გონივრულად გამოიყენე დრო
1 იეჰოვას მოსაწონად მოქმედების სურვილი აღგვძრავს იმისკენ, რომ სულიერ საკითხებს ცხოვრებაში მთავარი ადგილი დავუთმოთ. მისი სიტყვა მიგვითითებს, რომ ‘უპირველესად სამეფო ვეძებოთ’ და ‘შევამოწმოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (მათ. 6:33; ფილ. 1:10). როგორ შეგვიძლია გამოვისყიდოთ დრო სამეფოს ინტერესებისთვის და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები უკანა პლანზე გადავიტანოთ? (ეფეს. 5:15—17).
2 უპირველესად სამეფოს საქმე: დრო ისე დაგეგმე, რომ წვრილმანებზე არ დაკარგო. ზოგი ყოველი თვის დასაწყისში კალენდარში უპირველესად სამქადაგებლო მსახურებისთვის განკუთვნილ დროს აღნიშნავს. შემდეგ კი ცდილობენ, რომ სხვა საქმეების გამო ხელი არ შეეშალოთ გეგმის განხორციელებაში. მსგავსად შეიძლება დროის გამოსყიდვა შეხვედრებისთვის, პირადი შესწავლისა და კონგრესებისთვის. ბევრს აქვს დღის განრიგი, რომელიც იწყება ან მთავრდება ბიბლიის კითხვით. თითოეულ მნიშვნელოვან საქმეს ცალკე დრო გამოუყავი და სხვა რამეს ნუ მისცემ საშუალებას, ხელი შეგიშალოს (ეკლ. 3:1; 1 კორ. 14:40).
3 ნაკლებად ისარგებლე ქვეყნიერებით: ზოგ ქვეყანაში გართობა-დასვენება და სპორტით ან სხვა საყვარელი საქმით დაკავება ძალიან გავრცელებულია. ბევრი უზომოდ დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. მაგრამ მეორეხარისხოვან საქმეებში ჩაფლობა და ტექნიკის სიახლეები, რომელსაც ეს ქვეყნიერება გვთავაზობს, ადამიანს იმედგაცრუებამდე მიიყვანს (1 იოან. 2:15—17). ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს, სრულად არ ვისარგებლოთ ქვეყნიერებით (1 კორ. 7:31). ამ ბრძნული რჩევის გათვალისწინებით იეჰოვას აჩვენებ, რომ მის თაყვანისცემას შენს ცხოვრებაში პირველი ადგილი უკავია (მათ. 6:19—21).
4 ამ სისტემისთვის დარჩენილი დრო იწურება. ისინი, რომლებიც სამეფოს ინტერესებს მთავარ ადგილს უთმობენ, ბედნიერნი იქნებიან და ღვთის კეთილგანწყობას დაიმსახურებენ (იგავ. 8:32—35; იაკ. 1:25). ამიტომ გონივრულად გამოვიყენოთ დრო — ჩვენს განკარგულებაში არსებული ეს ძვირფასი „რესურსი“.