სამეფო დარბაზების მშენებლობა
1 სამეფო დარბაზების მშენებლობა. სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ რა საოცრად ფართოვდება იეჰოვას მიწიერი ორგანიზაცია. იმ ქვეყნებში, რომლებზეც რუსეთის ფილიალი ზრუნავს, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა 124 ახალი კრება, მსოფლიოში კი — 1 319. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ზრდის გამო საჭიროა უფრო მეტი სამეფო დარბაზი.
2 მრავალი და-ძმა ენთუზიაზმითა და თავგანწირვის სულით უჭერს მხარს იეჰოვას ორგანიზაციას — ისინი არ იშურებენ საკუთარ დროსა და სახსრებს სამეფო დარბაზების მშენებლობისთვის. დღეისთვის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფილიალი ზედამხედველობს, 135 სამეფო დარბაზია აშენებული და შეკეთებული. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 13 სამეფო დარბაზის მშენებლობა. სამეფო დარბაზების საჭიროება წლიდან წლამდე იზრდება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ორგანიზაციამ შეიმუშავა სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა. ჩამოყალიბებულია სამშენებლო ჯგუფები იმ მიზნით, რომ დაეხმარონ კრებებს სამეფო დარბაზების მშენებლობაში. რუსეთის ფილიალის ტერიტორიაზე უკვე არსებობს 7 ასეთი ჯგუფი და, აგრეთვე, ფილიალის დაახლოებით 30 წარმომადგენელი სამეფო დარბაზების მშენებლობის საკითხებში. ეს მოხალისეები ადგილობრივად ეხმარებიან ძმებს ნებართვების გაფორმებაში და ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებენ. სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამის განხორციელებაში აშკარად ჩანს თავგანწირვისა და ქრისტიანული გაცემის სული, რაც სრულიად განსხვავდება ქვეყნიერებაში არსებული სულისგან (2 ტიმ. 3:2, 4).
3 ორგანიზაციამ მოამზადა სამეფო დარბაზების ტიპობრივი (სტანდარტული) პროექტები. ეს ხელს შეუწყობს მოხალისეთა დროისა და სახსრების ეკონომიას. აგრეთვე, ამის საშუალებით უფრო გონივრულად იქნება გამოყენებული სახსრები სამეფო დარბაზების ფონდიდან. შეთავაზებული ტიპობრივი პროექტებიდან უხუცესები არჩევენ მათთვის ყველაზე შესაფერის ვარიანტებს. ასეთი დახმარების პირველად მიღების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედმა ერთმა რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტმა აღნიშნა: „დიდად კმაყოფილი და, რასაკვირველია, აღფრთოვანებულები დავრჩით, როცა მივიღეთ პროექტების ეს სერია. ძმების, გამოცდილი არქიტექტორებისა და ინჟინრების, გამოთვლით ახალი პროექტების წყალობით დაიზოგება დროის 50—60%. გარდა ამისა, ეს პროექტები დაგვეხმარება, რომ სამეფო დარბაზების მშენებლობისას გარკვეული სტანდარტები დავადგინოთ და მეტ სტაბილურობას მივაღწიოთ“. იმის შედეგად, რომ კრებები სამეფო დარბაზების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებულ ამ დახმარებას მიიღებენ, ბევრ ძმას — ნებაყოფლობით მომსახურე არქიტექტორებს, ინჟინრებსა და მშენებლებს — მნიშვნელოვნად უნდა შეუმსუბუქდეთ ტვირთი. ასევე ნაკლებად იქნება საჭირო ქვეყნიური არქიტექტორებისა და ინჟინრების დახმარება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ ღონისძიების გამო ნებისმიერი კრება, რომელიც აპირებს სამეფო დარბაზის აშენებას ან შენობის ყიდვას, ჯერ უნდა დაუკავშირდეს საზოგადოების ადგილობრივ ოფისს მეტი ინფორმაციის მისაღებად.
4 ნებაყოფლობით მომსახურეები მხარს უჭერენ შესანიშნავ საქმეს. იეჰოვას ორგანიზაცია ძალიან აფასებს ნებაყოფლობითი მომსახურეების შრომას, რომლებიც სამეფო დარბაზების მშენებლობაში ღებულობენ მონაწილეობას. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ხედავ ათასობით მოხალისეს, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს შესასრულებლად. ამ პროგრამის წარმატების გასაღებიც სწორედ ასეთი ენთუზიაზმის, გულუხვობისა და თანამშრომლობის სულია, რასაც ნებაყოფლობით მომსახურეები ავლენენ. ისინი ამ საქმეს სწირავენ დროს, რომელიც შეეძლოთ გამოეყენებინათ კრებისთვის თუ ოჯახისთვის (ფსალმ. 109:3; კოლ. 3:23). სიყვარულით აღსავსე ამ გამოხმაურების გამო ისინი იმსახურებენ ქებას, მადლიერებასა და მხარდაჭერას (რომ. 12:10; ებრ. 13:1).
