ასწავლე დამაჯერებლად
1. რა იგულისხმება მსახურების დროს ღვთის სიტყვის ეფექტურად გამოყენებაში?
1 მოციქულ პავლეს მსგავსად, ეფექტურ მსახურებს ესმით, რომ „ჭეშმარიტების სიტყვის“ გადაცემაში უბრალოდ ბიბლიიდან მუხლის ციტირებაზე მეტი იგულისხმება (2 ტიმ. 2:15). როგორ ვასწავლოთ ღვთის სიტყვა დამაჯერებლად? (საქ. 28:23).
2. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მსმენელს, დააფასოს ღვთის სიტყვა?
2 მუხლები ბიბლიიდან წაუკითხე: უპირველესად, ყურადღება გაამახვილე ბიბლიაზე ისე, რომ მსმენელმა დააფასოს მასში ჩაწერილი ღვთიური სიბრძნე. თუ მსმენელი დაინახავს, რომ ვენდობით ღვთის სიტყვას, შეიძლება მუხლის წაკითხვის დროს ყურადღებით იყოს (ებრ. 4:12). შეგვიძლია ვუთხრათ: „ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიაში საინტერესო აზრები წავიკითხე. ნახეთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა“. როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემა, მუხლი პირდაპირ ბიბლიიდან წაიკითხე.
3. როგორ შეგიძლია მუხლის წაკითხვის შემდეგ მსმენელს მისი აზრის გაგებაში დაეხმარო?
3 მეორე, ახსენი წაკითხული მუხლი. ბევრ ადამიანს უჭირს ბიბლიური მუხლის გაგება პირველივე წაკითხვისას. ხშირად გვჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ეხება ეს მუხლი განსახილველ საკითხს (ლუკ. 24:26, 27). გამოყავი ძირითადი აზრები. კითხვის დასმა დაგეხმარება, გაიგო, ჩასწვდა თუ არა მსმენელი მუხლის არსს (იგავ. 20:5; საქ. 8:30).
4. რომელია დამაჯერებელი სწავლების მესამე ნაბიჯი?
4 იმსჯელე მუხლების საფუძველზე: მესამე, შეეცადე ჩასწვდე მსმენელის გულსა და გონებას. დაანახვე მობინადრეს, როგორ ეხება მუხლი პირადად მას. მუხლების საფუძველზე მსჯელობა შეიძლება ადამიანს აზროვნების შეცვლაში დაეხმაროს (საქ. 17:2—4; 19:8). მაგალითად, ფსალმუნის 83:18-ის წაკითხვის შემდეგ შეგიძლია იმსჯელო იმაზე, რომ ვინმესთან ურთიერთობის დასაწყებად გადადგმული პირველი ნაბიჯი სახელის გაგებაა. შემდეგ შეგიძლია ჰკითხო: „როგორ ფიქრობთ, უფრო აზრიანს გახდის თქვენს ლოცვას ღვთის სახელის ცოდნა?“ თუ ბიბლიურ მუხლს მობინადრის ცხოვრებას დაუკავშირებ, ის მუხლის პრაქტიკულ ღირებულებას დაინახავს. ღვთის სიტყვის ასე დამაჯერებლად სწავლება გულწრფელ ადამიანებს აღძრავს, რომ ერთადერთ ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას ემსახურონ (იერ. 10:10).