როგორ ვასწავლოთ ჭეშმარიტება მათ, ვისაც კითხვა უჭირს?
1. რა სირთულეს შეიძლება შევხვდეთ მსახურებაში?
1 მსახურების დროს ზოგჯერ სირთულეს ვხვდებით, როცა ისეთი ადამიანებისთვის გვიწევს ჭეშმარიტების სწავლება, რომლებსაც კითხვა უჭირთ. რის გაკეთება შეგვიძლია მათ დასახმარებლად?
2. რატომ და როგორ უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა მათდამი, ვისაც კითხვა უჭირს?
2 გამოავლინე პატივისცემა: ღმერთი ადამიანებს გულის მდგომარეობით აფასებს და არა მათი განათლებით (1 სამ. 16:7; იგავ. 21:2). ამიტომ ჩვენ ზემოდან არ უნდა ვუყურებდეთ მათ, ვისაც კითხვა უჭირს. ისინი, ალბათ, უფრო მეტად მიიღებენ ჩვენს დახმარებას, თუ მათდამი პატივისცემასა და მოთმინებას გამოვავლენთ (1 პეტ. 3:15). ამას იმით ცხადვყოფთ, თუ არ დავაძალებთ მუხლებისა და აბზაცების წაკითხვას. ბიბლიის ჭეშმარიტების სწავლასთან ერთად ასეთ შემსწავლელს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, გაიუმჯობესოს კითხვის უნარი და განიცადოს სიხარული, რომელიც ღვთის სიტყვის ‘დღედაღამ [ხმადაბლა] კითხვას’ მოაქვს (ფსალმ. 1:2, 3).
3. რა მეთოდებით შეგვიძლია ვასწავლოთ მათ, ვისაც კითხვა უჭირს?
3 ბიბლიის შესწავლაში დამხმარე მეთოდები: სურათების მეშვეობით შეგვიძლია შემსწავლელებს მასალის დამახსოვრებაში დავეხმაროთ. შენ შეგიძლია უთხრა შემსწავლელს, გამოთქვას თავისი აზრი პუბლიკაციაში მოყვანილ სურათზე. შემდეგ დაუსვი კონკრეტული კითხვა, რათა უკეთ ჩასწვდეს სურათის არსს. ბიბლიური მუხლების მეშვეობით აუხსენი შემსწავლელს, რა აზრია ჩადებული სურათებში. სურათები აგრეთვე შეგიძლია მასალის გასამეორებლად გამოიყენო. ერთ ჯერზე ძალიან ბევრ მასალას ნუ განიხილავ. ყურადღება გაამახვილე განსახილველი თავის მთავარ აზრებზე და მოერიდე დამატებითი მასალის გამოყენებას. მუხლები პირდაპირ ბიბლიიდან ამოიკითხე და კითხვების მეშვეობით დარწმუნდი, რამდენად კარგად გაიგო შემსწავლელმა წაკითხული. ამან შეიძლება გაუძლიეროს მას სურვილი, რომ გაუმჯობესდეს კითხვაში და თავად გამოიკვლიოს ბიბლიური ჭეშმარიტება.
4. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ შემსწავლელებს კითხვის უნარის გაუმჯობესებაში?
4 დაეხმარე, გაიუმჯობესონ კითხვის უნარი: მას, ვისაც კითხვა უჭირს ან გამართული კითხვის სწავლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, შეიძლება ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრების კარგი უნარი აქვს. შეგიძლია წაახალისო ის, რომ ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერები მოისმინოს. თუ ის ყურადღებით მოუსმენს წამკითხველს, დაბეჭდილ პუბლიკაციაში მასალას თვალს მიადევნებს და სიტყვებს ხმადაბლა გაიმეორებს, ეს კითხვის უნარის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ზოგ კრებებში უხუცესებმა შეიძლება კითხვის შემსწავლელი კლასები ჩამოაყალიბონ. ზემოთ მოცემული პრაქტიკული რჩევები შეიძლება დაეხმაროს მათ, ვისაც კითხვა უჭირს, რომ გაიგონ „წმინდა წერილები“, რომელთაც შეუძლია მათი დაბრძენება გადასარჩენად (2 ტიმ. 3:15).