„მშვიდობიანად იყავით ყველასთან“
1. რომელი ბიბლიური რჩევა უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ვხვდებით გაღიზიანებულ მობინადრეებს?
1 იეჰოვას ხალხს უყვარს მშვიდობა და ჩვენი მსახურებაც მშვიდობას ემსახურება (ეს. 52:7). მაგრამ ზოგჯერ ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მისვლით ღიზიანდებიან. რა დაგვეხმარება, ასეთ დროს მშვიდობიანები რომ ვიყოთ? (რომ. 12:18).
2. რატომ უნდა გამოვავლინოთ წვდომის უნარი?
2 გამოავლინე წვდომის უნარი. ზოგიერთი ბრაზდება იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება; სხვების გაღიზიანების მიზეზი კი შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენი ქადაგება. შესაძლოა, ცუდ დროს მივედით ან მობინადრე პირადი პრობლემების გამო იყოს განერვიულებული. ჩვენი ქადაგებაც რომ იყოს მისი გაღიზიანების მიზეზი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და ამიტომ აქვს ასეთი რეაქცია (2 კორ. 4:4). წვდომის უნარი დაგვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში და არ ვიფიქრებთ, რომ ის პირადად ჩვენზეა გაბრაზებული (იგავ. 19:11).
3. როგორ შეგვიძლია პატივისცემა გამოვავლინოთ მობინადრისადმი?
3 გამოავლინე პატივისცემა. ბევრი ჩვენს ტერიტორიაზე მტკიცედ არის დარწმუნებული იმაში, რაც სწამს (2 კორ. 10:4). მათ აქვთ უფლება, მოგვისმინონ ან არ მოგვისმინონ. არ გვინდა, რომ მათ რწმენაზე ცუდი რამე ვთქვათ ან მობინადრეს ვაგრძნობინოთ, რომ ბიბლია მასზე უკეთ ვიცით. თუ გვთხოვს, რომ წავიდეთ, პატივი უნდა ვცეთ მის აზრს და დავტოვოთ ის.
4. რას ნიშნავს თავაზიანად ლაპარაკი?
4 ილაპარაკე თავაზიანად. მაშინაც კი თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებენ, ჩვენ რბილად და თავაზიანად უნდა ვუპასუხოთ (კოლ. 4:6; 1 პეტ. 2:23). ნაცვლად იმისა, რომ კამათში ჩაება, შეეცადე, საერთო ენა გამონახო. შეგვიძლია თავაზიანად ვკითხოთ მობინადრეს, თუ რატომ გვეწინააღმდეგება. სიტუაციის გამწვავებას რომ თავი ავარიდოთ, ხანდახან უმჯობესია, შევწყვიტოთ საუბარი (იგავ. 9:7; 17:14).
5. რატომ არის კარგი, ვიყოთ მშვიდობიანები მსახურების დროს?
5 თუ მშვიდობიანები ვიქნებით, მობინადრეს შეიძლება ეს დაამახსოვრდეს და როცა სხვა მივა საქადაგებლად, მოუსმინოს მას (რომ. 12:20, 21). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სასტიკი მოწინააღმდეგე ჩანს, ერთ დღესაც შეიძლება თანაქრისტიანი გახდეს (გალ. 1:13, 14). მიუხედავად იმისა, გამოავლენს მობინადრე ინტერესს ჭეშმარიტებისადმი თუ არა, ჩვენ განვადიდებთ იეჰოვას და შევამკობთ ჩვენს სწავლებებს, თუ კი გამოვავლენთ თავშეკავებას და ვიქნებით მშვიდობიანები (2 კორ. 6:3).