მოვუაროთ თაყვანისმცემლობის ადგილს
1. რა მიზანს ემსახურება სამეფო დარბაზები?
1 მსოფლიო მასშტაბით იეჰოვას მოწმეთა 94 000-ზე მეტი კრებაა. ბიბლიის განსახილველად და თანაქრისტიანებთან ურთიერთობისთვის კრებების უმეტესობა სამეფო დარბაზებში იკრიბება. ეს დარბაზები წმინდა თაყვანისმცემლობის ადგილობრივი ცენტრებია.
2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიზრუნოთ სამეფო დარბაზის სისუფთავესა და გარეგნულ ხედზე?
2 რეგულარული დალაგება. სამეფო დარბაზის დასუფთავება ჩვენი წმინდა მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია. წიგნში „ჩვენი მსახურება“, 61-ე გვერდზე ნათქვამია: „ძმებმა პატივად უნდა ჩათვალონ არა მარტო სამეფო დარბაზის დაფინანსება, არამედ მასში სისუფთავისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, აგრეთვე მის შესაკეთებლად, დახმარების შეთავაზება. სამეფო დარბაზი შიგნიდანაც და გარედანაც ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც იეჰოვას ორგანიზაციას შეეფერება“. ვინაიდან სამეფო დარბაზში შეკრებები კვირაში რამდენიმეჯერ ტარდება, საჭიროა რეგულარული დასუფთავებისა და მოვლის განრიგი. ჩვეულებრივ, ამაზე ის და-ძმები ზრუნავენ, რომელებიც ამ სამეფო დარბაზში იკრიბებიან. ისევე როგორც ბიბლიურ დროში, იეჰოვას მსახურებმა დღესაც გულმოდგინედ უნდა ‘შევაკეთოთ და გავამაგროთ’ თაყვანისმცემლობის ადგილი (2 ნეშტ. 34:10).
3. როგორ ეწევა ორგანიზება სამეფო დარბაზების დალაგებას და კიდევ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან საქმეში?
3 სამეფო დარბაზის დალაგების ყოველკვირეული განრიგი საინფორმაციო დაფაზე უნდა იყოს გამოკრული. წიგნის შესწავლის ჯგუფებმა რიგრიგობით უნდა მიიღონ მონაწილეობა დარბაზის რეგულარულ დალაგებაში. დალაგებისას ისინი უნდა მიჰყვნენ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალს. ამ მნიშვნელოვან საქმეში, სამეფო დარბაზების წესრიგში მოყვანასა და დასუფთავებაში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა. მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ, ბავშვებსაც შეუძლიათ მონაწილეობა დარბაზის დალაგებაში. ამით მშობლები ასწავლიან მათ, რომ დააფასონ ეს საქმე. როცა სამეფო დარბაზს რამდენიმე კრება იყენებს, აუცილებელია კარგი თანამშრომლობა, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობის ამ მნიშვნელოვან მხარეზე ზრუნვა მხოლოდ ერთეულებს არ დააწვეთ.
4. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კრების წევრებმა იცოდნენ, როგორ დაალაგონ სამეფო დარბაზი?
4 უნდა გამოიკრას გასაკეთებელი სამუშაოების სია, შესაძლოა იქ, სადაც დალაგებისათვის საჭირო ნივთები ინახება. სიაში ჩამოწერილი უნდა იყოს, რის გაკეთება ევალებათ მორიგეებს ყოველი შეხვედრის შემდეგ, მაგალითად, მტვრის გადაწმენდა, ნაგვის გადაყრა, იატაკის მოწმენდა, ფანჯრებისა და სარკეების გაწმენდა. ზოგი საქმე საკმარისია პერიოდულად გაკეთდეს, მაგალითად, ავეჯის მოპრიალება, სკამების საგულდაგულოდ დასუფთავება, ფარდების გარეცხვა და ნათურების შეცვლა. ქიმიკატები, რომლებსაც დალაგების დროს იყენებთ, ბავშვებისათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მათზე ადვილად შესამჩნევი წარწერები უნდა იყოს გაკეთებული, აგრეთვე უნდა ეწეროს მოკლე განმარტება, თუ როგორ ხდება მათი გამოყენება.
5. რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება და რა უნდა შემოწმდეს პერიოდულად? (იხილე ჩარჩო, გვ. 4).
5 უსაფრთხოების წესების დაცვა სამეფო დარბაზში უაღრესად მნიშვნელოვანია (რჯლ. 22:8). ამასთან დაკავშირებით, მე-4 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში მოყვანილია სია, თუ რა უნდა შემოწმდეს პერიოდულად, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები.
