„სრულად იქადაგე ღვთის სიტყვა“
1 როდესაც გულწრფელად მადლიერი ხარ საჩუქრისთვის, განა ეს მადლიერება შენს განწყობილებასა და საქციელში არ ვლინდება? რა თქმა უნდა! ყურადღება მიაქციე, თუ როგორ რეაგირებდა პავლე კაცობრიობისადმი იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიკეთესა და წყალობაზე. მან აღნიშნა: „მადლი ღმერთს, მისი ენით უთქმელი საბოძვარის გამო“. რას მოიცავს ეს „საბოძვარი“? „ღვთის უზღვავ მადლს“, რაც განსაკუთრებით მაშინ გახდა ცხადი, როცა ღმერთმა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად თავისი ძე გვიბოძა (2 კორ. 9:14, 15, სსგ; იოან. 3:16).
2 იყო პავლეს მადლიერება მხოლოდ ცარიელი სიტყვები? არამც და არამც! დიდი მადლიერება მან მრავალმხრივ გამოავლინა. ის ძლიერ წუხდა თანაქრისტიანების სულიერ კეთილდღეობაზე და სურდა, დახმარებოდა მათ, რომ სრულად ესარგებლათ ღვთისგან ბოძებული წყალობით. მათ შესახებ პავლე წერდა: „ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის“ (1 თეს. 2:8). გარდა იმისა, რომ ის ცდილობდა, დახმარებოდა კრების წევრებს გადარჩენაში, პავლე დაუღალავად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას; ასობით კილომეტრს გადიოდა ზღვითა თუ ხმელეთით, რათა ეპოვა ისინი, ვინც „მარადიული სიცოცხლისთვის სწორად იყვნენ განწყობილნი“ (საქ. 13:48, აქ). ყოველივე იმისათვის მადლიერება, რაც იეჰოვამ გაუკეთა პავლეს, აღძრავდა მას „სრულად ექადაგა ღვთის სიტყვა“ (კოლ. 1:25, აქ).
3 განა არ უნდა აღგვძრას მადლიერებამ, ყოველივე იმისათვის, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩვენთვის, რომ სულიერად დავეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს კრებაში? (გალ. 6:10). განა თქვენც არ გსურთ, შეძლებისდაგვარად სრული მონაწილეობა მიიღოთ თქვენს ტერიტორიაზე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში? (მათ. 24:14).
4 მადლიერების გამოვლენის საშუალება. ყოველწლიურად ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო განსაკუთრებულ საშუალებას გვაძლევს, მადლიერება გამოვხატოთ იმისათვის, რაც იეჰოვამ და იესომ გააკეთეს ჩვენთვის. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა ან, უბრალოდ, რაიმე მოვლენის გახსენება. „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“, — თქვა იესომ (ლუკ. 22:19). ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორი პიროვნებაა იესო. ამ დროს უნდა გავაანალიზოთ, რომ დღესდღეობით ის ცოცხალია და მოღვაწეობს დიდებითა და მეფური ძალაუფლებით, რომელიც მან თავისი ერთგულებისა და გაღებული მსხვერპლისათვის მიიღო. გახსენების საღამო აგრეთვე საშუალებას გვაძლევს, დავემორჩილოთ ქრისტეს მეთაურობას, რადგან ის ხელმძღვანელობს ქრისტიანულ კრებას (კოლ. 1:17—20). ღვთის ხალხიდან ყველა უნდა დაესწროს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მის პატივსაცემად. წელს ის ჩატარდება ხუთშაბათს, 28 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ.
5 გასულ წელს, გახსენების საღამოს ჩატარებამდე, გულმოდგინე მსახურების შედეგად, საქართველოში ამ საღამოზე დამსწრეთა რიცხვმა 30 226 მიაღწია. რამდენი დაესწრება წელს? ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ „ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით“, რათა შეძლებისდაგვარად უფრო მეტი ადამიანი დაესწროს მას (1 ტიმ. 4:10).
