ქუჩაში ქადაგება ეფექტურია
1. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?
1 დედამიწაზე მსახურებისას, იესო თავს არ იკავებდა, რომ დალაპარაკებოდა მათ, ვისაც ხვდებოდა გზებსა თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ლუკ. 9:57—61; იოან. 4:7). მას სურდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ცნობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა. დღეს ქუჩაში ქადაგება ხალხისთვის ღვთის სიბრძნის გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა (იგავ. 1:20). ჩვენ მეტ წარმატებას მივაღწევთ, თუ გამოვავლენთ ინიციატივას და ვიქნებით გამჭრიახები.
2. როგორ უნდა გამოავლინო ინიციატივა ქუჩაში ქადაგებისას?
2 გამოავლინე ინიციატივა: როგორც წესი, ბევრად უკეთესია, თუ ჩვენ თვითონ მივდივართ ადამიანთან, ნაცვლად იმისა, რომ ერთ ადგილზე ვიდგეთ ან ვისხდეთ და ველოდოთ, როდის მოგვიახლოვდებიან გამვლელები. გაიღიმე, დაამყარე მხედველობითი კონტაქტი, იყავი მშვიდი და მეგობრული. თუ სხვა მაუწყებელთან ერთად მსახურობ, ჩვეულებრივ, უკეთესია, თუ გამვლელთან მარტო მიხვალ. ინიციატივაა აგრეთვე საჭირო იმისთვის, რომ გამოვლენილი ინტერესის გაღვივებაზე იზრუნო. სიტუაციიდან გამომდინარე, საუბრის ბოლოს შეგიძლია თავაზიანად ჰკითხო, თუ როგორ არის მასთან დაკავშირება შესაძლებელი. ზოგი მაუწყებელი რეგულარულად ქადაგებს ქუჩაში ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, რაც საშუალებას აძლევს, ესაუბროს და ინტერესი გაუღვივოს მათ, ვისთანაც ადრე უსაუბრია.
3. როგორ უნდა გამოავლინო გამჭრიახობა ქუჩაში ქადაგებისას?
3 იყავი გამჭრიახი: კარგი განსჯის უნარია საჭირო, რომ გადაწყვიტო, სად დადგე ქუჩაში და ვინ გააჩერო. შეუძლებელია, ყველა გამვლელს უქადაგო. იყავი დაკვირვებული. მაგალითად, თუ ხედავ, რომ ადამიანი ჩქარობს, არ გააჩერო. თუ დაწესებულებების წინ ქადაგებ, იყავი გამჭრიახი, რომ ამ დაწესებულებების ადმინისტრაციის უკმაყოფილება არ გამოიწვიო. ხშირად უმჯობესია, თუ გაესაუბრები ადამიანს, რომელიც დაწესებულებიდან გამოდის და არა იმას, ვინც დაწესებულებაში შედის. ისე არ მიუახლოვდე ადამიანს, რომ დაფრთხეს ან შეშინდეს. გამჭრიახობაა საჭირო ლიტერატურის შეთავაზების დროსაც. თუ ადამიანი დიდ ინტერესს არ ავლენს, ჟურნალების ნაცვლად შეგიძლია ტრაქტატი შესთავაზო.
4. რატომ არის ქუჩაში ქადაგება სასარგებლო და სიხარულის მომტანი?
4 ქუჩაში ქადაგება საშუალებას გვაძლევს, მოკლე დროში ჭეშმარიტების მეტი თესლი დავთესოთ (ეკლ. 11:6). ქუჩაში შეიძლება ისეთ ადამიანებსაც შევხვდეთ, რომლებიც კარდაკარ ქადაგებისას სახლში არ გვხვდებიან. მოდი, დავგეგმოთ ქუჩაში ქადაგება, რომელიც არა მარტო სიხარულის მომტანია, არამედ ქადაგების ეფექტური საშუალებაცაა.