5 ყველას, ვისაც შეუძლია სამშენებლო ჯგუფების დახმარება, სთხოვენ, შეავსონ განცხადება სამეფო დარბაზის მშენებლობაზე მსახურებისთვის (A-25). მალე კრებები მიიღებენ ამ ბლანკებს. შემდეგ შევსებული ბლანკები — სადაც აღწერილი იქნება, თუ მსურველი რამდენად კვალიფიციური და შესაფერისია — უნდა გაიგზავნოს საზოგადოების ოფისში. როცა მოხალისის მდგომარეობა იცვლება — მაგალითად, როცა საცხოვრებლად სხვაგან გადადის, ან ინიშნება მომსახურედ ან უხუცესად — მალევე უნდა შეივსოს ახალი განცხადება და გაიგზავნოს კრების მდივნის საშუალებით. თუ მოხალისე მეტად აღარაა შესაფერისი, ამის შესახებ უხუცესებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ოფისს. თუ მეტი ბლანკი იქნება საჭირო, მათი გამოწერა შესაძლებელია ლიტერატურის შეკვეთის ბლანკით. სარაიონო ზედამხედველიც დაინტერესებული იქნება მათით, ვისაც სურს ნებაყოფლობით იმუშაოს წმინდა მსახურების ამ სფეროში. ამიტომ ის კრების მონახულებისას ყოველთვის გადახედავს განცხადებებს სამეფო დარბაზების მშენებლობაზე მსახურების შესახებ.
6 ეცადეთ, ეკონომიურად გამოიყენოთ მშენებლობისთვის განკუთვნილი სახსრები. მშენებლობის მომარაგებას ორგანიზებას უწევენ სამშენებლო ჯგუფები. მასალები ხელსაყრელ ფასებში რომ შეიძინონ, ეს ძმები ადარებენ ფასებს სხვადასხვა ადგილზე. ამგვარად, მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ რომელ მომმარაგებელთან იქონიონ საქმე და რომელი მასალა იყიდონ. სამეფო დარბაზის მშენებლობისას ამ განყოფილებაში მუშაობისთვის ზოგჯერ შესაძლებელი იქნება შესაფერისი ძმების მოწვევა ადგილობრივი კრებებიდან.
7 იმისათვის, რომ თანხები რაც შეიძლება ეკონომიურად დაიხარჯოს, სამშენებლო ჯგუფის ზედამხედველი უნდა გაეცნოს ხარჯებთან დაკავშირებულ ყველა საბუთს და ხელი მოაწეროს. სამეფო დარბაზების მშენებლობისა თუ შეკეთების ზედამხედველობა ევალება სამშენებლო ჯგუფს.
8 დროის სვლასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი სამეფო დარბაზია საჭირო. ამიტომ არსებული თანხები რაც შეიძლება ბრძნულად უნდა იქნეს გამოყენებული. ასე რომ, კრებებს ვთხოვთ, მაქსიმალური ეკონომია გაუწიონ თანხებს სამეფო დარბაზების აშენებისას. ზოგ ქვეყანაში უფრო მეტი სამეფო დარბაზის საჭიროებაზე ყურადღება გამახვილებულია 1997 წლის წელიწდეულში: „გაცილებით მეტი სამეფო დარბაზია საჭირო რუსეთში. იქ მოწმეების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ რუსეთის ფილიალის ტერიტორიაზე კრებების დაახლოებით 85%-ს არა აქვს მუდმივი ადგილი შეხვედრებისთვის. ზიმბაბვეში, სადაც დაახლოებით 800 კრებაა, მრავალ კრებას ღია ცის ქვეშ უწევს შეხვედრების ჩატარება. ამის გამო ზოგი ახალი დაინტერესებული არ მოდის შეხვედრებზე“. მსგავსი სიტუაციაა აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც.
9 თუმცა დღეს, ბოლო დღეებში, კაცობრიობის დიდ ნაწილს გაუნელდა სიყვარული, ღვთის ხალხი კვლავაც ავლენს ერთმანეთისადმი სიყვარულს იმისდა მიუხედავად, თუ რომელ რასას მიეკუთვნებიან და სად ცხოვრობენ (მათ. 24:12). მოდი მივბაძოთ ჩვენს ზეციერ მამას და კვლავაც გამოვავლინოთ სიყვარული — მზადყოფნით დავუჭიროთ მხარი სამეფო დარბაზების მშენებლობას როგორც რუსეთის, ისე სხვა ფილიალების ტერიტორიებზე. ასე მოქმედებით მოვიმკით უხვ კურთხევებს და იეჰოვას მოწონებას (მალ. 3:10; ებრ. 6:10).