„ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“
1 ერთხელ, როდესაც თავის მოციქულებთან ქორწინებასთან დაკავშირებით საუბრობდა, იესომ დაუქორწინებლობას „ძღვენი“ უწოდა. მან თქვა: „ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“ (მათ. 19:10—12, აქ). რამდენიმე წლის შემდეგ, მოციქულმა პავლემ თავის წერილში აღნიშნა, რა დადებითი მხარეები აქვს დაუქორწინებლობას. მან სხვებს მოუწოდა, მისთვის მიებაძათ და დაუქორწინებელი დარჩენილიყვნენ (1 კორ. 7:7, 38). ჩვენს დღეებშიც ბევრმა ‘შეითვისა’ ეს ძღვენი და ისინი კარგად იყენებენ დაუქორწინებლობის დადებით მხარეებს. რომელია ზოგიერთი მხარე?
2 „დაუბრკოლებლად“ მსახურება. პავლეს კარგად ესმოდა, რომ დაუქორწინებლად ყოფნა იეჰოვასადმი „დაუბრკოლებლად“ მსახურების საშუალებას აძლევდა მას. მსგავსად ამისა, დღეს დაუქორწინებელ ძმებს მსახურებაში დახელოვნების სკოლაში მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ. დაუქორწინებელი ადამიანი, ჩვეულებრივ, უფრო თავისუფალია და ამიტომ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს იმისათვის, რომ იმსახუროს პიონერად, ბეთელში ან იქ, სადაც მეტი საჭიროებაა; აგრეთვე შეუძლია ისწავლოს უცხო ენა ან მსახურების განსაკუთრებულ სფეროებში მიიღოს მონაწილეობა. მას შეიძლება უფრო მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონდეს ღრმა პირადი შესწავლისა და ფიქრისთვის, ასევე მხურვალე ლოცვებისთვის. დაუქორწინებელ პიროვნებას, როგორც წესი, მეტი დრო აქვს სხვების დასახმარებლად. ეს ყოველივე კი „თქვენდა სასარგებლოდ“ იქნება (1 კორ. 7:32—35; საქ. 20:35).
3 ღვთის მსახურებაზე მთელი ყურადღების გადატანა უხვ კურთხევებს მოგიტანს. კენიაში 27 წლის მსახურების შემდეგ, ერთმა დაუქორწინებელმა დამ დაწერა: „უამრავი მეგობარი შევიძინე და ღვთის მსახურებაში ყოველთვის უხვად მქონდა საქმე! ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და ხშირად ვაკითხავდით ხოლმე ერთმანეთს. . . იმ თავისუფლებას, რაც დაუქორწინებლობას მოაქვს, მსახურებისთვის ვიყენებდი. ამან დიდი ბედნიერება მომიტანა“. ის დასძენს: „წლების განმავლობაში უფრო მეტად დავუახლოვდი იეჰოვას“.
4 „ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“. იესომ თქვა, რომ დაუქორწინებლობის მოტივი „ცათა სასუფევლისათვის“ მეტის გაკეთების სურვილი უნდა იყოს (მათ. 19:12). თუ გვინდა, რომ დაუქორწინებლობამ სიხარული და სარგებლობა მოგვიტანოს, სხვა ნებისმიერი ძღვენის მსგავსად, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ. იმ უპირატესობებისა და შესაძლებლობების გამოყენებით, რომლებსაც დაუქორწინებლობა იძლევა, აგრეთვე სიბრძნისა და ძალისთვის იეჰოვაზე მინდობით, ბევრმა დაუქორწინებელმა პიროვნებამ გამოსცადა, რამდენად ძვირფასია ეს ძღვენი.