მაქსიმალურად ცდილობ, ისწავლო იეჰოვასგან?
1. როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას განათლებისადმი?
1 იეჰოვას, ჩვენს „დიდებულ მოძღვარს“, სურს, რომ განათლებულები ვიყოთ (ეს. 30:20). პირველი, ვისაც იეჰოვა ასწავლიდა, მისი მხოლოდშობილი ძე იყო (იოან. 8:28). ადამის ურჩობის შემდეგ იეჰოვას არ შეუწყვეტია დასწავლება, არამედ სიყვარულით არიგებდა და ასწავლიდა არასრულყოფილ ადამიანებს (ეს. 48:17, 18; 2 ტიმ. 3:14, 15).
2. რა საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს იეჰოვა?
2 დღეს იეჰოვა ხელმძღვანელობას უწევს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ საგანმანათლებლო პროგრამას. როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, მილიონობით ადამიანი დაიწყებდა დენას სიმბოლური გაგებით „იეჰოვას სახლის მთისკენ“ (ეს. 2:2). რატომ უნდა მივემართებოდეთ „იეჰოვას სახლის მთისკენ“? იმისათვის, რომ იეჰოვამ დაგვმოძღვროს და გვასწავლოს. (ეს. 2:3). 2010 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ხალხთან საუბარსა და მათთვის სწავლებას 1,6 მილიარდი საათი დაუთმეს. გარდა ამისა, ყოველკვირეულად მთელ მსოფლიოში 105 000-ზე მეტ კრებაში სულიერ საკითხებს სწავლობენ. საგანმანათლებლო ქრისტიანულ პუბლიკაციებს კი ერთგული და გონიერი მონა 500-ზე მეტ ენაზე გამოსცემს.
3. პირადად შენ, რა სარგებლობა მოგიტანა იეჰოვას საგანმანათლებლო პროგრამამ?
3 სრულად ისარგებლე: ღვთიურმა განათლებამ მართლაც დიდი სარგებლობა მოგვიტანა! გავიგეთ ღვთის სახელი და ის, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე (ფსალმ. 83:18; 1 პეტ. 5:6, 7). გავიგეთ პასუხები ცხოვრებაში ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, მაგალითად, რატომ იტანჯებიან და კვდებიან ადამიანები? როგორ ვიპოვო ნამდვილი ბედნიერება? რა არის სიცოცხლის აზრი? ყოველივე ამასთან ერთად, იეჰოვა გვხელმძღვანელობს ზნეობრივ საკითხებში, რის შედეგადაც „წარგვემართება გზა“ (იეს. 1:8).
4. რა და რა სკოლები თუ კურსებია ხელმისაწვდომი ღვთის მსახურებისთვის და რატომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, ვისწავლოთ იეჰოვასგან?
4 გარდა ამისა, მსახურების გასაფართოებლად იეჰოვა სპეციალიზებულ განათლებას სთავაზობს თავის მრავალ მსახურს. 4—6 გვერდებზე მოცემულია ზოგიერთი ამ სკოლის თუ კურსის ჩამონათვალი. თუ ჩვენი მდგომარეობა საშუალებას არ გვაძლევს ამ ჩამონათვალიდან რომელიმე კურსი გავიაროთ, შეგვიძლია სრულად ვისარგებლოთ იმ ღვთიური დასწავლებით, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის. ახალგაზრდებს, რომლებსაც სკოლის მასწავლებლები და სხვები ხშირად მოუწოდებენ, მიიღონ უმაღლესი განათლება, აღვძრავთ იმისკენ, რომ დაისახონ სულიერი მიზნები და მიიღონ ქვეყნიურ უმაღლეს განათლებაზე ბევრად უკეთესი — ღვთიური განათლება? თუ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისწავლოთ იეჰოვასგან, ბედნიერები ვიქნებით დღეს და მომავალში მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ (ფსალმ. 119:105; იოან. 17:3).
იეჰოვას ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამებიდან ზოგიერთი
წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები
• მიზანი: წერა-კითხვის სწავლა იმისათვის, რომ შეძლონ ბიბლიის შესწავლა და ჭეშმარიტების სხვებისთვის გადაცემა.
• ხანგრძლივობა: საჭიროებისდა მიხედვით.
• ჩატარების ადგილი: ადგილობრივი სამეფო დარბაზი.
• ვის შეუძლია დაესწროს: ყველა მაუწყებელსა და დაინტერესებულს.
• როგორ ხდება ჩაწერა: კრების უხუცესები ადგილობრივი მოთხოვნილების შესაბამისად ორგანიზებას უწევენ ასეთ კურსებს, და მოუწოდებენ, დაესწრონ ყველას, ვისაც სჭირდება.
