მსახურობდი ადრე პიონერად?
1. მსახურების რომელ სფეროში იღებს მრავალი მონაწილეობას, მაგრამ რის გაკეთება მოუწია ზოგს?
1 ათასობით ქრისტიანი წლებია, რაც სრული დროით მსახურობს, „ასწავლის და აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:42). მაგრამ ზოგს სხვადასხვა მიზეზის გამო პიონერობის შეწყვეტა მოუწია. თუ შენც მსახურობდი ადრე პიონერად, დაფიქრდი, დღეს მდგომარეობა ხომ არ გაძლევს საშუალებას, რომ სრული დროით მსახურება განაახლო?
2. რატომ უნდა გადახედონ ახლანდელ მდგომარეობას მათ, ვინც ადრე პიონერად მსახურობდა?
2 მდგომარეობა იცვლება: შესაძლოა, მიზეზები, რომელთა გამოც მოგიწია პიონერობის შეწყვეტა, ახლა აღარ არსებობს. მაგალითად, თუ პიონერობა იმის გამო შეწყვიტე, რომ თვეში 90 საათს ვერ ქადაგებდი, ახლა, როდესაც საათების ნორმა 70-მდე ჩამოვიდა, ხომ არ განაახლებდი მსახურებას? შეიძლება ქვეყნიური სამუშაო იმდენ დროს აღარ გართმევს ან ახლა ოჯახური მდგომარეობა უფრო გიწყობს ხელს, ვიდრე მაშინ, როცა პიონერობა შეწყვიტე. ერთ დას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოუწია პიონერობის შეწყვეტა, მაგრამ 89 წლის ასაკში, კვლავ განაახლა სრული დროით მსახურება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ერთხელაც არ წოლილა საავადმყოფოში. ამიტომ იფიქრა, რომ ახლა ჯანმრთელობა ნებას რთავდა, ისევ ემსახურა პიონერად.
3. როგორ შეუძლია ოჯახს დაეხმაროს ერთ-ერთ წევრს, რომ პიონერად იმსახუროს?
3 შეიძლება შენ თვითონ არ მსახურობდი პიონერად, მაგრამ შენი ოჯახის რომელიმე წევრს ამა თუ იმ მიზეზის გამო მოუწია პიონერობის შეწყვეტა, მაგალითად იმის გამო, რომ ხანდაზმულ მშობლებზე ეზრუნა (1 ტიმ. 5:4, 8). ასეთ შემთხვევაში შენ ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრს ხომ არ შეგეძლოთ მას დახმარებოდით? კარგი იქნებოდა, ამ საკითხზე ოჯახის წევრებს ერთად გემსჯელათ (იგავ. 15:22). ძალიან დასაფასებელია, როცა ოჯახი ერთ-ერთ წევრს ეხმარება, რომ პიონერად იმსახუროს.
4. როგორ უნდა მოიქცე, თუ პიონერული მსახურების განახლება დღესდღეობით არ შეგიძლია?
4 გული არ გაიტეხო, თუ მდგომარეობა ხელს არ გიწყობს პიონერული მსახურების განახლებაში. შენი მზადყოფნის სული უკვე მოსაწონია იეჰოვასთვის (2 კორ. 8:12). მსახურებაში გამოიყენე ის გამოცდილება, რომელიც პიონერობის დროს შეიძინე. ხშირად ილოცე შენი სურვილის შესახებ და ყოველთვის მზად იყავი ცვლილებების მოსახდენად (1 იოან. 5:14). დროთა განმავლობაში შეიძლება იეჰოვამ „მოღვაწეობისთვის დიდი კარი“ გაგიღოს, რათა კვლავ განიცადო სიხარული, რომელიც პიონერულ მსახურებას მოაქვს! (1 კორ. 16:9).