დაეხმარე სხვებს, გახდნენ ღვთის მეგობრები
1 დღეს ადამიანები ყველა ერიდან სწავლობენ იეჰოვას გზებს (ეს. 2:2, 3). მოთმინებით რომ გამოიღონ ნაყოფი, მათ უნდა უყვარდეთ იეჰოვა (ლუკ. 8:15; მარ. 12:30). ამ სიყვარულის გარეშე ისინი ვერ შეეწინააღმდეგებიან ცუდ გავლენას ან გამბედაობა არ ეყოფათ იმის გასაკეთებლად, რაც სწორია. ერთ-ერთი საშუალება, რითაც დავეხმარებით სხვებს, იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა განივითარონ, მისი თვისებებისადმი მადლიერების გაღრმავებაა. აღძარი ისინი, რომ გულდასმით გამოიკვლიონ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“.
2 პირადი მაგალითი: შენმა მოქმედებამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ბიბლიის შემსწავლელებზე. ისინი აღიძვრებიან, ახლო ურთიერთობა განავითარონ იეჰოვასთან, როცა დაინახავენ, რომ აფასებ მასთან მეგობრულ ურთიერთობას და რომ ეს გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე (ლუკ. 6:40). ხშირად სიტყვებზე მეტად სხვებზე ჩვენი საქციელი მოქმედებს.
3 მშობლები, ძირითადად, საკუთარი მაგალითით ასწავლიან შვილებს იეჰოვას სიყვარულს (კან. 6:4—9). ერთ ცოლ-ქმარს სურდა, შვილები ჭეშმარიტებაში აღეზარდა, ამიტომ რჩევისთვის გამოცდილ მშობლებს მიმართეს. ქმარი ამბობს: „ყველა იმას მეუბნებოდა, რომ მშობლების კარგი მაგალითი მნიშვნელოვანია“. მშობლებს შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებით აჩვენონ, თუ რას ნიშნავს, იყო „იეჰოვას მეგობარი“ (იაკ. 2:23).
4 გულწრფელი ლოცვა: იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად სხვებს იმითაც დაეხმარები, თუ გულწრფელ ლოცვას ასწავლი. შეგიძლია მათ იესოს ლოცვის ნიმუში აჩვენო ბიბლიაში ჩაწერილ მრავალ გულწრფელ ლოცვასთან ერთად (მათ. 6:9, 10). შვილები და ბიბლიის შემსწავლელები შენი ლოცვებიდან ისწავლიან, თავად როგორ ილოცონ. შენს გულწრფელ სიტყვებს როცა მოისმენენ, ისინი დაინახავენ, თუ რას გრძნობ იეჰოვას მიმართ. აღძარი ისინი, განსაცდელების დროს „გამუდმებით ილოცონ“ (რომ. 12:12). ამ დროს ისინი იგრძნობენ იეჰოვას მხარდაჭერას, ისწავლიან მასზე მინდობას და შეიყვარებენ მას, როგორც ნამდვილ მეგობარს (ფსალმ. 34:8; ფილ. 4:6, 7).