ასწავლეთ სხვებს სუფთა ენა
1 იეჰოვას მოწმეები მიუხედავად იმისა, რომ მრავალი „ერიდან, ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ არიან, გაერთიანებულად სცემენ თაყვანს ღმერთს და ნამდვილად საერთაშორისო საძმოს ქმნიან (გამოცხ. 7:9). დღევანდელ დაყოფილ წუთისოფელში ეს მართლაც რომ საოცარია. როგორ ახერხებენ ისინი ამას? ეს შესაძლებელი ხდება „სუფთა ენის“ ათვისების საფუძველზე (სოფ. 3:9, აქ).
2 სასწაულებრივი შედეგები. რა სუფთა ენაზეა აქ ლაპარაკი? ეს არის იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტების სათანადოდ გაგება, განსაკუთრებით კი, ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების. იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ეს ჭეშმარიტება ვრცელდება დედამიწაზე არსებული ხილული არხის, „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, რის შედეგადაც ადამიანები „ყოველი ენიდან“ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ერთიანდებიან (მათ. 24:45; ზაქ. 8:23).
3 ადამიანები ეცნობიან სუფთა ენას, რაც მათ აღძრავთ, იეჰოვას ნორმების შესაბამისად მოიწესრიგონ ცხოვრება. ისინი სწავლობენ, თუ როგორ იყვნენ „გაერთიანებულნი . . . გონებით და აზრით“ (1 კორ. 1:10). ღვთისგან მომდინარე სწავლების გავლენით ისინი სწორადაც იქცევიან და სხვებთან ლაპარაკისას, განსაკუთრებით კი სასიხარულო ცნობის გაზიარებისას, ჯანსაღ, ჭეშმარიტ სიტყვებს იყენებენ (ტიტ. 2:7, 8, აქ; ებრ. 13:15). მათში მომხდარი ასეთი საოცარი გარდაქმნა განადიდებს იეჰოვას.
4 მაგალითად, ერთმა კაცმა მოწმეებისგან სასიხარულო ცნობა მოისმინა. მას მრავალი კითხვა აწუხებდა, რომლებზედაც მქადაგებლებმა ბიბლიიდან გასცეს პასუხი. მოსმენილმა იმდენად იმოქმედა, რომ ამ კაცმა შესწავლა დაიწყო. კვირაში ორჯერ უტარდებოდა ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზეც დადიოდა. კრებაში პირველად მისვლისას ის განცვიფრებული დარჩა. სამეფო დარბაზში ყველა დიდი სითბოთი შეხვდა, ეს კი მისთვის განსაკუთრებით გასაკვირი იმიტომ იყო, რომ იქ ძირითადად სხვა რასის ხალხი იყო შეკრებილი. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ამ კაცმა და მისმა მეუღლემ ცხოვრების წესში ცვლილებები შეიტანეს და მოინათლნენ. იმ დღიდან ეს კაცი დაახლოებით 40 პიროვნებას (მათ შორის საკუთარი ოჯახის რამდენიმე წევრსაც) დაეხმარა იეჰოვასთვის მსახურების დაწყებაში. არც ისე დიდი ხნის წინათ კი, ფიზიკური უძლურების მიუხედავად, პიონერად მსახურება დაიწყო.
5 სხვებისთვის სწავლება. უკანასკნელმა მსოფლიო მოვლენებმა მრავალი ადამიანი დააფიქრა და აღძრა, ახალი თვალით გადაეხედა საკუთარი აზროვნებისა თუ ცხოვრებისთვის. იესოს მსგავსად, ჩვენც უნდა გვქონდეს ასეთი ადამიანებისთვის დახმარების სურვილი. ეფექტური განმეორებითი მონახულებები და ბიბლიური შესწავლები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება გულწრფელი ადამიანებისთვის სუფთა ენის სწავლებაში.
6 დაკავებულ ხალხთან ბიბლიის შესასწავლად საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა რამდენიმე წუთის განმავლობაში შესწავლის პირდაპირ კართან ჩატარება (km 05.02, გვ. 1). გიცდია ოდესმე ამის გაკეთება? განმეორებითი მონახულებისთვის მომზადებისას „ჩვენი სამეფო მსახურების“ 2002 წლის იანვრის დანართიდან შეარჩიე შეთავაზება, რომელიც კონკრეტული მობინადრისთვის გამოგადგებოდა. ამ დანართში მოცემული მრავალი შეთავაზება ისე არის ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ გადახვიდე ბროშურის „რას მოითხოვს“ ან წიგნ „შემეცნების“ შესახებ საუბარზე. ივარჯიშე მანამ, სანამ არ ისწავლი, თუ როგორ გადახვიდე ბუნებრივად შესავლიდან რომელიმე აბზაცის განხილვაზე. აბზაციდან შეარჩიე ერთი-ორი მუხლი, რომლის წაკითხვასა და განხილვასაც აპირებ. აგრეთვე მოიფიქრე, თუ რა კითხვით დაასრულებდი მონახულებას. ეს დაგეხმარება შემდგომი მონახულებისას იმ აბზაცზე ისაუბრო, რომლის განხილვაც მომდევნო მონახულებისთვის გაქვს დაგეგმილი.
7 სუფთა ენის შესწავლის შედეგად იეჰოვას ხალხი მრავალ კურთხევას იმკის. მოდი გულმოდგინედ დავეხმაროთ სხვებს, შემოგვიერთდნენ ‘უფლის სახელის ხსენებასა’ და ‘ერთსულოვნად მსახურებაში’ (სოფ. 3:9).