გაბედული, მაგრამ მშვიდობისმყოფელი
1 ბევრ ადამიანს, ვისთანაც ვქადაგებთ, გულწრფელად სწამს ღმერთის, თუმცა მათი რწმენა ეწინააღმდეგება ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მართალია გაბედულად უნდა ვიქადაგოთ, მაგრამ საჭიროა ‘მშვიდობიანები ვიყოთ ყველასთან’, რათა სხვები არ გავანაწყენოთ (რომ. 12:18; საქ. 4:29). როგორ შეგვიძლია ვიყოთ გაბედულები და, ამავე დროს, მშვიდობისმყოფელები, როდესაც სამეფოს შესახებ ვქადაგებთ?
2 გამონახე საერთო ენა: მშვიდობისმყოფელი ადამიანი კამათს ერიდება. თუ მობინადრე მტკიცედ იცავს თავის შეხედულებებს, არ უნდა შევეცადოთ, მას აზრი შევაცვლევინოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში არ მიიღებს სასიხარულო ცნობას. თუ მას მცდარი შეხედულება აქვს, ჩვენ შეგვიძლია ტაქტიანად ვუთხრათ ისეთი რამ, რითაც მასთან საერთო ენას გამოვნახავთ. ჩვენ შევძლებთ თავიდან მოვიცილოთ უარყოფითი აზრები და ჩავწვდეთ პიროვნების გულს, თუ საუბრისას ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, რაც ჩვენც გვწამს და მობინადრესაც.
3 თუ მობინადრის არასწორ შეხედულებაზე თვალს ვხუჭავთ, განა ამით კომპრომისზე მივდივართ ან უგულებელვყოფთ ჭეშმარიტებას? არა. ჩვენი, როგორც ქრისტიანი მსახურების, მიზანი ის კი არ არის, მობინადრეს დავუმტკიცოთ, რომ მას არასწორი შეხედულება აქვს, არამედ ის, რომ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათ. 24:14). ნაცვლად იმისა, რომ მწვავე რეაგირება მოვახდინოთ არასწორ შეხედულებაზე, მისი მცდარი თვალსაზრისიდან გამომდინარე შევეცადოთ, ჩავწვდეთ მის აზროვნებას (იგავ. 16:23).
4 გაუფრთხილდი მობინადრის ღირსების გრძნობას: ზოგჯერ უნდა ვაჩვენოთ მობინადრეს, რომ მას ბიბლიურ სწავლებასთან დაკავშირებით არასწორი შეხედულება აქვს. ამისათვის კი გაბედულება გვჭირდება. მაგრამ, როგორც მშვიდობისმყოფელებმა, თავი უნდა შევიკავოთ იმ ადამიანების დაცინვისგან ან დამცირებისგან, რომლებმაც ჭეშმარიტება არ იციან და სხვებსაც არასწორად ასწავლიან. ადამიანებს, რომლებსაც ქედმაღლურად მოვექცევით, ჭეშმარიტებით ვერ დავაინტერესებთ, მაგრამ, თუ თავმდაბლურად და ტაქტიანად მივუდგებით ჭეშმარიტების გაგების სურვილს აღვუძრავთ. თუ პატივისცემას ვავლენთ მსმენელისა და მათი შეხედულებებისადმი, ამით მათ ღირსებას ვუფრთხილდებით; შედეგად ისინი უფრო ადვილად მიიღებენ სასიხარულო ცნობას.
5 მოციქული პავლე ითვალისწინებდა მათ შეხედულებებს, ვისთანაც ქადაგებდა და ეძებდა შესაძლებლობებს, რათა სასიხარულო ცნობა ისე გადაეცა, რომ მსმენელთა გულებს ჩაწვდომოდა (საქ. 17:22—31). ის მზად იყო, ‘ყველასთვის ყველაფერი გამხდარიყო, რათა ეხსნა ზოგიერთი’ (1 კორ. 9:22). ჩვენ შეგვიძლია, პავლეს მსგავსად, მშვიდობისმყოფელები ვიყოთ, როდესაც გაბედულად ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას.