მშობლებო, ყრმობიდანვე გაწვრთენით შვილები
1 „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავ. 22:6). მშობლებო, როდის უნდა დაიწყოთ ასეთი წვრთნა, თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა „არ გადაუხვიონ“ ჭეშმარიტების გზიდან? სიყრმიდანვე!
2 როდესაც პავლე საუბრობდა, რომ ტიმოთე „ბავშვობიდანვე“ იყო დამოძღვრილი, როგორც ჩანს, ამაში ჩვილობის ასაკს გულისხმობდა (2 ტიმ. 3:14, 15). შედეგად ტიმოთე მოწიფული სულიერი მამაკაცი გახდა (ფილ. 2:19—22). მშობლებო, შვილების წვრთნა მათი „ბავშვობიდანვე“ უნდა დაიწყოთ, რათა ისინი „უფალთან იზრდებოდნენ“ (1 მეფ. 2:21).
3 ზრდისთვის აუცილებელი წყლით მომარაგება. ისევე როგორც ნორჩ ხეს მუდმივად ესაჭიროება წყალი, რათა ლამაზ ხედ იქცეს, ასევე ყველა ასაკის ბავშვებს ესაჭიროებათ ბიბლიური ჭეშმარიტებით აღზრდა, რათა ისინი ღვთის მოწიფულ მსახურებად იქცნენ. ბიბლიის რეგულარული ოჯახური შესწავლა მთავარი საშუალებაა ბავშვებისთვის ჭეშმარიტების სასწავლებლად და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში მათ დასახმარებლად. მაგრამ, მშობლებო, გაითვალისწინეთ, თუ რამდენი ხანი შეუძლია თითოეულ მათგანს ყურადღებით მოსმენა. პატარების შემთხვევაში შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მათი ხშირად და მცირე დროით დამოძღვრა, ვიდრე იშვიათად და ხანგრძლივად (რჯლ. 11:18, 19).
4 ისე არ უნდა მოგივიდეთ, რომ სათანადოდ ვერ შეაფასოთ თქვენი შვილების სწავლის უნარი. მოუყევით ბიბლიური პერსონაჟების შესახებ. დაახატვინეთ ბიბლიური სცენები და გაათამაშებინეთ ბიბლიური სიუჟეტები. გამოიყენეთ ვიდეო და აუდიო კასეტები, მათ შორის ბიბლიური დრამების. ოჯახური შესწავლის დროს ისეთი მასალა გამოიყენეთ, რომელიც შეესაბამება თქვენი ბავშვების ასაკსა და ათვისების უნარს. თავდაპირველად სწავლა მარტივი და მცირე ინფორმაციის მიწოდებით დაიწყეთ. ბავშვის ზრდასთან ერთად სწავლას უფრო ფართო და პროგრესული ხასიათი უნდა მიეცეს. ეცადეთ, რომ შესწავლა ცოცხლად წარიმართოს და მრავალფეროვანი იყოს. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა „ინატრონ“ ღვთის სიტყვის მოსმენა, შესწავლა შეძლებისდაგვარად მიმზიდველი გახადეთ (1 პეტ. 2:2).
5 მონაწილეობა მიაღებინეთ კრების შეხვედრებში. თქვენს შვილებს დაუსახეთ განსაზღვრული მიზნები, რათა სრული მონაწილეობა მიიღონ კრების საქმიანობაში. პირველ რიგში რა უნდა იქნას მიზნად დასახული? ორი ბავშვის მშობლებმა განაცხადეს: „თავდაპირველად ორივეს სამეფო დარბაზში წყნარად ჯდომას ვასწავლიდით“. მოგვიანებით კი დაეხმარეთ, მონაწილეობა მიიღონ კომენტარებში და ეს საკუთარი სიტყვებით გააკეთონ. აგრეთვე მიზნად დაისახონ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაწერა. რაც შეეხება სამქადაგებლო მსახურებას, კარგი იქნებოდა, მიზნად დაესახათ კარდაკარ მსახურებისას ტრაქტატის შეთავაზება, ბიბლიური მუხლის წაკითხვა, ჟურნალის შეთავაზება და მობინადრესთან საუბრის დაწყება.
6 მაგალითი იყავით ბავშვებისთვის. ყოველდღიურად ესმით ბავშვებს თქვენი საუბარი იეჰოვაზე და მისადმი ლოცვა? ხედავენ, თუ როგორ სწავლობთ ღვთის სიტყვას, ესწრებით შეხვედრებს, მონაწილეობთ სამქადაგებლო მსახურებაში და სიხარულს პოულობთ ღვთის ნების შესრულებაში? (ფსალმ. 39:9). მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ეს მათთან ერთად აკეთოთ. „ყველაზე მეტად ჩვენზე დედის მაგალითმა მოახდინა ზეგავლენა, რაც სიტყვებზე უფრო მეტის მთქმელი იყო,“ — განაცხადა ახალგაზრდა ქალმა, რომლის დედამაც ექვსი შვილი აღზარდა ერთგულ მოწმეებად. ოთხი შვილის მშობელმა აღნიშნა: „იეჰოვას პირველი ადგილი უკავია, — ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები კი არ იყო, არამედ ჩვენი ცხოვრების წესი“.
7 მშობლებო, ადრეული ასაკიდანვე შეუდექით შვილების წვრთნას, ასწავლეთ მათ ჭეშმარიტება ღვთის სიტყვიდან, დაუსახეთ განსაზღვრული მიზნები და ეცადეთ, კარგი მაგალითი იყოთ მათთვის. ყოველივე ეს კი სიხარულს მოგიტანთ!