რა დგას შენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე?
1 როგორ უპასუხებ ამ კითხვას? ცხადია, თითოეულს გვსურს, რომ სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დავაყენოთ (მათ. 6:33). მაგრამ დაფიქრდი: „ცხადყოფს შენ მიერ გაკეთებული არჩევანი ამას?“ ბიბლია მოგვიწოდებს: „გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5). როგორ შეგვიძლია გამოვცადოთ საკუთარი თავი და დავრწმუნდეთ, რომ სამეფოს პირველ ადგილზე ვაყენებთ?
2 დრო: დავფიქრდეთ, რაში ვხარჯავთ დროს (ეფეს. 5:15, 16). რამდენ დროს ვუთმობთ ყოველკვირა სხვებთან ურთიერთობას, ტელევიზორის ყურებას, ინტერნეტს ან საყვარელ საქმეს? თუ ჩამოვწერთ, რამდენი დრო გვეხარჯება ამ ყველაფერში და შევადარებთ იმას, თუ რამდენ დროს ვუთმობთ სულიერ საქმეებს, შეიძლება გაოცებულები დავრჩეთ. წმინდა მსახურების ხარჯზე დიდ დროს ხომ არ ვუთმობთ სამუშაოს, რათა მატერიალურ კეთილდღეობას მივაღწიოთ? ხშირად ვაცდენთ შაბათ-კვირას კრებებსა და სამქადაგებლო მსახურებას იმის გამო, რომ სადმე გავდივართ დასასვენებლად?
3 დაადგინე პრიორიტეტები: უმეტესობა ჩვენგანს არასდროს გვყოფნის დრო ყველაფრის გასაკეთებლად. ამიტომ სამეფოს საქმის პირველ ადგილზე დასაყენებლად, საჭიროა განვსაზღვროთ, რას ვანიჭებთ უპირატესობას და შემდეგ დრო დავუთმოთ იმას, რაც „უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:10). ეს არის ღვთის სიტყვის შესწავლა, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა, ოჯახზე ზრუნვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება (ფსალმ. 1:1, 2; რომ. 10:13, 14; 1 ტიმ. 5:8; ებრ. 10:24, 25). თუმცა ზომიერად ვარჯიში და დასვენება სასარგებლოა (მარ. 6:31; 1 ტიმ. 4:8). მაგრამ ისინი პირველ ადგილზე არ უნდა დავაყენოთ.
4 ერთმა ახალგაზრდა ძმამ გადაწყვიტა, სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დაეყენებინა და სრული დროით მსახურება დაეწყო ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მიეღო და კარიერა შეექმნა. მან შეისწავლა უცხო ენა და გადავიდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მეტი საჭიროება იყო. ის ამბობს: „აქ ყოფნა ძალიან მომწონს. მსახურება დიდ კმაყოფილებას მანიჭებს. მინდა, რომ ყველა ახალგაზრდამ განიცადოს ის, რასაც მე ვგრძნობ. არაფერი შეედრება იმ ბედნიერებას, რაც მთელი სულითა და გულით იეჰოვასადმი მსახურებას მოაქვს“. მართლაც, სამეფოს საქმის პირველ ადგილზე დაყენებას კურთხევები მოაქვს და რაც მთავარია, ეს ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, სიამოვნებს (ებრ. 6:10).