ჩვენ მოვალენი ვართ სხვების წინაშე
1 მოციქული პავლე მოვალედ თვლიდა თავს, სხვებისთვის ექადაგა. მან იცოდა, რომ იეჰოვამ ყველა ადამიანს მისცა თავისი ძის ძვირფასი სისხლის საფუძველზე გადარჩენის შესაძლებლობა (1 ტიმ. 2:3—6). ამიტომ პავლემ თქვა: „ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ“. ის გულმოდგინედ და დაუღალავად შრომობდა, რათა ვალი მოეხადა — სხვებისთვის სასიხარულო ცნობა ექადაგა (რომ. 1:14, 15).
2 დღეს ქრისტიანები, პავლეს მსგავსად, ყველა შესაძლებლობას მიმართავენ, რომ ხალხს სასიხარულო ცნობა გაუზიარონ. ვინაიდან „დიდი ჭირი“ კარზეა მომდგარი, გულწრფელი ადამიანების მოძებნა გადაუდებელი საქმეა. სხვებისადმი გულწრფელი სიყვარული აღგვძრავს, გულმოდგინედ მოვეკიდოთ სიცოცხლის გადამრჩენ საქმეს (მათე 24:21; ეზეკ. 33:8).
3 ჩვენ მოვალენი ვართ. სასიხარულო ცნობის გაზიარების ძირითადი საშუალება კარდაკარ ქადაგებაა. როდესაც სახლში არ გვხვდებიან, საჭიროა ზუსტი ჩანაწერების გაკეთება და დღის სხვა მონაკვეთში მისვლა; ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავუკავშირდეთ (1 კორ. 10:33). აგრეთვე, შეგვიძლია ვესაუბროთ ხალხს საქმიან ტერიტორიებზე, ქუჩებში, პარკებში, ავტოსადგომებზე და ტელეფონის საშუალებით. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვიყენებ ქადაგების ყველა საშუალებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობის გასაზიარებლად?“ (მათ. 10:11).
4 ერთი პიონერი და თავს მოვალედ თვლიდა, ყველასთვის ექადაგა თავის ტერიტორიაზე. ერთ სახლში ფარდები ყოველთვის ჩამოფარებული იყო და შინ არავინ ხვდებოდა. ერთ დღეს, როდესაც პირად საქმეებზე იყო გასული, დაინახა, რომ იმ სახლის წინ მანქანა იდგა. მან ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა და კარზე ზარი დარეკა. კარი მამაკაცმა გააღო. მათი საუბრის შემდეგ დამ და მისმა მეუღლემ არაერთი განმეორებითი მონახულება გააკეთეს. საბოლოოდ, მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოინათლა. ის მადლიერია, რომ ამ დამ თავი მოვალედ ჩათვალა, სხვებისთვის ექადაგა.
5 დღეს, როცა კარზეა მომდგარი წუთისოფლის აღსასრული, დიდი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ ადამიანებისადმი ვალის გადახდას — სამქადაგებლო საქმეს (2 კორ. 6:1, 2).