შეგიძლია შეხვიდე ‘მოღვაწეობისთვის გაღებულ დიდ კარში’?
1. ‘მოღვაწეობისთვის რა დიდი კარია გაღებული’ ჩვენ წინაშე?
1 როდესაც მოციქულ პავლეს წინაშე „მოღვაწეობისთვის დიდი კარი გაიღო“, მან დაუყოვნებლივ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რათა სამეფოს ინტერესები წინ წაეწია მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა (1 კორ. 16:9). დღეს მთელ მსოფლიოში სამეფოს დაახლოებით 642 000 მაუწყებელია შესული ‘მოღვაწეობისთვის გაღებულ დიდ კარში’ და ისინი პიონერებად მსახურობენ.
2. რატომ არის კარგი დროდადრო საკუთარი მდგომარეობის შეფასება?
2 მდგომარეობა იცვლება: მართალია, ახლანდელი მდგომარეობა შეიძლება გვზღუდავდეს, მაგრამ ვითარებები იცვლება. ამიტომ, დროდადრო უნდა გადავამოწმოთ ჩვენი მდგომარეობა და არ დაველოდოთ, თუ როდის შეგვექმნება იდეალური სიტუაცია (ეკლ. 11:4). ახალგაზრდა მაუწყებლებო, ხომ არ ამთავრებთ საშუალო სკოლას? მშობლებო, თქვენი შვილი სკოლაში ხომ არ იწყებს სწავლას? უფროსი ასაკის და-ძმებო, მალე პენსიაზე ხომ არ გადიხართ? ვითარებების ასეთმა შეცვლამ შეიძლება მეტი დრო გამოგითავისუფლოთ და პიონერული მსახურების დაწყების შესაძლებლობა მოგცეთ. ერთმა 89 წლის დამ, რომელსაც ადრე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გადაწყვიტა პიონერად ემსახურა. რატომ იფიქრა მან, რომ შეძლებდა პიონერად მსახურებას? ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მას საავადმყოფოში წოლა არ დასჭირვებია, ამიტომ ჩათვალა, რომ ჯანმრთელობა პიონერული მსახურების შესაძლებლობას მისცემდა.
3. რა ცვლილებებს ახდენენ ზოგიერთები, რომ პიონერებად იმსახურონ?
3 პავლე თავდაპირველად კორინთში მცხოვრები ძმების მონახულებას გეგმავდა, მაგრამ სასიხარულო ცნობის გულისთვის მან თავისი გეგმები შეცვალა. მრავალს, ვინც დღეს პიონერად მსახურობს, თავის დროზე დიდი ცვლილებების მოხდენა მოუწია პიონერული მსახურების დაწყებისთვის. ზოგმა ცხოვრება გაიმარტივა და დასჯერდა ნახევარგანაკვეთიან სამსახურს, რაც თავის სარჩენად ჰყოფნის. მათ სიამოვნებას ანიჭებთ პიონერული მსახურება (1 ტიმ. 6:6—8). ზოგი წყვილი ცვლილებებს ახდენს ცხოვრებაში და მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მხოლოდ ქმარმა იმუშაოს, ცოლმა კი პიონერული მსახურება დაიწყოს.
4. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დარწმუნებულები არა ვართ, რომ შევძლებთ პიონერისთვის განსაზღვრული საათების ჩაბარებას?
4 ნაჩქარევად ნუ დაასკვნი, რომ ვერ შეძლებ პიონერად მსახურებას, რადგან შიშობ, რომ გაგიჭირდება განსაზღვრული საათების ჩაბარება. დღეში ორ საათზე ცოტა მეტის ქადაგებაა საჭირო. თუ დარწმუნებული არა ხარ, რომ შეძლებ პიონერისთვის განსაზღვრული საათების ჩაბარებას, ერთი-ორი თვე დამხმარე პიონერად იმსახურე და თან მიზნად გქონდეს, რომ 70 საათი იქადაგო. თუ ასე მოიქცევი, განიცდი იმ სიხარულს, რაც პიონერულ მსახურებას მოაქვს (ფსალმ. 34:8). დაელაპარაკე მათ, ვინც უკვე პიონერად მსახურობს. მათ შეიძლება ისეთივე სირთულეების გადალახვა უწევთ, როგორსაც შენ ხვდები (იგავ. 15:22). სთხოვე იეჰოვას, აკურთხოს შენი მცდელობა, რომ გააფართოვო მსახურება (1 იოან. 5:14).
5. რატომ არის პიონერული მსახურება ღირსეული მიზანი?
5 ღირსეული მიზანი: პიონერული მსახურება მრავალი კურთხევის მომტანია. ასეთი მსახურების დროს უფრო მეტის გაცემის შესაძლებლობა გეძლევა, რასაც, თავის მხრივ, მეტი ბედნიერება მოაქვს (საქ. 20:35). პიონერული მსახურება უფრო მეტად დაგახელოვნებს ღვთის სიტყვის სწორად გადაცემაში (2 ტიმ. 2:15). რამდენადაც უფრო ხშირად გახვალ მსახურებაში, მით უფრო მეტად იგრძნობ იეჰოვას მხარდაჭერას (საქ. 11:21; ფილ. 4:11—13). პიონერული მსახურება უფრო დაგაახლოებს იეჰოვასთან და დაგეხმარება ისეთი სულიერი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა, მაგალითად, მოთმინება (იაკ. 4:8). შეგიძლია ‘მოღვაწეობისთვის გაღებულ დიდ კარში’ შეხვიდე და პიონერული მსახურება დაიწყო?