კარგი მანერები ღვთის ხალხის დამახასიათებელია
1 კარგი მანერები დღეს იშვიათობაა. რატომ? ადამიანები იმდენად ჩქარობენ, რომ შეიძლება იშვიათად ფიქრობენ ელემენტარული თავაზიანი სიტყვების გამოყენებაზე, როგორიცაა „გმადლობთ“ ან „მაპატიეთ“. ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველებს უკანასკნელ დღეებში მანერების გაუარესებაზე, როდესაც ამბობს, რომ ადამიანები იქნებიან ‘თავმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, უმადურნი, მოძულენი, შეუკავებელნი, კეთილის მოძულენი და თავხედნი’ (2 ტიმ. 3:1—4). ასეთი თავისებურებების შედეგი კი ცუდი მანერებია. როგორც ღვთის ხალხი, ქრისტიანები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ არ შეისისხლხორცონ წუთისოფელში გავრცელებული სხვებისადმი უპატივცემულობა.
2 რა არის მანერები? კარგი მანერები შეიძლება განიმარტოს, როგორც სხვების გრძნობების გათვალისწინება, რაც სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება. კარგ მანერებში შედის ყურადღებიანობა, თავაზიანობა, გულკეთილობა, ზრდილობა და ტაქტიანობა. ეს თვისებები ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულიდან გამომდინარეობს (ლუკ. 10:27). მათ გამოვლენას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ სხვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ეს თვისებები ფასდაუდებელია.
3 იესომ სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. ის ყოველთვის ოქროს წესით ხელმძღვანელობდა: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკ. 6:31). ნუთუ არ გვსიამოვნებს იესოს მიერ მოწაფეების მიმართ გამოვლენილი ყურადღებიანობა და სიყვარული? (მათ. 11:28—30). მას კარგი მანერები ეტიკეტის შესახებ წიგნებიდან არ შეუძენია. ის მისი გულწრფელობიდან და კეთილშობილებიდან მომდინარეობდა. უნდა ვეცადოთ, მისი სრულყოფილი მაგალითისამებრ მოვიქცეთ.
4 როდის უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა კარგი მანერები? მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს, როდესაც ცდილობენ კარგი შთაბეჭდილება დატოვონ სხვებზე? მხოლოდ მაშინ, როცა ცდილობენ სხვებზე ზეგავლენის მოხდენას? არა! ჩვენ ყოველთვის უნდა ვავლენდეთ კარგ მანერებს. განსაკუთრებით რომელ ასპექტში უნდა გამოვავლინოთ ისინი კრებაში ერთმანეთთან ურთიერთობისას?
5 სამეფო დარბაზში. სამეფო დარბაზი ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილია. ჩვენ აქ იეჰოვა ღმერთი გვიწვევს. ამ გაგებით ჩვენ სტუმრები ვართ (ფსალმ. 14:1). ვართ სამაგალითო სტუმრები, როდესაც სამეფო დარბაზში მივდივართ? სათანადო ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს ჩაცმულობასა და გარეგნობას? ცხადია, უნდა მოვერიდოთ თავისუფალ და გამომწვევ ჩაცმულობას. კონგრესებზე ან კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრებისას, იეჰოვას ხალხი გამოირჩევა კარგი გარეგნობითა და ქცევებით, რომლებიც მათთვის არის შესაფერისი, ვინც ცდილობს ამით ღმერთს პატივი მიაგოს (1 ტიმ. 2:9, 10). ამგვარად ჩვენ სათანადო ყურადღებიანობასა და პატივისცემას ვავლენთ როგორც ჩვენი ზეციერი მასპინძლის, ასევე მოწვეული სტუმრების მიმართ.
6 შეხვედრებთან დაკავშირებით სხვა მხარე, რომელშიც კარგ მანერებს ვავლენთ,, პუნქტუალობაა. მართალია, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. ზოგიერთები შეიძლება საკმაოდ შორს ცხოვრობენ ან შეიძლება დიდი ოჯახი ჰყავთ მოსამზადებელი. ზოგიერთ კრებაში შეამჩნიეს, რომ მაუწყებელთა 25 პროცენტი ჩვეულებისამებრ დასაწყისი სიმღერის ან ლოცვის დროს მოდის. ეს კი სერიოზული საკითხია. კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ მანერები სხვების გრძნობების გათვალისწინებასთანაა დაკავშირებული. იეჰოვამ, ჩვენმა თავაზიანმა მასპინძელმა ჩვენი სარგებლობისთვის მოაწყო სულიერი ნადიმი. იმას, რომ მადლიერნი ვართ და ვითვალისწინებთ მის გრძნობებს, ჩვენი პუნქტუალობით ვაჩვენებთ. გარდა ამისა, შეხვედრებზე დაგვიანება ყურადღებას უფანტავს დამსწრეებს და მათდამი უპატივცემულობის მაჩვენებელია.
7 როდესაც ვიკრიბებით, ვამჩნევთ ახლებს დამსწრეთა შორის? მათთვის გულთბილი სალმის თქმაც კარგ მანერებში შედის (მათ. 5:47; რომ. 15:7). თავაზიანი შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა, გულთბილი ღიმილი — ყოველივე ეს შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ ამით ამოიცნობა ჭეშმარიტი ქრისტიანი (იოან. 13:35). სამეფო დარბაზში პირველად მისვლის შემდეგ ერთმა მამაკაცმა თქვა: „ერთ დღეში იმაზე ბევრად მეტი ნამდვილად მოსიყვარულე, სრულიად უცნობი ადამიანი ვნახე, ვიდრე ეს ოდესმე მინახავს იმ ეკლესიაში, სადაც აღვიზარდე. ნათელი იყო, რომ ჭეშმარიტებას მივაგენი“. შედეგად მან ცხოვრების წესი შეიცვალა და შვიდი თვის შემდეგ მოინათლა. დიახ, კარგ მანერებს შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს!
