გახსოვდეს ღვთის ერთგული ასაკოვანი მსახურები
1 თუმცა 84 წლის მოხუცებული ანა ქვრივი იყო, „არ შორდებოდა ტაძარს“. მისმა ერთგულებამ აღძრა იეჰოვა, რომ განსაკუთრებული სახით ეკურთხებინა ის (ლუკა 2:36—38). დღესაც, უამრავი პრობლემის მიუხედავად, მრავალი და-ძმა ავლენს ანას მსგავს სულს. როდესაც ასეთი ერთგული ქრისტიანები ავადმყოფობენ ან ასაკის გამო ვეღარ აკეთებენ იმდენს, რამდენსაც ადრე, შეიძლება დროდადრო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ ან გული გაუტყდეთ. განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ გავამხნევოთ და დავეხმაროთ მათ, რომ სულიერად აქტიურები დარჩნენ.
2 შეხვედრები და მსახურება. ასაკოვნებს, რომლებსაც სიყვარულით სთავაზობენ ტრანსპორტით მომსახურებას, უფრო უადვილდებათ ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. ეს სულიერად აძლიერებს როგორც დიდი ხნის მსახურ ერთგულ ქრისტიანებს, ისე მთელ კრებას. დახმარებიხარ ასეთი სახით ასაკოვან დებსა და ძმებს? (ებრაელთა 13:16).
3 სამქადაგებლო საქმიანობაში რეგულარულ მონაწილეობას ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სიხარული და კმაყოფილება მოაქვს. მაგრამ მოხუცებისა და დაუძლურებულებისთვის ამის კეთება არც თუ ისე ადვილია. შეგიძლია შეუთანხმდე ამ ძვირფას ქრისტიანებს, როგორც „თანამშრომლებს“, მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობის მისაღებად? (რომაელთა 16:3, 9, 21). იქნებ შეგიძლია შესთავაზო, რომ ერთად იქადაგოთ ტელეფონით, გააკეთოთ განმეორებითი მონახულება ან ჩაატაროთ ბიბლიის შესწავლა. თუ ასაკოვანი და ან ძმა ვერ გადის სახლიდან, შეგიძლია ბიბლიის შემსწავლელი ასეთი ქრისტიანის ბინაში დაპატიჟო?
4 შესწავლა და ურთიერთობა. დროდადრო ზოგი და-ძმა თავის ოჯახურ შესწავლაზე იწვევს მოხუცებულ ან ავადმყოფ ქრისტიანს და ასეთ შესწავლას მათ ბინაშიც კი აწყობს. ერთ დედას თავისი ორი შვილი მიჰყავდა ასაკოვანი დის სახლში და ერთად სწავლობდნენ წიგნს „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. ასეთი ურთიერთობა თითოეულისთვის გამამხნევებელი იყო. ასეთ და-ძმებს ძალიან სიამოვნებთ, როდესაც სადილზე ან წვეულებაზე ეპატიჟებიან. თუ ისინი იმდენად სუსტად გრძნობენ თავს, რომ ხანგრძლივი ვიზიტები მიზანშეწონილი არ არის, შეგეძლო დაგერეკა ან შეგევლო მცირე ხნით, რათა წაგეკითხათ რამე, ერთად გელოცათ ან მოგეთხრო გამამხნევებელი შემთხვევა (რომაელთა 1:11, 12).
5 იეჰოვა ძალიან აფასებს ერთგულ ასაკოვან დებსა და ძმებს (ებრაელთა 6:10, 11). ჩვენ შეგვიძლია იმით მივბაძოთ ღმერთს, თუ მსგავსადვე ვაფასებთ მათ და ვეხმარებით სულიერ საქმეებში აქტიურობის შენარჩუნებაში.