‘საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა’
1. რა სასიხარულო ცნობა უნდა ვიქადაგოთ?
1 დღევანდელ ქვეყნიერებაში, სადაც სასიხარულო ცნობას იშვიათად თუ მოისმენს ადამიანი, ჩვენ პატივი გვხვდა, რომ ‘საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ’ (საქ. 20:24). ამაში შედის ის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ „ბოლო დღეებს“ მალე იეჰოვას სამართლიანი ახალი ქვეყნიერება შეცვლის, სადაც ‘წინანდელი ყველაფერი მოისპობა’ (2 ტიმ. 3:1—5; გამოცხ. 21:4). იმ დროს ავადმყოფობა აღარ იქნება (ეს. 33:24). გარდაცვლილი საყვარელი ადამიანები ‘სამარხებიდან გამოვლენ’ და ოჯახებსა და მეგობრებს დაუბრუნდებიან (იოან. 5:28, 29). მთელი დედამიწა ულამაზეს სამოთხედ გადაიქცევა (ეს. 65:21—23). ეს მხოლოდ რამდენიმე ჩამონათვალია იმ სასიხარულო ცნობიდან, რის შესახებაც უნდა ვიქადაგოთ!
2. რატომ გვაძლევს გახსენების საღამოს პერიოდი სასიხარულო ცნობის ქადაგების შესანიშნავ შესაძლებლობას?
2 მარტი, აპრილი და მაისი სასიხარულო ცნობის ქადაგების შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს. ამ პერიოდში, მსოფლიოს მრავალ ნაწილში, დღე იზრდება და თბება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ მსახურებას. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში შაბათს, 22 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, გახსენების საღამო, აღინიშნება. ამიტომ, ახლაა დრო, დავიწყოთ მზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად მივიღოთ მონაწილეობა მსახურებაში.
3. რა დაეხმარება ოჯახის თითოეულ წევრს, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს მსახურებაში?
3 დამხმარე პიონერად მსახურება: შეგიძლია, შენი გეგმა ისე შეადგინო, რომ ერთი, ორი ან სამივე თვე იმსახურო დამხმარე პიონერად? კარგი იქნება, თუ მომდევნო ოჯახურ შესწავლაზე ამ საკითხს ოჯახის წევრებთან ერთად განიხილავ. კარგი თანამშრომლობის წყალობით შეიძლება ოჯახის ერთმა ან უფრო მეტმა წევრმა დამხმარე პიონერად იმსახუროს (იგავ. 15:22). ილოცე ამის შესახებ და დაინახავ, როგორ აკურთხებს იეჰოვა შენს ძალისხმევას (იგავ. 16:3). მაშინაც კი, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ უხერხდება დამხმარე პიონერად მსახურება, მათ შეუძლიათ კონკრეტული მიზანი დაისახონ — ითანამშრომლონ პიონერებთან და უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში.
4. როგორ შეგვიძლია დამხმარე პიონერად მსახურებისთვის კარგი გეგმის შედგენა, თუ სრულ განაკვეთზე ვმუშაობთ?
4 თუ სრულ განაკვეთზე მუშაობ, კარგი გეგმა დაგეხმარება, რომ შეძლო დამხმარე პიონერად მსახურება. ქადაგებისთვის შეიძლება სადილისთვის გამოყოფილი დროის გარკვეული მონაკვეთი გამოიყენო. ან შეგეძლო სამქადაგებლო უბანი შენს სახლთან ან სამუშაოსთან ახლოს აგეღო, რათა სამუშაოს დაწყების წინ ან დამთავრების შემდეგ ერთი საათით ან უფრო მეტი ხნით გექადაგა. გარდა ამისა, შეგიძლია დრო გამოათავისუფლო, თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეს შემდეგ თვეში გადადებ და შაბათ-კვირას მთლიანად მსახურებას დაუთმობ. ზოგი ქადაგებისთვის ერთ-ორ დღეს შვებულებას იღებს.
5. როგორ შეგიძლია დაეხმარო ხანდაზმულებსა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე და-ძმებს, რომ დამხმარე პიონერებად იმსახურონ?
