როცა სახლში არ გვხვდებიან
1. რა სირთულეს ვხვდებით კარდაკარ მსახურების დროს?
1 მრავალ ადგილას ადამიანების სახლში ნახვა სულ უფრო რთული ხდება. ამ „ძნელად ასატან დროში“ ბევრს ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე უწევს მუშაობა (2 ტიმ. 3:1). ზოგი სახლში იმიტომ არ გვხვდება, რომ საყიდლებზე ან გასართობად არის წასული. როგორ გადავცეთ სასიხარულო ცნობა ასეთ ადამიანებს?
2. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველანაირად ვეცადოთ მათ ნახვას, ვინც სახლში არ დაგვხვდა?
2 გააკეთე კარგი ჩანაწერები: უპირველესად ჩაიწერე, ვინ არ დაგხვდა სახლში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ხშირად დადიხარ უბანზე. ზოგ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ ცალკე გააკეთებ ჩანაწერებს მათ შესახებ, ვინც სახლში არ გხვდებოდა, რათა შემდგომ გადასცე ის სხვა მაუწყებელს, რომელიც უფრო შესაფერის დროს მივა უბანზე. მიუთითე ქუჩის და უბნის ნომერი, ასევე სახელი, გვარი და თარიღი. შეგიძლია თავისუფალი ადგილი დატოვო, რადგან როცა კვლავ მიხვალ მობინადრის სანახავად (ან როცა სხვა მაუწყებელი მივა), შეძლო დამატებითი ინფორმაციის ჩაწერა. როცა უბანს დაამუშავებ, არ დაგავიწყდეს, ბარათთან ერთად ჩანაწერები მისცე უბნებზე პასუხისმგებელ ძმას, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ უნდა მიაკითხო თუ არა მათ, ვინც სახლში არ გხვდებოდა. ცალკე ფურცელი გამოიყენე იმ ადამიანების მონაცემების ჩასაწერად, რომლებმაც ინტერესი გამოავლინეს.
3. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, როცა მობინადრე სახლში არ გვხვდება?
3 მიაკითხე სხვადასხვა დროს: ისინი, ვინც სამუშაო დღეებში სახლში არ გხვდებიან, შეიძლება საღამოობით ან შაბათ-კვირას ნახო. შეგიძლია ისე დაგეგმო დრო, რომ მათთვის ხელსაყრელ დროს მიაკითხო? (1 კორ. 10:24). თუ არ შეგიძლია, მაშინ ჩანაწერები იმ ადამიანებზე, რომლებიც სახლში არ დაგხვდნენ, გადაეცი მაუწყებელს, რომელიც სხვადასხვა დროს მიაკითხავს მათ. აგრეთვე, შეგიძლია მობინადრეს წერილი დაუტოვო ან ტელეფონით დაუკავშირდე. ის და-ძმები, რომლებიც ცუდი ჯანმრთელობის გამო კარდაკარ ვერ მსახურობენ, სიხარულით იმსახურებენ შენთან ერთად ტელეფონით.
4. როგორ ცხადყოფს ერთი შემთხვევა, რომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომლებიც სახლში არ გვხვდებიან?
4 ქვემოთ მოცემული შემთხვევიდან დავინახავთ, რატომ უნდა ვეცადოთ მათთან დაკავშირებას, ვინც სახლში არ გვხვდება. მაუწყებლები სამი წლის განმავლობაში აკითხავდნენ მობინადრეს, რომელიც სახლში არ ხვდებოდათ. ბოლოს კი, როგორც იქნა დაუკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი იმ სახლში გადასვლამდე იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ ის ყოველთვის ელოდა მოწმეებს, რათა ბიბლიის შესწავლა განეახლებინა.
5. როდის ითვლება უბანი დამუშავებულად?
5 სრულად დაამუშავე უბანი: როდის შეიძლება ჩაითვალოს უბანი დამუშავებულად? ჩვეულებრივ, უბანი დამუშავებულად ითვლება მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ მობინადრეებს დაკავშირებოდი. მათ, ვინც სახლში არ გხვდება, შეგიძლია ტრაქტატი ან ჟურნალის ძველი ნომერი დაუტოვო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კრებას დიდი ტერიტორია აქვს და უბანი იშვიათად მუშავდება. პუბლიკაცია ისე დატოვე, რომ გამვლელებმა ვერ შეამჩნიონ. უბანი ოთხ თვეში უნდა დამუშავდეს. როცა უბანს დაამუშავებ, დროულად შეატყობინე უბნებზე პასუხისმგებელ ძმას, რათა მან თავის ჩანაწერებში შეიტანოს ეს ინფორმაცია.
6. რატომ უნდა ვეცადოთ, ჩვენს უბანზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა?
6 გვსურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოუხმოს იეჰოვას სახელს და გადარჩეს (რომ. 10:13, 14). ეს ეხება მათაც, ვინც კარდაკარ მსახურების დროს სახლში არ გვხვდება. პავლე მოციქულის მსგავსად შენც უნდა გსურდეს ‘საფუძვლიანად დაამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ’ (საქ. 20:24).