გულთბილი ინტერესი გამოავლინე „ობოლთა“ მიმართ
1 იეჰოვა ‘ობოლთა მამაა’ (ფსალმ. 67:6). იგი ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. ეს ჩანს მის მიერ ისრაელი ერისთვის ნათქვამ სიტყვებშიც: „თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს. რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ“ (გამ. 22:22, 23). ღვთის რჯული ობოლთა ფიზიკურად უზრუნველყოფასაც ითვალისწინებდა (რჯლ. 24:19—21). ჭეშმარიტი ქრისტიანების მოვალეობაა, რომ „მიხედონ ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში“ (იაკ. 1:27). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და გამოვავლინოთ გულთბილი ინტერესი იმ მოზარდებისადმი, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ან ისეთ ოჯახებში, სადაც მარტოხელა მშობელია?
2 სულიერად მომზადება. თუ მარტოხელა მშობელი ხარ ან ურწმუნო მეუღლე გყავს, შვილებთან ბიბლიის რეგულარული შესწავლის ჩატარება შეიძლება ადვილი არ იყოს. მაგრამ ბიბლიის რეგულარული და ნაყოფიერი შესწავლის ჩატარება აუცილებელია, თუ გვინდა რომ მოზარდები გაწონასწორებულ და მოწიფულ ახალგაზრდებად ჩამოყალიბდნენ (იგავ. 22:6). არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთან სულიერ საკითხებზე საუბარი (რჯლ. 6:6—9). ზოგჯერ შეიძლება გულგატეხილობა იგრძნო, მაგრამ ხელი არ ჩაიქნიო. ლოცვით მიმართე იეჰოვას, რათა მოგცეს ძალა და გიხელმძღვანელოს, ‘აღზარდო [შვილები] უფლის მოძღვრებითა და დარიგებით’ (ეფეს. 6:4).
3 თუ დახმარება გესაჭიროება დაკისრებული ბიბლიური მოვალეობების შესასრულებლად, ელაპარაკე უხუცესებს. შეიძლება მათ მოგცენ პრაქტიკული რჩევები ან დაგეხმარონ კარგი განრიგის შედგენაში, რომელიც ოჯახის სულიერ კეთილდღეობას მოემსახურება.
4 რის გაკეთება შეუძლიათ სხვებს დასახმარებლად: მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ტიმოთე განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ოჯახში გაიზარდა, იეჰოვას გულმოდგინე მსახური გახდა. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანეს დედამისმა და ბებიამისმა, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა მისთვის წმინდა წერილები ბავშვობიდანვე ესწავლებინათ (საქ. 16:1, 2; 2 ტიმ. 1:5; 3:15). ტიმოთეს სხვა ქრისტიანებთან — მაგალითად მოციქულ პავლესთან — თანამშრომლობაც ეხმარებოდა. პავლე მას მოიხსენიებდა, როგორც „საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში“ (1 კორ. 4:17).
5 დღესაც ასეა. სულიერად მოწიფული დებისა და ძმების მხრიდან კრებაში ობოლი ბავშვების მიმართ გულთბილი ინტერესის გამოვლენას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. იცი თუ არა ყველას სახელი? ესაუბრები მათ, როცა ქრისტიანულ შეხვედრაზე ერთად ხართ და საერთოდ, როცა საამისო შესაძლებლობა გეძლევა? შესთავაზე მათ შენთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. დროდადრო ისინი და მათი მარტოხელა მშობლებიც მიიწვიე შენს ოჯახურ შესწავლაზე ან ძალების აღდგენის მიზნით ერთად დაისვენეთ და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო. ასეთი მოზარდები შენში მეგობარს დაინახავენ, უფრო მოგბაძავენ და გამხნევდებიან (ფილ 2:4).
6 იეჰოვა მეტად გულწრფელ ინტერესს ავლენს ობლების მიმართ და აკურთხებს ჩვენს გულითად მცდელობას, დავეხმაროთ მათ ჭეშმარიტების გათავისებაში. ბევრი აღიზარდა ისეთ ოჯახებში, სადაც მარტოხელა ან განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მშობლები ცხოვრობდნენ, მაგრამ ასეთი გამხნევების წყალობით პიონერებად, თანაშემწეებად, უხუცესებად, მიმომსვლელ ზედამხედველებად, მისიონერებად და ბეთელის ოჯახის წევრებად მსახურობენ. მოდი ყველამ ვეცადოთ, მივბაძოთ იეჰოვას და ობოლ ბავშვებთან გულთბილ ურთიერთობაში ‘გასაფართოებლად’ სხვადასხვა საშუალება გამოვნახოთ (2 კორ. 6:11—13, აფ).