„ემსახურეთ უფალს სიხარულით“
1. რა შეიძლება იყოს დიდი სიხარულის წყარო იეჰოვას მსახურთათვის?
1 „გიხაროდეთ მარადის უფალში — წერდა პავლე მოციქული, — კვლავ ვიტყვი: გიხაროდეთ“ (ფილ. 4:4). სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებას და ცხვრისმაგვარი ადამიანებისთვის იეჰოვას თაყვანისმცემლებად გახდომაში დახმარებას დიდი სიხარული მოაქვს (ლუკ. 10:17; საქ. 15:3; 1 თეს. 2:19). მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ მსახურებაში სიხარულს ვკარგავთ? რის გაკეთება შეგვიძლია ამ შემთხვევაში?
2. როგორ დაგვეხმარება იმაზე ყურადღების გამახვილება, თუ ვინ დაგვავალა ქადაგება?
2 ღვთის მიერ დავალებული საქმე. გახსოვდეს, რომ სამქადაგებლო საქმიანობა იეჰოვა ღმერთმა დაგვავალა. დიახ, უდიდესი პატივია, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ სასიხარულო ცნობის გაცხადებასა და მოწაფეების მომზადებაში (1 კორ. 3:9). იესო ქრისტე ჩვენთანაა ამ საქმიანობაში, რომელიც აღარასოდეს გამეორდება (მათ. 28:18—20). ამ საქმეში ანგელოზებიც აქტიურად მონაწილეობენ და ჩვენთან თანამშრომლობენ დიდებულ სულიერ მკაში (საქ. 8:26; გამოცხ. 14:6). ბიბლია, ასევე შემთხვევები, რომლებიც ღვთის ხალხს გადახდა ისტორიის განმავლობაში, ცხადყოფს, რომ ამ საქმიანობას იეჰოვა უჭერს მხარს. როდესაც ვქადაგებთ, ჩვენ „ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტესთან ერთად“ (2 კორ. 2:17, აქ). სიხარულის რამდენად დიდი მიზეზია!
3. რა როლს ასრულებს ლოცვა მსახურებაში სიხარულის შესანარჩუნებლად?
3 ღვთის მსახურებაში სიხარულის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ლოცვა (გალ. 5:22). რადგანაც ღვთის საქმის შესრულება მხოლოდ მისი ძალით არის შესაძლებელი, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ სულიწმიდა. სულიწმიდას ის უხვად აძლევს ყველას, ვინც თხოვნით მიმართავს (ლუკ. 11:13; 2 კორ. 4:1, 7; ეფეს. 6:18—20). ლოცვა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ სწორი თვალსაზრისი, როდესაც შევხვდებით უარყოფით რეაქციას. სულიწმიდა მოგვცემს იმის ძალას, რომ ქადაგება გაბედულად და სიხარულით გავაგრძელოთ (საქ. 4:29—31; 5:40—42; 13:50—52).
4. როგორ უწყობს ხელს კარგი მომზადება მსახურებაში სიხარულის შენარჩუნებას და როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ?
4 კარგი მომზადება. ერთ-ერთი პრაქტიკული გზა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს სიხარულს სამქადაგებლო მსახურებაში, არის კარგი მომზადება (1 პეტ. 3:15). ამისათვის არც ისე ბევრი დროა საჭირო. მიმდინარე ჟურნალების ან სხვა ლიტერატურის გასავრცელებლად საჭირო შეთავაზებების გადახედვას რამდენიმე წუთი სჭირდება. შესაბამისი შეთავაზება შეგიძლია შეარჩიო ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ ან „ჩვენი სამეფო მსახურების“ ძველი ნომრებიდან. ზოგიერთი მაუწყებლისთვის დამხმარე აღმოჩნდა მოკლე შეთავაზების დაწერა პატარა ფურცელზე. მსახურების დროს ისინი დროდადრო იხედებიან ამ ფურცელზე შეთავაზების შესახსენებლად. ეს მათ ნერვიულობის დაძლევაში ეხმარება და გაბედულად ქადაგებისთვის დაჯერებულობას ჰმატებს.
5. რით არის სასარგებლო სიხარული პირადად ჩვენთვის და სხვებისთვის?
5 სიხარულს მრავალი კურთხევა სდევს თან. სიხარულით აღსავსე ჩვენს განწყობას შეუძლია უფრო მიმზიდველი გახადოს ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ. სიხარული აგრეთვე მოთმინებაში გვეხმარება (ნეემ. 8:10; ებრ. 12:2). ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სიხარულით მსახურება განადიდებს იეჰოვას. ამიტომ, მოდი ‘ვემსახუროთ უფალს სიხარულით’ (ფსალ. 99:2).