დაუკვირდი, როგორ იყენებ დროს
1. რა სირთულის წინაშე დგანან ყოველდღიურად ადამიანები?
1 დღეს, როდესაც ბევრი საშუალება არსებობს დროის დასაზოგად, მრავალი ხედავს, რომ ბევრი რამ მაინც გაუკეთებელი რჩება და დროც ნაკლებად აქვთ. გიჭირს კარგი სულიერი განრიგის შენარჩუნება? გსურს, რომ უფრო მეტი დრო დაგრჩეს მსახურებისათვის? როგორ შეგიძლია დროის საუკეთესოდ გამოყენება? (ფსალმ. 89:12; ფილ. 1:9—11).
2, 3. რა სირთულეებს გვიქმნის საინფორმაციო ტექნოლოგია და როგორ შეგვიძლია პირადი მდგომარეობის გადამოწმება?
2 დაუკვირდი, რა გართმევს დროს. თითოეულმა დროდადრო უნდა გადავხედოთ, თუ როგორ ვიყენებთ დროს. ბიბლია მოგვიწოდებს: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია“ (ეფეს. 5:15, 16). ხანდახან პრობლემის სათავე საინფორმაციო ტექნოლოგიაა. თუმცა კომპიუტერები თუ სხვა ელექტრონული ტექნიკა ხშირად სასარგებლოა, ისინი შეიძლება მახედ გვექცეს, თუ არ გავუფრთხილდებით დროს (1 კორ. 7:29, 31).
3 თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ ვხარჯავ დროს ყოველდღე იმაზე, რომ ვკითხულობ ან ვპასუხობ ელექტრონული ფოსტით მოსულ შეტყობინებებს, რომლებიც, სხვა თუ არაფერს ვიტყვით, თავის მომაბეზრებელია? ბევრ დროს მართმევს ტელეფონით საუბრები ან ტექსტური შეტყობინებები უმნიშვნელო საკითხებზე? (1 ტიმ. 5:13). ხომ არ მიაქვს ჩემი დრო ინტერნეტის ვებ-გვერდების უმიზნოდ თვალიერებას ან ტელევიზორის არხიდან არხზე გადართვას? ხომ არ მერღვევა ბიბლიის პირადი შესწავლის გეგმა ელექტრონული თამაშების გამო? დროის ასეთი ფუჭი ხარჯვა შეუმჩნევლად გვპარავს სულიერობისთვის საჭირო დროს (იგავ. 12:11).
4. რა ცვლილებები მოახდინა ერთმა ახალგაზრდამ და რატომ?
4 ბრძნულად გამოიყენე დრო. ელექტრონულ ტექნიკას შეუძლია წაგვართვას ძვირფასი დრო და ყურადღება. ახალგაზრდა, რომელიც ძალიან იყო გატაცებული კომპიუტერული თამაშებით, აღიარებს: „ხანდახან, როდესაც მსახურების ან კრების წინ ვთამაშობდი, მიჭირდა ყურადღების კონცენტრირება. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეთამაშა უკეთესად, როდესაც სახლში დავბრუნდებოდი. პირადი შესწავლა და ბიბლიის კითხვა ზარალობდა ამის გამო. ღვთისადმი მსახურებაში სიხარული გამინელდა“. ის მიხვდა, რომ საჭიროებდა ცვლილებებს და ყველა თამაში წაშალა. „ეს ძალიან რთული იყო, — იხსენებს ის. — უფრო მეტად ვყოფილვარ დამოკიდებული თამაშებზე, ვიდრე მეგონა. მაგრამ მიხარია, რომ გავიმარჯვე; ეს ხომ ჩემთვის არის სასარგებლო?!“ (მათ. 5:29, 30).
5. როგორ შეგვიძლია გამოვისყიდოთ დრო სულიერი საქმეებისთვის და რით იქნება სასარგებლო ასე მოქმედება?
5 შეიძლება ჩვენს შემთხვევაშიც ღირდეს ასეთი ზომების მიღება, თუ რომელიმე მხარეში ცვლილებებს ვსაჭიროებთ. შეგიძლია ყოველდღიურად ნახევარი საათი გამოისყიდო უმნიშვნელო საქმეებისგან? ასეთი სახით წლის განმავლობაში ბიბლიის მთლიანად წაკითხვას შეძლებ. ეს სულიერობისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა! (ფსალმ. 18:8—12; 118:97—100). დაადგინე კონკრეტული დრო, როდის წაიკითხავ ბიბლიას და როდის მოემზადები კრების შეხვედრებისა და მსახურებისთვის (1 კორ. 15:58). ეს დაგეხმარება დროის გაკონტროლებაში და იმის კეთებაში, რაც „არის ღვთის ნება“ (ეფეს. 5:17).