8 თუ ჩვენ თავაზიანები ვართ უცნობების მიმართ, განა ასევე არ უნდა მოვექცეთ „უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით“? (გალ. 6:10). ბიბლიური პრინციპი ასეთია: „პატივი მიაგე მოხუცს“ (ლევ. 19:32). ხანდაზმულები არასდროს უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ჩვენს შეხვედრებზე.
9 ყურადღებიანობა. კრების შეხვედრებზე ღვთის ქრისტიანი მსახურები იმ მიზნით საუბრობენ, რომ აღსაშენებლად სულიერი ნიჭი გვიწილადონ (რომ. 1:11). ჩვენი მხრიდან კარგი მანერების გამოვლენა არ იქნებოდა შეხვედრებზე თვლემა, საღეჭი რეზინის გაუთავებელი ღეჭვა, გვერდით მჯდომთან ხშირი ჩურჩული, საპირფარეშოში საჭიროების გარეშე სიარული, სხვა მასალის კითხვა ან შეხვედრის დროს სხვა რამისთვის დროის დათმობა. ამ საკითხში უხუცესები სამაგალითონი უნდა იყვნენ. კარგი ქრისტიანული მანერები აღგვძრავს დიდი ყურადღებით მოვუსმინოთ მომხსენებელს, რომელიც ბიბლიაზე დაფუძნებულ ცნობას გვაწვდის და ამგვარად მისადმი სათანადო პატივისცემა გამოვავლინოთ.
10 გარდა ამისა, მომხსენებლისა და აუდიტორიისადმი პატივისცემა იქნება, თუ ჩვენ პეიჯერებსა და მობილურ ტელეფონებს არ გამოვიყენებთ შეხვედრის მსვლელობის დროს.
11 ბავშვები და მანერები. მშობლებმა ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთი ბავშვების ქცევას. თუ შეხვედრის დროს ბავშვი ატირდება ან არ ისვენებს და ეს ხელს უშლის სხვებს, გონივრული იქნებოდა, რაც შეიძლება მალე მისი გარეთ გაყვანა დასაწყნარებლად. ეს შეიძლება ხანდახან რთული იყოს, მაგრამ გახსოვდეს, ამით აჩვენებ, რომ ანგარიშს უწევს სხვებს. მშობლები, რომელთა ბავშვებიც მოუსვენრები არიან, ხშირად უკანა ადგილებზე სხდებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის დროს დარბაზი დატოვონ და სხვებს ხელი ნაკლებად შეუშალონ. რა თქმა უნდა, დამსწრეებს შეუძლიათ სათანადო ყურადღებიანობა გამოავლინონ ბავშვიანი ოჯახების მიმართ იმით, რომ მათ უკანა რიგები გაუთავისუფლონ, თუკი ასეთ ოჯახებს სურთ იქ დასხდომა.
12 მშობლებმა აგრეთვე ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვების ქცევას შეხვედრებამდე და შეხვედრების შემდეგ. ბავშვებმა არ უნდა ირბინონ შენობაში, რადგან ამას შეიძლება უბედური შემთხვევა მოჰყვეს. არც სამეფო დარბაზის გარეთ უნდა ირბინონ, რადგან ეს შეიძლება სახიფათო იყოს, განსაკუთრებით კი საღამოობით, როდესაც ბინდდება. ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ხელი შეუშალოს მეზობლებს და უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს თაყვანისმცემლობაზე. მშობლები, რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობენ, თვალყური ადევნონ თავიანთ ბავშვებს სამეფო დარბაზის შიგნით თუ გარეთ, ქებას იმსახურებენ, რადგან ეს ჩვენს ერთად ცხოვრებას საამურს ხდის (ფსალმ. 132:1).
13 წიგნის შესწავლაზე. მადლიერნი ვართ იმ ძმების სტუმართმოყვარეობისთვის, რომლებმაც კარი გაგვიღეს კრების შეხვედრების ჩასატარებლად. შეხვედრებზე დასწრებისას, პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ და გავუფრთხილდეთ მათ საკუთრებას. სახლში შესვლამდე საგულდაგულოდ უნდა დავიწმინდოთ ფეხსაცმელი, რათა არ დავსვაროთ იატაკი ან ნოხები. მშობლებმა თვალყური უნდა ადევნონ შვილებს, რათა იმ ოთახში იყვნენ, სადაც წიგნის შესწავლა ტარდება. თუმცა შეიძლება პატარა ჯგუფი იკრიბებოდეს და გარკვეულწილად არაოფიციალური ატმოსფერო სუფევდეს, არ უნდა გავშინაურდეთ სხვის სახლში. პატარა ბავშვებს მშობლები უნდა გაყვნენ საპირფარეშოში. გარდა ამისა, რადგან წიგნის შესწავლაც კრების შეხვედრაა, ჩვენი ჩაცმულობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც სამეფო დარბაზში.
14 კარგი მანერები ძალზე მნიშვნელოვანია. ქრისტიანული მანერების გამოვლენა არა მარტო დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს მსახურებაზე, არამედ ხელს უწყობს სხვებთან კარგ ურთიერთობას (2 კორ. 6:3, 4, 6). როგორც ბედნიერი ღმერთის მსახურებს, უნდა გვახასიათებდეს გაღიმება, თავაზიანობის გამოვლენა და ჩვეულებრივი, კეთილი საქმეების კეთება, რომლებიც სხვებს ახარებს. კარგი მანერები გაალამაზებს ჩვენი, როგორც ღვთის ხალხის ცხოვრებას.