავ. 18:13). ტაქტიანად შეეცადე ამის გაგებას.
4 დაუსვი კითხვები. თუ სამება სწამს, შეგიძლია ჰკითხო: „ყოველთვის გწამდათ სამება?“. შემდეგ დასძინე: „ოდესმე გულდასმით თუ გამოგიკვლევიათ, რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით?“. აგრეთვე შეგიძლია ჰკითხო: „თუ ღმერთი სამების ნაწილია, განა ბიბლიაში ნათლად არ უნდა იყოს ეს ნათქვამი?“. პასუხი დაგეხმარება, იმსჯელო პიროვნებასთან ერთად იმის შესახებ, თუ რას ამბობს საღვთო წერილი ამის თაობაზე.
5 ლოგიკურად იმსჯელე. ქალს, რომელიც იესოს ღმერთად მიიჩნევდა, ერთმა მოწმემ ჰკითხა: „თუ ეცდებოდით იმის ახსნას, რომ ორი პიროვნება ერთმანეთის თანასწორია, ოჯახური ურთიერთობებიდან რას გამოიყენებდით ამის თვალსაჩინო მაგალითად?“. მან უპასუხა: „შეიძლება ორი ძმის მაგალითი გამომეყენებინა“. მოწმემ დასძინა: „შესაძლოა, ტყუპებისაც კი. მაგრამ, როცა იესო გვასწავლიდა, რომ ღმერთი იყო მამა, ხოლო თვითონ კი — ძე, რის თქმა სურდა?“. ქალი მიხვდა, რომ ერთი მათგანი უფროსია და მეტი ძალაუფლება აქვს (მათ. 20:23; იოან. 14:28; 20:17). მის გულს დარწმუნების ხელოვნება შეეხო.
6 რა თქმა უნდა, ყველა არ მიიღებს ჭეშმარიტებას, როგორი ლოგიკური და ზუსტიც უნდა იყოს ჩვენი შეთავაზება. მაგრამ დაე, პავლეს მსგავსად, გულმოდგინენი ვიყოთ ჩვენს ტერიტორიაზე გულწრფელი ადამიანების ძებნაში, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ მიიღონ სამეფოს შესახებ ცნობა (საქ. 19:8).