კარგი მანერები საველე მსახურებისას განადიდებს ღმერთს
1 მოციქული პავლე კორინთელებს სწერდა: „ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს“ (2 კორ. 6:3). შემდეგ, მან ურჩია ფილიპელებს, რომ ისინი ‘მოქცეულიყვნენ ქრისტეს სახარების ღირსად’ (ფილ. 1:27). ეს ღვთის სულით შთაგონებული რჩევა ნათლად გვიჩვენებს, რომ ქრისტიანული მანერები მნიშვნელოვანია. განადიდებს თუ არა ღმერთს შენი მანერები საველე მსახურებაში?
2 რა არის მანერები? მანერები განისაზღვრება, როგორც ჩვეული ქცევა, ყოფაქცევა ან მოქმედების თავისებურება და ისინი უჩვენებენ სხვებთან ჩვენი ურთიერთობის ხასიათს. კარგ მანერებს მიეკუთვნება თავაზიანობა, ზრდილობიანობა, ყურადღებიანობა, თავდაჭერილობა, სიკეთე და ტაქტიანობა. კარგი მანერები ზოგიერთს შესაძლოა ეჩვენოს უმნიშვნელო რამედ, მაგრამ არა ქრისტიანებს. ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ ყველაფერი, რასაც ვასრულებთ როგორც ქრისტიანები, კარგი მანერების გარეშე არ უნდა გაკეთდეს.
3 კარდაკარ მსახურებისას. როდესაც ერთი კარიდან მეორე კართან მიდიხარ, ავლენ თუ არა ღვთის მსახურისთვის შესაფერის ღირსებას? შენი შესახედაობა და მოქმედებები ეთანხმება თუ არა იმ ცნობის სერიოზულობას, რასაც სხვებს სთავაზობ? ნათელია, რომ ჩვენ გვსურს შვილები თან გვყავდეს მსახურების დროს, მაგრამ არიან თუ არა ისინი ისე განსწავლულები, რომ სათანადოდ შესთავაზონ სხვებს ჭეშმარიტება? არიან თუ არა ისინი ყურადღებიანები და ხომ არ თამაშობენ იმ დროს, როდესაც მქადაგებელი სახლის პატრონს ესაუბრება? თუ ბავშვები ურჩობენ და ყურადღებას უფანტავენ მობინადრეს, მაშინ მან, შესაძლოა, სავსებით ვერაფერი გაიგოს იქიდან, რაც მაუწყებელმა უთხრა. კარგად აღზრდილ ბავშვებს დიდება მოაქვთ იეჰოვასთვის, მშობლებისა და კრებისთვის. ერთ-ერთმა მანდილოსანმა, რომელსაც ორმა ახალგაზრდა ძმამ უქადაგა კეთილი ცნობა, აღნიშნა: „უდიდესი სიამოვნება იყო საუბარი ამ. . . ფაქიზად ჩაცმულ ახალგაზრდებთან, და ნეტავ, უფრო მეტმა ახალგაზრდამ მიჰბაძოს მათ მაგალითს“. როგორც ჩანს, ამ მანდილოსანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა შესახედაობამ და მანერებმა.
4 როგორ შეიძლება გამოვავლინოთ კარგი მანერები საუბრისას? პეტრე მოციქული აღნიშნავს, რომ საუბრისას უნდა გამოვავლინოთ ‘სიმშვიდე და მოწიწება’ (1 პეტ. 3:15). ეს განსაკუთრებით მაშინ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე გვაქვს არაკეთილგონიერ ადამიანებთან. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დოგმატურად, უხეშად ან კიდევ მბრძანებლური ტონით, შესაძლებელია თუ არა ითქვას, რომ ჩვენი მანერები განადიდებს ღმერთს? კარგი მანერების გამოვლენისთვის საჭიროა ტაქტიანობა და მეგობრულობა. ჩვენ არ უნდა დავაძალოთ სახლის პატრონს, აიღოს შეთავაზებული ლიტერატურა ან მოისმინოს კეთილი ცნობა, თუ მას ეს არ სურს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, იყო კარგი მსმენელი, რადგან ესეც ქრისტიანული მანერების ნაწილია. როდესაც სახლის პატრონი საუბრობს, ჩვენ უნდა ვუსმინოთ, თუ რისი თქმა უნდა. ამით ვავლენთ პატივისცემას. ასეთი მოქმედებით ჩვენ გავიგებთ მის აზრებს და უფრო უკეთესად ვიქნებით შემზადებული მის დასახმარებლად (იგავ. 18:13).
5 როდესაც უბანს ვამუშავებთ, კარგი მანერები გვკარნახობს, მოვერიდოთ ტროტუარზე ან რომელიმე შენობის წინ თავმოყრას. გამვლელებს არ უნდა დასჭირდეთ გვერდის ავლა. ამის გათვალისწინება ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც მონაწილეობას ვღებულობთ ქუჩაში მსახურებაში.
6 განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიური შესწავლებისას. როდესაც სხვების სახლში ვიმყოფებით, ქრისტიანული მანერები გვკარნახობს, მოვიქცეთ, როგორც სტუმრები, გამოვავლინოთ მადლიერება მათი სტუმართმოყვარეობისთვის და ბოლომდე შევინარჩუნოთ სათანადო წესიერება. მაუწყებელმა, რომელიც ატარებს შესწავლას ან განმეორებით მონახულებაზეა, უნდა დააფასოს ის დრო, რომელიც სახლის პატრონმა დაუთმო ამ შეხვედრას. უნდა იყოს პუნქტუალური. თუ მაუწყებელს თან ახლავს ბავშვები, მათაც უნდა გამოავლინონ პატივისცემა სახლის პატრონისა და მისი საკუთრების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ დაბრკოლებისა და შებღალვის არავითარი მიზეზი (2 კორ. 6:3).
7 უეჭველია, რომ საველე მსახურებისას კარგ მანერებს დიდება მოაქვს იეჰოვა ღმერთისთვის. დაე, კვლავაც ‘მოვიქცეთ ქრისტეს სახარების ღირსად’ (ფილ. 1:27).