მზადყოფნის სულს კურთხევები მოაქვს
1 როდესაც გოლიათი დასცინოდა ისრაელის მეომრებს, ნებისმიერ მათგანს შეეძლო ინიციატივის აღება და მასთან შებრძოლება, მაგრამ ომში გაუწაფავი მწყემსი ბიჭის გარდა არავის გასჩენია ამის სურვილი (1 სამ. 17:32). როდესაც ბაბილონში გადასახლებული იუდეველები იერუსალიმში დაბრუნდნენ, ქალაქის გალავანი აღსადგენი დახვდათ. ამ საქმის ორგანიზებისთვის სპარსეთის მეფის მერიქიფემ საკუთარი სურვილით თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, დატოვა საპატიო თანამდებობა სასახლეში და იერუსალიმში გაემგზავრა (ნეემ. 2:5). იეჰოვამ ორივე ეს მამაკაცი, დავითიცა და ნეემიაც, აკურთხა მათ მიერ გამოვლენილი სულისთვის (1 სამ. 17:45, 50; ნეემ. 6:15, 16).
2 დღევანდელ ქვეყნიერებაში აშკარად არ შეინიშნება მზადყოფნის სული. ამ „ბოლო დღეებში“ ხალხი ძალიან დაკავებულია და ბევრი მათგანი ‘საკუთარი თავის მოყვარულია’ (2 ტიმ. 3:1, 2). ადამიანი შეიძლება იმდენად ბევრს ფიქრობდეს საკუთარ ინტერესებზე, რომ მხედველობიდან რჩებოდეს, სხვებს დახმარება შესთავაზოს. მაგრამ ჩვენ როგორც ქრისტიანებს გვსურს მივბაძოთ იესოს, რომელიც სხვების დასახმარებლად პირველ ნაბიჯს თვითონ დგამდა (იოან. 5:5—9; 13:12—15; 1 პეტ. 2:21). როგორ შეგვიძლია მზადყოფნის სულის გამოვლენა და რა კურთხევებს მოგვიტანს ეს?
3 ძმების დახმარება: ჩვენ შეგვიძლია „სულიერი ძღვენი“ გადავცეთ სხვებს იმით, რომ კრების შეხვედრებზე კომენტარებში მივიღოთ მონაწილეობა (რომ. 1:11). კომენტარები განადიდებს იეჰოვას, ამ დროს ჩვენს გონებასა და გულში უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჭეშმარიტება და შეხვედრები უფრო სასიამოვნო ხდება (ფსალმ. 26:12). ჩვენ შეგვიძლია მზად ვიყოთ იმისთვისაც, რომ თუ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალება ცდება, შევცვალოთ გამომსვლელი. ეს დაგვეხმარება, გავიუმჯობესოთ სწავლების უნარი.
4 როდესაც ძმები კრებაში მეტი პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან, ამით აჩვენებენ, რომ მზადყოფნის სულს ავლენენ (ეს. 32:2; 1 ტიმ. 3:1). როდესაც თითოეული ჩვენგანი მზად არის დაეხმაროს კონგრესის სხვადასხვა განყოფილებას, ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს კონგრესების ჩატარებაში. როდესაც მიმომსვლელ ზედამხედველთან ვთანამშრომლობთ მსახურებაში ან ვუმასპინძლდებით მას, ამით ‘ერთმანეთს ვამხნევებთ’ (რომ. 1:12). როდესაც მზად ვართ პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვრივ-ობლებს, ავადმყოფებს, მარტოხელა დედებსა და კრების სხვა წევრებს, ამით სიხარულს განვიცდით და იეჰოვას მოწონებას ვიმსახურებთ (იგავ. 19:17; საქ. 20:35).
5 კიდევ ერთი საშუალება, რითაც მზადყოფნის სულის გამოვლენა შეგვიძლია, ის არის, რომ ჩვენი დრო და ენერგია სამეფო დარბაზის სისუფთავეზე ზრუნვას დავუთმოთ. ვინაიდან მრავალი ადამიანი უერთდება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, უფრო მეტი მოთხოვნილებაა სამეფო დარბაზებზე და მოხალისეებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ მათ მშენებლობაში. ერთი დაქორწინებული წყვილი მზადყოფნით დაეხმარა სამეფო დარბაზების მშენებლობის ჯგუფს მიუხედავად იმისა, რომ მათ მშენებლობის გამოცდილება არ ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ისინი გაიწაფნენ და ახლა მათ კედლები ამოჰყავთ. ცოლი ამბობს: „სხვებთან მხარდამხარ მუშაობის შედეგად ბევრი მეგობარი შევიძინეთ. დღის ბოლოს დაღლილები ვართ, მაგრამ სულიერად გამოცოცხლებულები“.
6 ქადაგება: დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მზადყოფნით შეგვიძლია შევასრულოთ, სამეფოს შესახებ ქადაგებაა. როდესაც ადამიანებს ვეხმარებით ბიბლიური რჩევების გაგებასა და გამოყენებაში, მათი ცხოვრება აზრს იძენს და ისინი ძალებს იკრებენ ცუდი ჩვევების მისატოვებლად. ბიბლიის წყალობით მათ ბედნიერი მომავლის იმედი უჩნდებათ. როდესაც ადამიანებს ბიბლიური ცოდნის მიღებაში ვეხმარებით, ვასრულებთ სიხარულის მომნიჭებელ ნებაყოფლობით საქმიანობას, რომელიც მათ მარადიულ სარგებლობას მოუტანს (იოან. 17:3; 1 ტიმ. 4:16). შეიძლება პირობები ნებას გვრთავს, რომ გავაფართოვოთ მსახურება და ვიმსახუროთ დამხმარე ან სრული დროით პიონერებად, გადავიდეთ იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა ან სხვა ენა ვისწავლოთ.
7 მეფე დავითმა იწინასწარმეტყველა, რომ მესიის მმართველობის დაწყებისთანავე ღვთის ხალხი ‘მზადყოფნით გამოვიდოდა’ (ფსალმ. 110:3). დღეს, როცა იეჰოვა აჩქარებს სულიერ მკას, რომელიც დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტი საქმეა შესასრულებელი, რისთვისაც საჭიროა მოხალისეები (ეს. 60:22). მზად ხარ თქვა: „მე წავალ! მე გამგზავნე“? (ეს. 6:8). მართლაც, თუ მზადყოფნის სულს გამოვავლენთ, ვასიამოვნებთ იეჰოვას და უხვ კურთხევებს მივიღებთ.
[სასწავლო კითხვები]
1. როგორ გამოავლინეს მზადყოფნის სული დავითმა და ნეემიამ?
2. რატომ უნდა ავლენდნენ ქრისტიანები მზადყოფნის სულს?
3. რატომ არის კარგი კრების შეხვედრებზე მზადყოფნის სულის გამოვლენა?
4. როგორ შეგვიძლია მზადყოფნის სულის გამოვლენა?
5. რატომ სჭირდება სამეფო დარბაზს მოხალისეები?
6. რატომ არის ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ნებაყოფლობით ვასრულებთ?
7. რატომ არის დღეს განსაკუთრებით აუცილებელი მზადყოფნის სულის გამოვლენა?