5 თუ ხანდაზმული ხარ ან სუსტი ჯანმრთელობა გაქვს, შეიძლება დამხმარე პიონერად მსახურება მოახერხო, თუ ყოველდღე ცოტა დროს გამოყოფ მსახურებისთვის. სთხოვე იეჰოვას, მოგცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). ერთმა დამ 106 წლის ასაკში შეძლო დამხმარე პიონერად მსახურება! თანაქრისტიანი ნათესავებისა და კრების სხვა წევრების დახმარებით ეს და ქადაგებდა კარდაკარ, აკეთებდა განმეორებით მონახულებებს, დადიოდა ბიბლიის შესწავლებზე და მსახურების კიდევ სხვადასხვა სფეროში მონაწილეობდა. ის ათ პიროვნებას დაეხმარა ბიბლიის შესწავლების დაწყებაში. „როდესაც ვფიქრობ იმაზე, რომ დამხმარე პიონერად მსახურების შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, — ამბობს ის, — გული სიხარულით მევსება და დიდ მადლიერებას ვგრძნობ იეჰოვასი, მისი ძისა და მისი ორგანიზაციის მიმართ. მთელი გულით მინდა ვუთხრა იეჰოვას დიდი მადლობა“.
6. როგორ შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს დამხმარე პიონერებად მსახურება?
6 თუ მონათლული ხარ და ჯერ ისევ სკოლაში სწავლობ, შეიძლება შენც შეძლო დამხმარე პიონერად მსახურება. მათ მსგავსად, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს, შენც შეგიძლია შაბათობით და კვირაობით იქადაგო. ზოგჯერ შესაძლოა შენთვის მოსახერხებელი იყოს, რომ გაკვეთილების შემდეგ ერთი საათი ან უფრო მეტი იმსახურო. თუ სკოლაში არდადეგები გაქვს, შეგეძლო ეს დღეები მსახურებისთვის გამოგეყენებინა. თუ გინდა, რომ დამხმარე პიონერად იმსახურო, ამის შესახებ მშობლებს დაელაპარაკე.
7. როგორ შეუძლიათ უხუცესებს გახსენების საღამოს პერიოდში ხელი შეუწყონ იმას, რომ კრების წევრებს მსახურებაში უფრო მეტი ენთუზიაზმი ჰქონდეთ?
7 გააღვივე სხვებში ენთუზიაზმი: უხუცესებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ თავიანთი მაგალითით უფრო მეტად გაუღვივონ ენთუზიაზმი კრების წევრებს (1 პეტ. 5:2, 3). მათ შეუძლიათ სამქადაგებლო მსახურების დამატებითი შეხვედრები დანიშნონ, რათა ხელი შეუწყონ იმ დამხმარე პიონერებს, რომლებსაც დილით ან სკოლისა თუ სამუშაოს შემდეგ აწყობთ მსახურება. სამსახურებრივი ზედამხედველი უნდა დარწმუნდეს, რომ ამ განსაკუთრებულ თვეებში სამქადაგებლო შეხვედრებს შესაფერისი ძმები ჩაატარებენ, საკმარისად იქნება სამქადაგებლო უბნები და ლიტერატურა.
8. რას ვსწავლობთ ერთი კრების მაგალითიდან?
8 ერთ კრებაში უხუცესებმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს კრების წევრების წახალისება, რომ მათ დამხმარე პიონერებად ემსახურათ. ისინი ყოველკვირა აცხადებდნენ, თუ რამდენი მაუწყებელი იმსახურებდა დამხმარე პიონერად. ეს გამამხნევებელი იყო მათთვის, ვისაც დამხმარე პიონერად მსახურება ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან ბევრი დაუჭერდა მათ მხარს მსახურებაში. დაიგეგმა სამქადაგებლო მსახურების დამატებითი შეხვედრები დილით ადრე და საღამოთი. შედეგად, 53 მაუწყებელმა, თითქმის კრების ნახევარმა, იმსახურა აპრილში დამხმარე პიონერად!
9. რატომ არის გახსენების საღამოს პერიოდი შესანიშნავი დრო მათთვის, ვინც შეესაბამება სასიხარულო ცნობის მაუწყებლად გახდომის საჭირო მოთხოვნებს?