6 ჩვენ არა მარტო დავესწრებით უფლის სერობას, არამედ შევეცდებით, მსახურებაშიც უფრო მეტი მონაწილეობა მივიღოთ. უეჭველია, ათასობით და-ძმა იმსახურებს დამხმარე პიონერად ერთი ან უფრო მეტი თვის განმავლობაში. გასულ წელს საქართველოში მარტში, აპრილსა და მაისში 3 530 დამხმარე პიონერი გვყავდა. შეგიძლია ისე მოაგვარო საქმეები, რომ დამხმარე პიონერად იმსახურო წელს? ეს შესანიშნავ საშუალებას მოგცემს, გულწრფელი მადლიერება გამოავლინო ღვთის მიერ ბოძებული ძღვენისთვის, იესოს მსხვერპლისთვის. დარწმუნებული იყავი, რომ კურთხეული იქნები იეჰოვასგან, რასაც შემდეგი შემთხვევებიც ცხადყოფს.
7 დამ, რომელსაც სრულგანაკვეთიანი სამუშაო აქვს, შემდეგი რამ დაწერა გასული წლის მარტში დამხმარე პიონერად მსახურების შესახებ: „2001 წლის თებერვლის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ყველას, ვისაც მდგომარეობა ნებას რთავდა, დამხმარე პიონერად მსახურებისკენ მოუწოდებდნენ იმ პერიოდში, რომელსაც გახსენების საღამო ემთხვევა. მარტში ხუთი კვირა იყო, რაც მოსახერხებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ამიტომ განცხადების შევსება გადავწყვიტე“. დამხმარე პიონერად მსახურების დაწყებისთანავე მან მიზნად დაისახა ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყება. მიაღწია მიზანს? დიახ, და ეს მაშინ, როდესაც უკვე 52 საათი ჰქონდა ნამსახურები იმ თვეში! რა დასკვნამდე მივიდა ის? „თუ უფრო მეტის კეთებას ვცდილობთ მსახურებაში, კურთხევებიც არ აყოვნებს“.
8 რა არის კარგი იმაში, როდესაც ოჯახის წევრები ერთად მსახურობენ პიონერებად? მაგალითად, ოჯახისთვის, რომელშიც ოთხი წევრია, გასული აპრილი დაუვიწყარი აღმოჩნდა. დედამ აღნიშნა: „ყოველი დღე სასიხარულო იყო ჩვენთვის, რადგან ერთად ვმსახურობდით! ძალიან სასიამოვნო იყო სადილის დროს მსახურების შემთხვევების განხილვა“. ვაჟმა კი ასეთი რამ თქვა: „ძალიან მიხაროდა მამასთან ერთად მსახურება კვირის განმავლობაში, იმ დროს, როდესაც ის ჩვეულებრივ სამსახურშია ხოლმე“. მამამ დასძინა: „როგორც ოჯახის თავი, კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ მთელი ოჯახი ერთობლივად ვმონაწილეობდით ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში“. შეგიძლიათ ოჯახის ყველა წევრმა იმსახუროთ პიონერებად? იქნებ ოჯახში განგეხილათ ეს საკითხი. შეძლებდით თუ არა მთელი ოჯახი დამხმარე პიონერებად მსახურებას იმ პერიოდში, რომელსაც გახსენების საღამო ემთხვევა?
9 შეგიძლია მარტის თვე საუკეთესოდ გამოიყენო? 2000 წლის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ დასმული იყო კითხვა: „შეგვიძლია თუ არა 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ?“. როგორი იყო გამოხმაურება? რამდენიმე უმაღლესი ციფრი იქნა მიღწეული. საქართველოში დამხმარე პიონერთა უმაღლესმა რიცხვმა 2 058-ს მიაღწია. შესაბამისად, საათებისა და განმეორებითი მონახულებების რიცხვმაც უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. შეგიძლია გაიხსენო, თუ როგორ გამოაცოცხლა შენი კრება აქტიურმა სულიერმა საქმიანობამ ამ განსაკუთრებულ თვეში? შეგვიძლია წელსაც მივაღწიოთ იგივე შედეგებს, ან თუნდაც გადავაჭარბოთ მათ? ერთობლივი მცდელობით 2002 წლის მარტი შეიძლება საუკეთესოდ გამოვიყენოთ. რატომ მაინცდამაინც მარტი?
