ერთად შეკრებით განვადიდოთ იეჰოვა!
1. რა არის კონგრესის თემა და რატომ არის მხოლოდ იეჰოვა განდიდების ღირსი?
1 იეჰოვა ღმერთი უდიდესი ძალის, სრულყოფილი სამართლიანობისა და ჩაუწვდომელი სიბრძნის პატრონია. და რაც მთავარია, ის სიყვარულის განსახიერებაა. როგორც შემოქმედი, სიცოცხლის მომცემი და სამყაროს უზენაესი მმართველი, მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს თაყვანისცემას (ფსალმ. 35:10; გამოცხ. 4:11; 15:3, 4). ამ ზაფხულისთვის დაგეგმილი საოლქო კონგრესი, სახელწოდებით „დიდება მივაგოთ ღმერთს“, განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი განვადიდოთ (ფსალმ. 85:8—10).
2, 3. როგორ დაგვეხმარება კარგი დაგეგმვა სრული სარგებლობის მიღებაში?
2 საჭიროა კარგი დაგეგმვა. სრული სარგებლობა რომ მივიღოთ იეჰოვას მიერ მომზადებული სულიერი ნადიმიდან, კარგი დაგეგმვა გვჭირდება (ეფეს. 5:15, 16). დაგეგმე უკვე, როგორ იმგზავრებ და სად იცხოვრებ? დაეთხოვე სკოლიდან ან სამსახურიდან? არ მოიტოვო ეს მნიშვნელოვანი საკითხები ბოლო წუთებისთვის. თუ დროულად არ გაეთავისუფლები, შეიძლება ვერ დაესწრო ამ სასიხარულო შემთხვევის ზოგ ნაწილს. თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება მთელ პროგრამაზე დასწრება.
3 დაისახეთ მიზნად, რომ ყოველდღე ადრიანად მიხვიდეთ კონგრესზე. ეს საშუალებას მოგცემთ, სიმღერის დაწყებამდე მშვიდად მოძებნოთ ადგილი და განეწყოთ პროგრამისთვის, რათა მთელი ყურადღებით შეძლოთ მოსმენა. კონგრესის ჩატარების ადგილზე მისვლა დილის 8 საათიდან შეგიძლიათ. გთხოვთ, არ დაიკავოთ ადგილები სხვებისთვის, ოჯახის წევრების ან მათ გარდა, ვისთან ერთადაც მგზავრობდით.
4. რატომ უნდა მოვიტანოთ საკვები თან კონგრესზე შესვენების დროს სადილობისთვის?
4 გთხოვთ, თან მოიტანოთ სადილი, რათა შესვენებაზე არ მოგიწიოთ საკვების საყიდლად კონგრესის ჩატარების ადგილის დატოვება ან სადმე სხვაგან სასადილოდ წასვლა. თითოეული თქვენგანის თანამშრომლობა ამ საკითხში ხელს შეუწყობს სასიამოვნო ატმოსფეროს არსებობას და შესაძლებლობას მოგცემთ, მეტი დრო გამოუყოთ თანამორწმუნეებთან ურთიერთობას (ფსალმ. 132:1—3). მინის ჭურჭლისა და ალკოჰოლური სასმელების კონგრესზე მოტანა არ შეიძლება.
5. როგორ განვაწყოთ საკუთარი გული კონგრესისთვის?
5 უსმინე და ისწავლე. ეზრა ლოცვით განაწყობდა გულს ღვთის სიტყვის მისაღებად (ეზრ. 7:10). მას გული იეჰოვას სწავლებისკენ ეწეოდა (იგავ. 2:2). ჩვენც შეგვიძლია ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე გულის კონგრესისთვის განწყობა კონგრესის თემაზე ფიქრითა და ოჯახთან ერთად მასზე მსჯელობით.
6. რა დაგვეხმარება ყურადღების მობილიზებაში მთელი პროგრამის მოსასმენად?(იხილე ჩარჩო).
6 დიდ აუდიტორიაში შეიძლება ჩვენი მზერა ბევრმა რამემ მიიპყროს, ან ხმაურმა ყურადღება გაგვიფანტოს. ასეთმა ხელის შემშლელმა ფაქტორებმა შეიძლება ადვილად გადაგვატანინოს ყურადღება მომხსენებლის გამოსვლიდან სხვა რამეზე. როდესაც ასე ხდება, ვკარგავთ ძვირფას ინფორმაციას. მოსმენის უნარის გაუმჯობესებაში დაგეხმარება ჩარჩოში მოცემული რჩევები.
7, 8. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სხვებს ხელი არ შევუშალოთ?
7 ეცადეთ, არ შეუშალოთ ხელი სხვებს. პროგრამის მსვლელობის დროს შეიძლება ვიდეოკამერებისა და ფოტოაპარატების გამოყენება, მაგრამ ისე, რომ სხვებს ხელი არ შევუშალოთ; მხოლოდ ადგილიდან შეგვიძლია გადაღება. მობილური ტელეფონები და პეიჯერები ისეთ რეჟიმზე უნდა გადავიყვანოთ, რომ სხვებს ხელი არ შეეშალოთ. არ შეიძლება არანაირი პირადი აპარატურის შეერთება საკონგრესო ელექტრო თუ ხმის გამაძლიერებელ სისტემასთან.
8 სიხარულით ველით იეჰოვას განსადიდებლად ერთად შეკრებას! მოდი, მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ მთელი პროგრამის მოსმენითა და ნასწავლის გამოყენებით დიდება მივაგოთ იეჰოვას (რჯლ. 31:12).
[ჩარჩო 3 გვერდზე]
კონგრესზე ყურადღებით მოსმენისთვის. . .
▪ იფიქრე მოხსენებების სათაურებზე
▪ მოძებნე მუხლები ბიბლიაში
▪ გააკეთე მოკლე ჩანაწერები
▪ ჩაინიშნე აზრები, რომლებსაც გამოიყენებ
▪ გაიმეორე ნასწავლი