9 დაეხმარე სხვებს, რომ იქადაგონ: როდესაც დაინტერესებულები, მათ შორის ახალგაზრდები, მაუწყებლები ხდებიან, კარგი იქნება, თუ გამოცდილები მათთან ერთად იმსახურებენ. სწორედ ამის შესაძლებლობა იქნება გახსენების საღამოს პერიოდში, როდესაც ბევრი უფრო მეტად მიიღებს მონაწილეობას მსახურებაში. გყავს ბიბლიის ისეთი შემსწავლელი, რომელიც სულიერად წინ მიიწევს და იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრობს? გყავს ისეთი შვილები, რომლებიც კარგი ყოფაქცევით გამოირჩევიან, სულიერ პროგრესს განიცდიან, მაგრამ ჯერ მაუწყებლები არ არიან? თუ მათ მაუწყებლებად გახდომა სურთ და შენც ფიქრობ, რომ ისინი შეესაბამებიან საჭირო მოთხოვნებს, ამის შესახებ ერთ-ერთ უხუცესს აცნობე. თავმჯდომარე ზედამხედველი დაგეგმავს, რომ შენს შვილს თუ შემსწავლელს შენთან ერთად ორი უხუცესი შეხვდეს და ერთად იმსჯელონ ამ საკითხზე.
10. რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს არააქტიურების დასახმარებლად?
10 მომავალი თვეები აგრეთვე კარგი დროა მათთვისაც, ვინც არააქტიური გახდა, რათა მათ კვლავაც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კრების საქმეებში. წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა და სხვა უხუცესებმა ძალისხმევა უნდა მოახმარონ იმას, რომ მოინახულონ ასეთები, სითბო გამოავლინონ მათ მიმართ და მსახურებაში ერთად მონაწილეობა შესთავაზონ. თუ მაუწყებელი დიდი ხანია, რაც არააქტიურია, პირველ რიგში მას ორი უხუცესი უნდა შეხვდეს, რათა განსაზღვრონ შეესაბამება თუ არა ქადაგებისთვის საჭირო მოთხოვნებს (km 11/00 გვ. 2)
11. რა არის „ღვთის წყალობის“ უდიდესი გამოხატულება?
11 მოემზადე გახსენების საღამოსთვის: გამოსასყიდი „ღვთის წყალობის“ უდიდესი გამოხატულებაა (საქ. 20:24). შაბათს, 22 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ მთელ მსოფლიოში მილიონობით მადლიერი ადამიანი შეიკრიბება, რათა აღნიშნონ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. ჩვენ გვსურს, მოვიწვიოთ ყველა გულწრფელი ადამიანი, რომ დაესწრონ ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც მთელი კაცობრიობის მიმართ იეჰოვას მიერ გამოვლენილ წყალობაზე მიუთითებს.
12. ვინ უნდა მოვიწვიოთ გახსენების საღამოზე?
12 ჩამოწერე მათი სია, ვისი დაპატიჟებაც გსურს. უდავოა, ამ სიაში შეიტან ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, თანაკლასელებს, ბიბლიის შემსწავლელებს, აგრეთვე მათ, ვისაც ადრე ასწავლიდი ბიბლიას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც რეგულარულად ინახულებ. თუ მათ, ვის მოწვევასაც აპირებ, გაუჩნდებათ კითხვები გახსენების საღამოსთან დაკავშირებით, შეგიძლია გამოიყენო დანართი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“, გვერდები 206—208. ამის წყალობით შეიძლება ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყო, რადგან მოგეცემა იმ პუბლიკაციის გაცნობის შესაძლებლობა, რომელსაც ბიბლიის შესასწავლად ვიყენებთ.
13. როგორ აკურთხა იეჰოვამ ორი მაუწყებლის ძალისხმევა, რომლებმაც გახსენების საღამოზე სხვები დაპატიჟეს?
13 ერთმა დამ 48 ოჯახის სია ჩამოწერა. როდესაც ის რომელიმე მათგანს დაპატიჟებდა, შემდეგ თავის სიაში აკეთებდა აღნიშვნას და წერდა თარიღს, თუ როდის მივიდა მათთან. როგორ გაუხარდებოდა ამ დას, როდესაც გახსენების საღამოზე მის მიერ მიწვეული 26 ადამიანი მივიდა?! ერთმა ძმამ, რომელსაც მაღაზია ჰქონდა, გახსენების საღამოზე დაპატიჟა ერთი მამაკაცი, რომელიც მის მაღაზიაში მუშაობდა. ეს კაცი ადრე მღვდელი იყო. გახსენების საღამოზე დასწრების შემდეგ მან თქვა: „აქ ერთ საათში უფრო მეტი გავიგე ბიბლიიდან, ვიდრე მთელი 30 წლის განმავლობაში კათოლიკურ ეკლესიაში“. გახსენების საღამოს შემდეგ, მალევე მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“.
14. რა კამპანია დაიწყება 1 მარტს მთელ მსოფლიოში?
