შეიმოსეთ თავმდაბლობით
1 ახალგაზრდა მწყემსმა იეჰოვაზე მინდობით ძლიერი მეომარი დაამარცხა (1 მეფ. 17:45—47). მდიდარმა კაცმა მოთმინებით აიტანა უბედურება (იობ. 1:20—22; 2:9, 10). ღვთის ძემ თქვა, რომ მამის სახელით ასწავლიდა და ამით მთელი დიდება მას მიაგო (იოან. 7:15—18; 8:28). თითოეულ შემთხვევაში მთავარ როლს თავმდაბლობა თამაშობდა. მსგავსად ამისა, თავმდაბლობა დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში (კოლ. 3:12).
2 ქადაგებისას. როგორც ქრისტიანი მსახურები, თავმდაბლურად ვამცნობთ სასიხარულო ცნობას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ეროვნების, რასის, კულტურისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად (1 კორ. 9:22, 23). ზოგიერთი უხეშად ან ქედმაღლურად უარყოფს სამეფოს შესახებ ცნობას. ჩვენ მათ არ ვპასუხობთ იმავეთი, არამედ მოთმინებით განვაგრძობთ ღირსეულების ძებნას (მათ. 10:11, 14). ჩვენ არ ვცდილობთ შთაბეჭდილება მოვახდინოთ სხვებზე ცოდნით ან განათლებით. ნაცვლად ამისა, ყურადღებას უშუალოდ ღვთის სიტყვაზე ვუმახვილებთ, რადგან გვესმის, რომ უფრო დამარწმუნებლია მისი სიტყვა, ვიდრე ჩვენი (1 კორ. 2:1—5; ებრ. 4:12). იესოს მიბაძვით ჩვენც მთელ დიდებას იეჰოვას მივაგებთ (მარ. 10:17, 18).
3 კრებაში. ქრისტიანებმა ‘ურთიერთმორჩილებით უნდა შეიმოსონ სიმდაბლე’ (1 პეტ. 5:5 სსგ). თუ სხვებს საკუთარ თავზე მაღლა ვაყენებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ მოვემსახუროთ ძმებს და არ დაველოდებით იმას, თუ როდის მოგვემსახურებიან ჩვენ (იოან. 13:12—17; ფილ. 2:3, 4). მაგალითად, არ ვიფიქრებთ, რომ არ გვეკადრება სამეფო დარბაზის დალაგება.
4 თავმდაბლობა გვეხმარება, ‘სიყვარულით შევიწყნაროთ ერთმანეთი’ და ასეთი სახით კრებაში სიმშვიდესა და ერთიანობას შევუწყოთ ხელი (ეფეს. 4:1—3). ის იმასაც გვიადვილებს, რომ დავემორჩილოთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:17). თავმდაბლობა ასევე რჩევებისა და გაკიცხვის მიღებაში გვეხმარება (ფსალმ. 140:5). თავმდაბლობა აღგვძრავს მივენდოთ იეჰოვას, როდესაც რაიმე დავალებას ვასრულებთ კრებაში (1 პეტ. 4:11). დავითის მსგავსად, ვიცით, რომ ჩვენი წარმატება ადამიანურ უნარზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ღვთის მხარდაჭერაზე (1 მეფ. 17:37).
5 ღვთის წინაშე. უმთავრესი კი ის არის, რომ ‘დავმდაბლდეთ ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ’ (1 პეტ. 5:6). თუ მძიმე ვითარებაში ვხვდებით, შეიძლება ვნატრობთ შვებას, რომელსაც ღვთის სამეფო მოგვიტანს. მაგრამ თავმდაბლურად ვავლენთ მოთმინებას და ველოდებით იეჰოვას, რომ მან დანიშნულ დროს შეასრულოს თავისი განზრახვები (იაკ. 5:7—11). ერთგული იობის მსგავსად, ჩვენც ყველაზე მეტად ის გვსურს, რომ „კურთხეულ იყოს უფლის სახელი“ (იობ. 1:21).
6 წინასწარმეტყველი დანიელი თავმდაბლად დაემორჩილა ღმერთს, ამიტომაც კურთხეული იყო იეჰოვას კეთილგანწყობილებით და შესაძლებლობა მიეცა, მისთვის მრავალმხრივ ემსახურა (დან. 10:11, 12). დაე, მსგავსადვე შევიმოსოთ თავმდაბლობით, ვინაიდან ვიცით, რომ „თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა“ (იგავ. 22:4, სსგ).