10 არსებობს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს მარტი განსაკუთრებული თვე მსახურებისთვის. პირველ რიგში, რადგან გახსენების საღამო მარტის ბოლოს ჩატარდება, ეს საშუალებას მოგვცემს, თვის დასაწყისიდანვე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიწვიოთ დასასწრებად. მეორეც, წელს მარტის თვეში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც დამხმარე პიონერებად მსახურებას გაუადვილებს მათ, ვინც მუშაობს ან სკოლაში დადის. ხომ არ აჯობებდა, რომ დამჯდარიყავი და მოსახერხებელი გეგმა შეგედგინა ამ დანართში მოცემული კალენდრის გამოყენებით? დამხმარე პიონერობა შეიძლება იმაზე უფრო ადვილი იყოს, ვიდრე შენ გგონია. მაგალითად, თუ ხუთივე შაბათ-კვირას 8 საათიან მსახურებას დაგეგმავ, სხვა დღეებში — მთლიანობაში — მხოლოდ 10 საათი მსახურება დაგჭირდება 50 საათის შესასრულებლად.
11 როგორ შეუძლიათ უხუცესებს ყველას დაეხმარონ კრებაში, რომ მათ „სრულად იქადაგონ ღვთის სიტყვა“? მათი წახალისება მოხსენებებისა და პირადი საუბრების მეშვეობით შეიძლება. კრების წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებს შეუძლიათ ინიციატივა გამოავლინონ, გაესაუბრონ წიგნის შესწავლის თითოეულ წევრს და დახმარება შესთავაზონ. რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვა ან პრაქტიკული რჩევა შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს ადამიანის წასახალისებლად (იგავ. 25:11). გეგმაში მცირეოდენი ცვლილებების შეტანით, მრავალს შეუძლია დამხმარე პიონერად იმსახუროს. რამდენიმე კრებაში, უხუცესებისა და თანაშემწეების უმეტესობა თავიანთ ცოლებთან ერთად კარგ მაგალითს აძლევენ სხვებს, რადგან დამხმარე პიონერებად მსახურობენ იმ პერიოდში, რომელსაც გახსენების საღამო ემთხვევა. ეს მრავალ მაუწყებელს აღძრავს, შეუერთდნენ მათ. თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა გარემოებების გამო ზოგმა მაუწყებელმა შეიძლება ვერ შეძლოს პიონერად მსახურება; მაგრამ მათ შეუძლიათ თავიანთი მადლიერება იმით გამოავლინონ, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში კრებასთან ერთად.
12 წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ადგენენ გეგმას უხუცესები. კვირის მანძილზე შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის მოხერხებულ დროს უნდა დაიგეგმოს. თუ ეს შესაძლებელია, სამსახურებრივი ზედამხედველი გამოცდილ ძმებს წინასწარ დაავალებს სამქადაგებლო მსახურებისთვის შეხვედრების ჩატარებას. კარგად მომზადებაა საჭირო, რათა ამ შეხვედრებმა 10—15 წუთს არ გადააჭარბონ, დროის ამ მონაკვეთშივე უნდა ჩაეტიოს ჯგუფებისა და უბნების განაწილება და ლოცვა (იხილე 2001 წლის „ჩვენი სამეფო მსახურება“, შეკითხვების ყუთი). კრებაში ნათლად უნდა იყოს ახსნილი, თუ რა ღონისძიებებია თვის მანძილზე დაგეგმილი. ეს ინფორმაცია მოთავსებული უნდა იქნეს საინფორმაციო დაფაზე.
13 უბნების რაოდენობა ყველასათვის საკმარისი უნდა იყოს. სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა მოითათბიროს ძმასთან, რომელიც უბნებს ანაწილებს და დაუმუშავებელი უბნების დამუშავებას გაუწიოს ორგანიზება. ყურადღება უნდა მიექცეს კარდაკარ მსახურებას, ჯგუფურ და საღამოს საათებში ქადაგებას.