14 კამპანია: შაბათს, 1 მარტიდან დაწყებული 22 მარტის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავავრცელებთ გახსენების საღამოს სპეციალურ მოსაწვევებს. ყველას გვსურს, რომ სრული მონაწილეობა მივიღოთ ამ მნიშვნელოვან კამპანიაში. კარებთან დატოვების ნაცვლად, უკეთესია, რომ მობინადრეს პირადად მივცეთ მოსაწვევი. მაგრამ, თუ სამქადაგებლო ტერიტორია დიდია, უხუცესებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ იქ, სადაც სახლში არ იყვნენ, მაუწყებლებმა მოსაწვევები კართან ისე დატოვონ, რომ გამვლელებმა ვერ შეამჩნიონ. შაბათ-კვირას ჩვენ აგრეთვე გავავრცელებთ მიმდინარე თვის ჟურნალებს.
15. როგორ შეგვიძლია შევთავაზოთ გახსენების საღამოს მოსაწვევი მობინადრეს?
15 იმის გამო, რომ მოსაწვევების გასავრცელებლად ცოტა დრო გვაქვს, უკეთესია მოკლე შეთავაზება გავაკეთოთ. იყავი მეგობრული და ენთუზიაზმით აღსავსე. მობინადრისთვის შეგეძლო ასეთი რამ გეთქვა: „ჩვენ გვსურს, რომ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და თქვენი მეგობრები მოგიწვიოთ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც 22 მარტს აღინიშნება. ინებეთ, ეს თქვენი მოსაწვევია. დაწვრილებითი ინფორმაცია მასშია მოცემული“. მობინადრეს შეიძლება კითხვები წამოეჭრას. ან შესაძლოა მან აიღოს მოსაწვევი და დასწრების სურვილიც გამოთქვას. ჩაინიშნე, თუ ვინ გამოავლენს ინტერესს და განმეორებით მიაკითხე.
16. რომელი შემთხვევა ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის დროს გახსენების საღამოზე დავპატიჟოთ ჩვენს უბანზე მცხოვრები ადამიანები?
16 გასულ წელს ერთმა ჯარისკაცმა თავისი სახლის კარებთან გახსენების საღამოს მოსაწვევი ნახა. მან გადაწყვიტა, რომ დასწრებოდა ამ შეხვედრას, მაგრამ ჯერ სერჟანტისგან ნებართვა უნდა აეღო. როდესაც ჯარისკაცმა სერჟანტს მოსაწვევი აჩვენა, სერჟანტი ცოტა ხნით შეყოვნდა, შემდეგ კი თქვა, რომ მისი მშობლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ და მათთან ერთად ესწრებოდა ხოლმე შეხვედრებს. სერჟანტმა არა მხოლოდ ნებართვა მისცა ჯარისკაცს, არამედ თავადაც წავიდა მასთან ერთად გახსენების საღამოზე!
17. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მხედველობიდან არ გვრჩება ღვთის წყალობის მიზანი?
17 გამოავლინე მადლიერება: რამდენადაც გახსენების საღამოს პერიოდი ახლოვდება, მოდი თითოეულმა ჩვენგანმა ვიფიქროთ იმ წყალობაზე, რომელსაც იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ ავლენს. პავლე მოციქულმა დაწერა: „გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი“ (2 კორ. 6:1). როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მხედველობიდან არ გვრჩება ღვთის წყალობის მიზანი? პავლე წერს: „ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ“ (2 კორ. 6:4). ამიტომ, ჩვენ მადლიერებას ვავლენთ იეჰოვას მიერ გაღებული ძღვენისადმი ჩვენი კარგი საქციელითა და სასიხარულო ცნობის გულმოდგინედ ქადაგებით. გახსენების საღამოს პერიოდში ჩვენ ბრწყინვალე შესაძლებლობა გვექნება, რომ სასიხარულო ცნობის საფუძვლიანად დამოწმებით უფრო მეტად მივიღოთ მონაწილეობა მსახურებაში.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
ვინ შეიძლება იმსახუროს დამხმარე პიონერად?
◼ ოჯახებმა
◼ მათ, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს
◼ ხანდაზმულებმა და მათ, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს
◼ სკოლის მოსწავლეებმა
[ჩარჩო 4 გვერდზე]
როდესაც გახსენების საღამოს მოსაწვევებს ავრცელებ:
◼ გააკეთე მოკლე შეთავაზება; ილაპარაკე ენთუზიაზმით
◼ ჩაინიშნე, ვინ გამოავლინა ინტერესი და განმეორებით მოინახულე
◼ შაბათ-კვირას ჟურნალებიც შესთავაზე