6. როგორ ეწევა ხელმძღვანელობა სამეფო დარბაზის მოვლას?
6 სამეფო დარბაზის მომსახურება და რემონტი. უხუცესთა საბჭოს პასუხისმგებლობაა, უხელმძღვანელოს სამეფო დარბაზის მოვლას. ამ საქმეზე საზრუნავად, ჩვეულებრივ, ინიშნება ერთი უხუცესი ან თანაშემწე. ის ორგანიზებას უწევს სამეფო დარბაზის შეუფერხებლად ფუნქციონირებას, ყურადღებას აქცევს, რომ დარბაზი სუფთა და კარგ მდგომარეობაში იყოს, აგრეთვე დარბაზში იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა. აუცილებელია, რომ სამეფო დარბაზში ან მის ტერიტორიაზე არ იყოს შექმნილი პოტენციური საშიშროება. მაშინ როდესაც ორი ან ორზე მეტი კრება ერთ სამეფო დარბაზს იყენებს, ამ კრებების უხუცესები აყალიბებენ საექსპლუატაციო კომიტეტს, რომლის პასუხისმგებლობაში შედის შენობისა და ტერიტორიის სათანადო მოვლასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ეს კომიტეტი უხუცესთა საბჭოების ხელმძღვანელობით მოქმედებს.
7. ა) რა კეთდება ყოველწლიურად იმისათვის, რომ სამეფო დარბაზი კარგ მდგომარეობაში იყოს შენარჩუნებული? ბ) პერიოდულად რა საჭიროებს ყურადღებას? (იხილე ჩარჩო, გვ. 5).
7 სამეფო დარბაზის საფუძვლიანი შემოწმება ხდება ყოველწლიურად. შემოწმების შემდეგ უხუცესები ორგანიზებას გაუწევენ, რომ გაკეთდეს ყველა საჭირო საქმე. შეიძლება მაუწყებლებს სთხოვონ დახმარება სარემონტო საქმეებში. ყველა სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს მცირე პრობლემასაც კი და მზად უნდა იყოს დავალებული საქმის მალევე შესასრულებლად.
8. რა პროცედურას უნდა მიჰყვნენ ძმები, თუ გადაწყვეტილი აქვთ ვინმეს დაქირავება?
8 კრების სახსრების გონივრული გამოყენება. სამეფო დარბაზში შიდა თუ გარე სამუშაოების უმეტესი ნაწილი მოხალისეების დახმარებით სრულდება. ასეთი თავდაუზოგავი მცდელობა მათი სიყვარულის გამოხატვა და დიდი დახმარებაა, რაც ხარჯებს ამცირებს. თუ საჭირო გახდება გარეშე მუშახელის მოწვევა, მაგალითად, ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, როგორიცაა მავნე მწერების განადგურება ან გათბობის სისტემის შეკეთება, ამ შემთხვევაში უხუცესები ეძებენ რაც შეიძლება ხელსაყრელ ვარიანტს. თავიდან მათ წერილობით, დეტალურად უნდა ჩამოწერონ შესასრულებელი სამუშაოები და საჭირო მასალა. შემდეგ ამ ინფორმაციას მისცემენ სხვადასხვა ფირმებსა თუ ხელოსნებს, რომ მათ ერთი და იმავე მონაცემების საფუძველზე შეაფასონ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება. რამდენიმე წერილობითი წინადადების მიღების შემდეგ უხუცესები შეარჩევენ საუკეთესო ვარიანტს. ამავე პროცედურას უნდა მიჰყვეთ იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ძმა განსაზღვრულ ფასად გთავაზობთ ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებას ან მასალის მოტანას.
9. რა კეთდება იმისათვის, რომ სათანადოდ იქნეს გამოყენებული კრების სახსრები?
9 უხუცესები აგრეთვე შეეცდებიან, მიიღონ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული ყველა შესაძლო შეღავათი. როდესაც სამეფო დარბაზს ერთზე მეტი კრება იყენებს, საექსპლუატაციო კომიტეტი აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას და უხუცესთა თითოეულ საბჭოს ყოველთვიურად გადასცემს წერილობით ანგარიშს ფულადი ხარჯების შესახებ. ასეთი სახით უხუცესები ინფორმირებული არიან, თუ როგორ გამოიყენება სახსრები. უხუცესები პასუხისმგებლები არიან, რომ კრების სახსრები სათანადოდ გამოიყენებოდეს.
10. რა უნდა გაკეთდეს, თუ საჭიროა კაპიტალური რემონტი ან რეკონსტრუქცია?
