უფრო მეტი სიხარულით ვიქადაგოთ
1 გიგრძვნია მსახურებაში სიხარული, რაც ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებას მოაქვს? თუ არ ვიფრთხილებთ, ბოროტმა წუთისოფელმა შეიძლება გაუბედავები გაგვხადოს და სიხარული დაგვაკარგინოს. იმ უბნებზე ქადაგებამ, სადაც ხალხი არც ისე დიდი ინტერესით გვეხმაურება, შეიძლება გული აგვიცრუოს. რა პრაქტიკული ზომები შეგვიძლია მივიღოთ, რომ უფრო მეტი სიხარულით ვიქადაგოთ?
2 დადებითი განწყობილება შევინარჩუნოთ. დადებითი განწყობილების შენარჩუნება დიდ დახმარებას გაგვიწევს. ნუ დავივიწყებთ, რომ დიდი პატივი გვხვდა წილად, „ღვთის თანამშრომლებად“ ვიწოდებოდეთ (1 კორ. 3:9). იესოც მხარს გვიჭერს ღმერთთან თანამშრომლობაში (მათ. 28:20). ის ანგელოზთა ლაშქრით გვიმაგრებს ზურგს (მათ. 13:41, 49). ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს საქმიანობას ღმერთი წარმართავს (გამოცხ. 14:6, 7). იმისდა მიუხედავად, თუ როგორ რეაგირებს ზოგიერთი ჩვენს საქმიანობაზე, ზეციდან აქტიურად გვეხმარებიან!
3 კარგად მოვემზადოთ. კარგი მომზადებაც ხელს გვიწყობს სიხარულში. მსახურებისთვის მოსამზადებლად ბევრი არაფერი მოითხოვება. მიმდინარე ჟურნალებიდან ან იმ თვეში გასავრცელებელი ლიტერატურიდან მნიშვნელოვანი პუნქტების განხილვას რამდენიმე წუთი სჭირდება. შეარჩიე შეთავაზება „ჩვენი სამეფო მსახურების“ რუბრიკიდან „როგორ შევთავაზოთ ჟურნალები“. გადახედე 2002 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართს „შეთავაზებები სამქადაგებლო მსახურებისთვის“ ან ეფექტური შესავლისთვის ბროშურას „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“. თუ ვერ პასუხობ საწინააღმდეგო აზრს, რომელსაც ჩვეულებრივ მობინადრეები წამოჭრიან ხოლმე, მოამზადე ისეთი პასუხი, რომლითაც მის კითხვასაც შეეხები და ამავდროულად ყურადღებას საინტერესო თემაზე გადაიტან. ამაში დიდ დახმარებას გაგიწევს ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“. ამ დამხმარე საშუალებების გამოყენება სიხარულით ქადაგებისთვის მეტად საჭირო გამბედაობას შეგვმატებს.
4 ვილოცოთ გამუდმებით. სიხარულის შესანარჩუნებლად ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენ იეჰოვას საქმეს ვასრულებთ, მას უნდა ვევედროთ, რომ სულიწმიდა მოგვცეს, რომლის ერთ-ერთი ნაყოფიც სიხარულია (გალ. 5:22). იეჰოვა იმის ძალას მოგვცემს, რომ განვაგრძოთ მსახურება (ფილ. 4:13). თუ ვილოცებთ, რომ მსახურებაში ხელი მოგვემართოს, არასასიამოვნო შემთხვევების დროსაც კი შევინარჩუნებთ სწორ აზროვნებას (საქ. 13:52; 1 პეტ. 4:13, 14). თუ ცოტა არ იყოს, ვუფრთხით მსახურებას, ლოცვა დაგვეხმარება სიმტკიცისა და მხნეობის შენარჩუნებაში (საქ. 4:31).
5 გამოიყენე ყველა შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მსახურება უფრო მეტ სიხარულს გვანიჭებს, როდესაც ვპოულობთ ხალხს და ვესაუბრებით. თუ ისე შეცვლი გეგმებს, რომ კარდაკარ დღის სხვადასხვა მონაკვეთში იმსახურო, მაგალითად, ნაშუადღევს ან საღამოთი, შეიძლება მეტ წარმატებას მიაღწიო. ჩვენ ყოველთვის ვხვდებით ადამიანებს, როცა ქუჩაში ან საყიდლებზე მივდივართ, ავტობუსით ვმგზავრობთ ან პარკში ვსეირნობთ. კარგი იქნებოდა თუ მოვამზადებდით მოკლე შეთავაზებას და გამოვესაუბრებოდით მათ, ვინც კეთილგანწყობილი გვეჩვენება. შესაძლოა, სამსახურში ან სკოლაში დადიხარ, სადაც ყოველდღიურად გიწევს სხვებთან საუბარი. შეიძლება ისეთი მომენტი ჩაგივარდეს ხელში, რომ წამოჭრა ინტერესის აღმძვრელი რომელიმე ბიბლიური საკითხი. საინტერესო შეთავაზებები 2002 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ პირველ გვერდზეა მოყვანილი. ზემოთ მოცემული ნებისმიერი რჩევის გამოყენება ქადაგებისას სიხარულს შეგმატებს.
6 რადგან სიხარული მოთმინებაში გვეხმარება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. თუ ასე მოვიქცევით, დიდ ჯილდოს მივიღებთ, როდესაც ეს განუმეორებელი საქმიანობა დასრულდება. ეს იმედი გვეხმარება, რომ უფრო მეტი სიხარულით ვიქადაგოთ (მათ. 25:21).