კონგრესები — სიხარულის დრო!
1 იეჰოვას მოწმეთა კონგრესები ძალიან სასიხარულოა. ას წელზე მეტია, რაც ეს შეკრებები ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზაციაში მიმდინარე ზრდას. მცირე საწყისის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, როგორ უხვად აკურთხა იეჰოვამ ჩვენი საერთაშორისო საქმიანობა. თანამედროვე დროში ჩატარებულ პირველ კონგრესზე ჩიკაგოში (ილინოისის შტატი, აშშ) 1893 წელს, 360 დამსწრიდან იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად 70 მოინათლა. გასულ წელს ჩატარებულ კონგრესებზე, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“, დამსწრეთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 9 454 055 იყო, მონათლულთა რიცხვია 129 367. რა შესანიშნავი მიზეზია სიხარულისთვის!
2 ბიბლიური დროიდან მოყოლებული, იეჰოვასგან ხელმძღვანელობის მისაღებად ღვთის ხალხის შეკრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეზრასა და ნეემიას დღეებში ხალხი რჯულის კითხვას „განთიადიდან შუადღემდე“ უსმენდა (ნეემ. 8:2, 3). ხალხმა ‘დიდად გაიხარა’, რადგან ამ შემთხვევის დროს უკეთესად გაიგეს რჯული (ნეემ. 8:8, 12). ჩვენც ვხარობთ, რადგან კონგრესები კარგ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ „დროულად“ მივიღოთ სასარგებლო ხელმძღვანელობა და სულიერი საზრდო იეჰოვასგან, რომელსაც ის ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით გვაწვდის (მათ. 24:45). რადგან იესომ განაცხადა, რომ „ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ იცოცხლებს კაცი, კონგრესები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის (მათ. 4:4).
3 ნამდვილად ღირს მთელი ძალ-ღონის მოხმარება მასზე დასასწრებად. ყოველმა ჩვენგანმა მიზნად უნდა დაისახოს, რომ ამ წელს ყოველდღე დაესწროს საოლქო კონგრესს, დევიზით „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ყოველდღიურად ადრე მოვიდეთ და დავრჩეთ ბოლომდე, რათა ბოლო ლოცვის შემდეგ ვთქვათ: „ამინ!“. ეს რომ შევძლოთ, ამისთვის შეიძლება გეგმების შეცვლა მოგვიწიოს. კონგრესზე დასასწრებად სამუშაოდან გათავისუფლება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ და შემთხვევითობას არ უნდა მივენდოთ. თუ ღამის გასათევი ადგილი და/ან ტრანსპორტი გვესაჭიროება, ზომები წინასწარ უნდა მივიღოთ. რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს ღირს ძალისხმევად!
4 იეჰოვას ხალხი კურთხევებს, რომლებიც კონგრესზე დასწრებას სდევს თან, ფულით არ განსაზღვრავს. ყურადღება მიაქციე მათ მაგალითს, ვინც მზად იყო, დასწრებოდნენ ნიუ-იორკში 1958 წელს ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესს, სახელწოდებით „ღვთის ნება“. ერთმა ძმამ ორი კვირით შეაჩერა თავისი სამშენებლო ბიზნესი, რომ მოხალისედ წასულიყო დასახმარებლად და დასწრებოდა კონგრესს. ვირჯინის კუნძულებზე მცხოვრებმა ძმამ ხუთი აკრი მიწა გაყიდა, რომ ექვსი სულისგან შემდგარ თავის ოჯახთან ერთად შესძლებოდა დასწრება. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა თავისი კატერი გაყიდა, რომ კონგრესზე თან წაეყვანათ ორი თვიდან შვიდ წლამდე ასაკის თავიანთი სამი ბავშვი. კალიფორნიაში მცხოვრები სამი ღვიძლი ძმა გააფრთხილეს, რომ, თუ სამუშაოს გააცდენდნენ, დაბრუნებისას ვეღარ განაგრძობდნენ მუშაობას. თუმცა ამან მათ ამ დაუვიწყარ კონგრესზე დასწრებაში ხელი ვერ შეუშალა.
5 იეჰოვა აკურთხებს ჩვენს გულწრფელ მცდელობებს. იეჰოვა ხედავს და აკურთხებს თავისი ხალხის მცდელობებს (ებრ. 6:10). მაგალითად, 1950 წელს ჩატარებულ კონგრესზე, სახელწოდებით „თეოკრატიის ზრდა“, დამსწრეებმა მოისმინეს განსაკუთრებული მოხსენება „ახალი ქვეყნიერება“. ძმა ფრედერიკ ფრენცმა ყველას ინტერესი აღძრა შემდეგი კითხვით: „მოხარული ხართ თუ არა, გაიგოთ ამ საერთაშორისო კონგრესზე, რომ აქ, ამ საღამოს ჩვენ შორის არის მრავალი ადამიანი, რომლებიც მომავალში ახალ ქვეყნიერებაში მთავრები იქნებიან?“. მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა, ჩვენ კი კვლავ ვხარობთ ფსალმუნის 44:17-ის გასაგები განმარტების გამო.
6 გასული წლის საოლქო კონგრესზე დასწრების შემდეგ ერთი ოჯახის მადლიერმა მამამ შემდეგი სიტყვები დაწერა: „ძმებო, თქვენ ვერასდროს მიხვდებით, როგორ გადამარჩინა ამ კონგრესმა. სამსახურის გამო საცხოვრებლად ოჯახიანად სხვა ქალაქში გადავედით, რამაც ჩვენი სულიერობის დაქვეითება გამოიწვია. . . დავიწყებული გვქონდა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა. შეხვედრებზე დასწრება და მსახურებაში მონაწილეობაც კი შევწყვიტეთ. . . ამ კონგრესმა გამოგვაცოცხლა. კვლავ დავისახეთ სულიერი მიზნები და ვცდილობთ მათ ორგანიზებულად განხორციელებას“.
7 იეჰოვა ჩვენთვის აუცილებელი სულიერი საზრდოთი გვამარაგებს. ის მდიდრულ სუფრას გვიშლის კონგრესებზე. ამ საზრდოსთვის მადლიერება საშუალებას გვაძლევს, გავიმეოროთ კორნელიუსის სიტყვები, რომლებიც პეტრე მოციქულის სტუმრობის დროს წარმოთქვა: „ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები“ (საქ. 10:33). დაე მიზნად დავისახოთ, რომ ‘ვიდგეთ ღვთის წინაშე’ ამ წლის საოლქო კონგრესის, „ღვთის სიტყვის მასწავლებლების“, ყოველი დღის პროგრამის დროს და გავიხაროთ!