14 დაეხმარეთ მათ, განაახლონ მსახურება. არიან თქვენს კრებაში ისეთები, რომლებიც აღარ აქტიურობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში? ისინი კვლავ კრების წევრებად რჩებიან და დახმარებას საჭიროებენ (ფსალმ. 118:176). რადგან ასე ახლოს არის ამ ძველი სისტემის აღსასრული და ახალი ქვეყნიერებაც კარზეა მომდგარი, მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ყოველი ძალ-ღონე მოვახმაროთ არააქტიურების დახმარებას (რომ. 13:11, 12). გასული ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში 600-ზე მეტ ადამიანზე იმოქმედა ასეთმა დახმარებამ და კვლავ გაააქტიურა ისინი. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო მეტს გავუღვივოთ კვლავ ის რწმენა და სიყვარული, რაც მათ თავდაპირველად ჰქონდათ? (ებრ. 3:12—14).
15 უხუცესთა საბჭო განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ მათ, ვინც ბოლო ხუთი წლის მანძილზე არააქტიური გახდა (მათ. 18:12—14). მდივანმა უნდა შეამოწმოს კრების მაუწყებლების ანგარიშების ბარათები და დაადგინოს, თუ ვინ გახდა არააქტიური. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სამწყსო მონახულებებზე, რათა დახმარება აღმოეჩინოთ ასეთებს. უხუცესმა შეიძლება თან გაიყოლოს კრების ის წევრი, რომელიც ადრე იცნობდა ამ არააქტიურ მაუწყებელს და ურთიერთობა ჰქონდა მასთან. დახმარებისთვის შეიძლება სხვა მაუწყებლებსაც მიმართონ. შესაძლოა, რომელიმე მაუწყებელი ასწავლიდა მას და ახლა შეეცდება, დახმარება გაუწიოს. ვიმედოვნებთ, რომ მრავალი, ვინც არააქტიური გახდა, კვლავაც დაიწყებს ღვთის სიტყვის ქადაგებას. თუ ისინი შეესაბამებიან მოთხოვნებს, მსახურების განსაახლებლად მათთვის საუკეთესო იქნება ის დრო, რომელიც გახსენების საღამოს ემთხვევა (იხილე 2000 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთი).
16 მზად არიან სხვები, რომ იქადაგონ? იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს, რადგან კვლავაც მოჰყავს „ყოველი ერიდან სასურველნი“ (ანგ. 2:7, აქ). ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მზად არის, მოუნათლავი მაუწყებელი გახდეს. ვინ არიან ისინი? ესენი არიან იეჰოვას მოწმეთა შვილები და ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ. როგორ დავადგინოთ, მზად არიან თუ არა ისინი, რომ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებად იმსახურონ?
17 იეჰოვას მოწმეთა შვილები. მრავალი ბავშვი წლების მანძილზე თან დაჰყვება მშობლებს კარდაკარ მსახურებაში, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ არიან მოუნათლავი მაუწყებლები. მაუწყებლად გახდომისთვის მარტი შეიძლება შესაფერისი დრო აღმოჩნდეს. როგორ ფიქრობთ, მზად არის თქვენი შვილი, მოუნათლავი მაუწყებელი გახდეს? დიახ, „თუ ბავშვი სამაგალითოდ იქცევა და შეუძლია საკუთარი სურვილით სხვებთან რწმენის შესახებ ისაუბროს და ამგვარად პირადად გამოხატოს თავისი რწმენა“, — ნათქვამია წიგნში „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურებისთვის“, გვ. 100. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი მზად არის მაუწყებლობისთვის, დაელაპარაკე კრების სამსახურებრივი კომიტეტის ერთ-ერთ უხუცესს.
18 ბიბლიის შემსწავლელები. თუ ბიბლიის შემსწავლელმა მიიღო შემეცნება და გარკვეული დროის მანძილზე შეხვედრებს ესწრება, მან შეიძლება სამეფოს მაუწყებლობა მოინდომოს. თუ მასთან შესწავლას შენ ატარებ, დაფიქრდი შემდეგ საკითხებზე: თავისი ასაკისა და უნარის შესაბამისად აღწევს წარმატებას? უზიარებს სხვებს თავის რწმენას არაფორმალურად? იმოსავს ახალ პიროვნებას? (კოლ. 3:10). შეესაბამება მოთხოვნებს მოუნათლავი მაუწყებლისთვის, რომლებიც მოცემულია წიგნში „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურებისთვის“ 97—99-ე გვერდებზე? თუ დიახ, ამ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდე კრების სამსახურებრივ კომიტეტს, რათა ორი უხუცესი გაგესაუბროთ შენ და შემსწავლელს. თუ ის მზად არის, გახდეს მაუწყებელი, უხუცესები შეატყობინებენ მას, რომ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამქადაგებლო საქმიანობაში.
