შეკითხვების ყუთი
◼ რატომ არის სახიფათო ინტერნეტით ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც არ ვიცნობთ?
მრავალი საიტი იმისთვის არის შექმნილი, რომ ბევრს ინტერნეტით ერთმანეთის გაცნობისა და მიმოწერის საშუალება მისცეს. ასეთ საიტებზე მრავალი განათავსებს თავის სურათებსა და ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. ვინც ამ ადამიანის მონაცემებს წაიკითხავს, შეუძლია მას დაუკავშირდეს. ასეთი საიტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. კრების ზოგი ახალგაზრდა წევრი შედის ამ საიტზე და უკავშირდება მათ, ვინც აცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეა.
იმ ადამიანმა, რომელსაც ინტერნეტით ვეცნობით, შეიძლება ადვილად მოგვატყუოს და არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდოს საკუთარი თავის, სულიერობისა და მიზნების შესახებ (ფსალმ. 26:4). ის, ვინც თავს იეჰოვას მოწმედ ასაღებს, შეიძლება სულაც არ იყოს მოწმე, შესაძლოა ის გარიცხული ან განდგომილიც კი იყოს (გალ. 2:4). როგორც იტყობინებიან, ბევრი პედოფილი იყენებს საიტებს მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად.
მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ის, ვისთანაც მიმოწერა გვაქვს ინტერნეტით, კრებაში კარგი სახელით სარგებლობს, მასთან ასეთი სახის ურთიერთობამ შეიძლება მალევე ქრისტიანისთვის მიუღებელი სახე მიიღოს. ეს შეიძლება იმიტომ მოხდეს, რომ ადამიანი ჩვეულებრივ, მასთან ურთიერთობისას, ვისაც არასოდეს შეხვედრია, უფრო მეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. გარდა ამისა, ინტერნეტით ურთიერთობა მათ შეიძლება იმიტომ იზიდავდეს, რომ მიმოწერის შესახებ სხვა ვერავინ გაიგებს, მაგალითად, მშობლები ან უხუცესები. სამწუხაროდ, ზოგი ახალგაზრდა, ვინც ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, მახეში გაება და უხამს ლაპარაკს დაეჩვია (ეფეს. 5:3, 4; კოლ. 3:8). ზოგიერთებმა იმ საიტზე, სადაც თავიანთი მონაცემები შეიტანეს, ისეთი სურათები განათავსეს, რომლებშიც აშკარად გამომწვევად გამოიყურებიან. გარდა ამისა, მათ სექსუალური მეტსახელები დაირქვეს და ამ საიტებს უზნეო ვიდეოკლიპებიც დაურთეს.
ეს ყოველივე მშობლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ და უნდა შეამოწმონ, თუ როგორ იყენებენ მათი შვილები კომპიუტერს (იგავ. 29:15). ცხადია, სახლში არ შეიპატიჟებდით სრულიად უცხო ადამიანს და მას არც იმის ნებას მისცემდით, რომ თქვენს შვილებთან მარტო დარჩენილიყო, რადგან ეს საშიში იქნებოდა. მსგავსად ამისა, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი შვილებისთვის საშიშია ინტერნეტით სრულიად უცხო ადამიანებთან დამეგობრება, თუნდაც ისინი ამბობდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები არიან (იგავ. 22:3).