10 კაპიტალური რემონტი და რეკონსტრუქცია. როდესაც საექსპლუატაციო კომიტეტი ხედავს, რომ სამეფო დარბაზი საჭიროებს კაპიტალურ რემონტს ან სერიოზულ შეკეთებას, ისინი ამ საკითხს უხუცესთა საბჭოებს წარუდგენენ. თუ გადაწყდება, რომ უნდა გაკეთდეს კაპიტალური რემონტი ან რეკონსტრუქცია, ან საჭირო იქნება დახმარება სხვა კრებებიდან, უხუცესები დაუკავშირდებიან საზოგადოების ოფისს. გამოცდილი ძმები მათ სასარგებლო რჩევებს მისცემენ და სათანადო ხელმძღვანელობას გაუწევენ. თუ ხარჯები დიდია, აუცილებელი იქნება ზუსტი ღირებულების დადგენა და რეზოლუციის მომზადება, რომელიც მთელი კრების წინაშე იქნება გამოტანილი (იხ. 1994 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურება“, „შეკითხვების ყუთი“ [რუს.]).
11. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა იმ დიდი პატივისთვის, რომ შეხვედრებს ვესწრებით სამეფო დარბაზში.
11 ნამდვილად ძალიან ვაფასებთ, რომ სამეფო დარბაზში ერთად შეკრების შესაძლებლობა გვაქვს! ნურასოდეს დავუშვებთ იმას, რომ უგულებელვყოთ ჩვენი შეხვედრები ან არ დავაფასოთ ისინი. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილის შეტანა იმაში, რომ კვლავაც შეგვეძლოს ერთად შეკრება. ამისათვის მოდი, სრულად მივიღოთ მონაწილეობა სამეფო დარბაზის მოვლაში. ეს ხელს შეუწყობს წმინდა თაყვანისმცემლობას და პატივს მიაგებს იეჰოვას სახელს. ამიტომ, მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, მოვუაროთ თაყვანისმცემლობის ადგილს.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
შენობისა და ტერიტორიის მოვლა
◻ გარედან: კარგ მდგომარეობაშია სახურავი, კედლები, შეღებილი ზედაპირები, ფანჯრები და სამეფო დარბაზის წარწერა?
◻ ეზო: მოვლილია ეზო? კარგ მდგომარეობაშია ტროტუარები, ღობე და მანქანების სადგომი?
◻ ინტერიერი: კარგად გამოიყურება იატაკი, ფარდები, სკამები, ელექტროგანათების მოწყობილობა, კედლები, ლიტერატურის კარადები და გარდერობი?
◻ მოწყობილობა: კარგად მუშაობს განათების, ხმის გამაძლიერებელი, გათბობისა და სავენტილაციო სისტემები?
◻ საპირფარეშოები: სუფთაა და მასში ყველაფერი მუშაობს?
◻ კრების დოკუმენტები: თავის დროზე და სწორად ფორმდება ყველა საჭირო იურიდიული, საგადასახადო თუ სხვა აუცილებელი დოკუმენტი და ანგარიში?
[ჩარჩო 4 გვერდზე]
უსაფრთხოების ზომები
◻ ცეცხლსაქრობები ადვილად შესამჩნევ ადგილებზე უნდა იყოს და რეგულარულად მოწმდებოდეს ადგილობრივი კანონების მიხედვით.
◻ გასასვლელებსა და კიბეებზე მაჩვენებლები უნდა იყოს, ისინი კარგად უნდა იყოს განათებული და არ იყოს ჩახერგილი. მოაჯირები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული.
◻ საწყობი ოთახები, საპირფარეშოები და გარდერობი სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს. მათში არ უნდა ინახებოდეს ადვილაალებადი ნივთიერებები, პირადი ნივთები და ნაგავი.
◻ სახურავი და წვიმის წყლის სადინარები რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს და მოწმდებოდეს.
◻ ტროტუარები და ავტომობილების სადგომი განათებული უნდა იყოს. ყურადღება უნდა ექცეოდეს, თუ რა მდგომარეობაშია ისინი, რომ არავის გაუცურდეს ფეხი ან არავინ დავარდეს.
◻ ელექტროგაყვანილობა, გათბობისა და სავენტილაციო სისტემები უნდა მოწმდებოდეს და უტარდებოდეს ტექმომსახურება.
◻ სასწრაფოდ შეაკეთეთ ის ადგილები, საიდანაც წყალი ჟონავს, რათა აიცილოთ სინესტისგან გამოწვეული სერიოზული პრობლემები.
◻ შენობა გასაღებით უნდა იკეტებოდეს, როცა იქ არავინ ცხოვრობს.