19 რა შეიძლება ითქვას აპრილსა და მაისზე? ეს თვეებიც უფრო აქტიურ მსახურებას დაეთმობა. მრავალმა, ვინც მარტში იმსახურებს დამხმარე პიონერად, შეიძლება პიონერული მსახურება განაგრძოს აპრილსა და (ან) მაისში. ამ თვეებში უპირატესობას მივანიჭებთ ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის გავრცელებას. მართლაც როგორ დადებით ზეგავლენას ახდენენ ისინი თავიანთი მკითხველების ცხოვრებაზე! ეს ჟურნალები დიდ როლს ასრულებენ იმ გასაოცარ ზრდაში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. აპრილსა და მაისში განსაკუთრებით ვეცდებით ამ ჟურნალების შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანისთვის შეთავაზებას. ახლავე დაგეგმე ამ საქმიანობაში მონაწილეობა.
20 რადგან უფრო აქტიური მსახურება გაქვს დაგეგმილი, უფრო მეტი ჟურნალი დაგჭირდება. სამსახურებრივი წლის განმავლობაში ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის გასავრცელებლად შაბათი გვაქვს დადგენილი. მაგრამ, ვინაიდან მრავალი დამხმარე პიონერად იმსახურებს და ყველანი ორი თვის განმავლობაში ძირითადად ჟურნალებს გავავრცელებთ, შეიძლება აუცილებელი იყოს უფრო მეტი ჟურნალის შეკვეთა. თუ ეს ასეა, დაუყოვნებლივ აცნობე ამის შესახებ ჟურნალებზე პასუხისმგებელ ძმას. ამ ძმამ ისიც უნდა შეამოწმოს, არის თუ არა ყველასათვის საკმარისი რაოდენობით ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“.
21 მრავალმა მადლიერება გამოთქვა „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული ჩარჩოსათვის „როგორ შევთავაზოთ ჟურნალები“. გამოგადგა მასში მოცემული შეთავაზებების ნიმუშები? ყოველკვირეულად ბიბლიის ოჯახური შესწავლისას ხომ არ გამოუყოფდი დროს ამ შეთავაზებების მომზადებას?
22 მაქსიმუმი აკეთე იმ პერიოდში, რომელსაც გახსენების საღამო ემთხვევა. მოდი, მოციქული პავლეს მსგავსად, ჩვენც გამოვავლინოთ იეჰოვასადმი მადლიერება „მისი ენით უთქმელი საბოძვარის გამო“; ეს კი იმ პერიოდისთვის, რომელსაც გახსენების საღამო ემთხვევა, დაგეგმილ სულიერ ღონისძიებებში სრული მონაწილეობით ვუჩვენოთ. ამაში შედის: 1) წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე ანუ უფლის სერობაზე დასწრება, რომელიც 2002 წლის 28 მარტს, ხუთშაბათს, ჩატარდება; 2) არააქტიურების დახმარება, რათა მათ კვლავ დაიბრუნონ „პირველი სიყვარული“ (გამოცხ. 2:4; რომ. 12:11); 3) ჩვენი შვილებისა და ბიბლიის შემსწავლელების დახმარება, რომლებიც მოუნათლავი მაუწყებლობისთვის არიან მზად და 4) შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მონაწილეობა სახარების ქადაგებაში, დამხმარე პიონერად მსახურება მარტსა და მომდევნო თვეებში (2 ტიმ. 4:5).
23 გულმხურვალედ ვლოცულობთ, რომ ყოველმა ჩვენგანმა სრული მონაწილეობა მიიღოს სასიხარულო ცნობის ქადაგებაში იმ პერიოდში, რომელსაც გახსენების საღამო ემთხვევა. ამგვარად ვაჩვენებთ, რამდენად მადლიერნი ვართ იეჰოვასი იმის გამო, რაც მან ჩვენთვის გააკეთა.