თეოკრატიული მსახურების სკოლა
• მიზანი: ასწავლოს მაუწყებლებს, იყვნენ სასიხარულო ცნობის ეფექტური მქადაგებლები და მასწავლებლები.
• ხანგრძლივობა: უწყვეტი.
• ჩატარების ადგილი: ადგილობრივი სამეფო დარბაზი.
• ვის შეუძლია ჩაეწეროს: ყველა მაუწყებელს. აგრეთვე მათაც, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან კრებებს, ეთანხმებიან ბიბლიურ სწავლებებს და ქრისტიანული პრინციპების შესაბამისად ცხოვრობენ.
• როგორ ხდება ჩაწერა: დაელაპარაკეთ თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველს.
უცხო ენის შემსწავლელი კურსები
• მიზანი: მაუწყებლებმა ისწავლონ, როგორ იქადაგონ სასიხარულო ცნობა სხვა ენაზე.
• ხანგრძლივობა: ოთხი ან ხუთი თვე. გაკვეთილები, ჩვეულებრივ, ტარდება შაბათ დილას ერთი ან ორი საათის განმავლობაში.
• ჩატარების ადგილი: ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზი.
• ვის შეუძლია დაესწროს: სამაგალითო მაუწყებლებს, რომლებსაც სურთ უცხო ენაზე ქადაგება.
• როგორ ხდება ჩაწერა: ჯგუფებს ორგანიზებას საჭიროების მიხედვით უწევს ფილიალი.
სამეფო დარბაზების მშენებლობა
• მიზანი: სამეფო დარბაზების აშენება და გარემონტება. ეს არ არის სკოლა, მაგრამ მოხალისეები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას. შედეგად, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამშენებლო პროექტებში.
• ხანგრძლივობა: მოხალისეს მდგომარეობის მიხედვით.
• ჩატარების ადგილი: ნებისმიერი ადგილი, რომელზეც რეგიონალური სამშენებლო კომიტეტია პასუხისმგებელი ან შეზღუდული სახსრების მქონე ქვეყანა, სადაც შენდება სამეფო დარბაზები. ზოგ მოხალისეს შეიძლება სთხოვონ, გადავიდეს მოშორებულ ტერიტორიაზე სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დასახმარებლად.
• მოთხოვნები: მონათლული და-ძმები, რომლებსაც უხუცესთა საბჭო უწევს რეკომენდაციას. ისინი შეიძლება ფლობდნენ ან არ ფლობდნენ რაიმე ხელობას.
• როგორ ხდება ჩაწერა: თქვენი კრების უხუცესს გამოართვით და შეავსეთ „ანკეტა სამეფო დარბაზების მშენებლობაში დროებით მონაწილეობის მსურველთათვის“ (S-82) ან შეზღუდული სახსრების მქონე ქვეყნებისთვის „განცხადება სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამაში მოხალისედ მსახურებისთვის“ (A-25).
პიონერული მსახურების სკოლა
• მიზანი: დაეხმაროს პიონერებს, „ყოველმხრივ შეასრულონ მსახურება“ (2 ტიმ. 4:5).
• ხანგრძლივობა: 10 დღე.
• ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი. ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზი.
• მოთხოვნები: მინიმუმ ერთი წელი უნდა მსახურობდეს პიონერად.
• როგორ ხდება ჩაწერა: ავტომატურად იწვევენ ყველას, ვინც შეესაბამება მოთხოვნებს. ამის შესახებ მათ სარაიონო ზედამხედველი ატყობინებს.
სკოლა ახალი ბეთელელებისთვის
• მიზანი: ეს სკოლა ეხმარება ახალ ბეთელელებს, წარმატებით იმსახურონ ბეთელში.
• ხანგრძლივობა: 16 კვირის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ერთი საათი.
• ჩატარების ადგილი: ბეთელი.
• მოთხოვნები: უნდა იყოს ბეთელის ოჯახის მუდმივი წევრი ან დიდი ხნით მოწვეული დროებითი მოხალისე (ერთი წლით ან მეტით).
• როგორ ხდება ჩაწერა: ბეთელის ოჯახის წევრებს ავტომატურად იწვევენ.
სამეფო მსახურების სკოლა
• მიზანი: დაეხმაროს უხუცესებსა და მომსახურეებს უკეთ უხელმძღვანელონ კრებას და შეასრულონ ორგანიზაციული პასუხისმგებლობები (საქ. 20:28). ეს სკოლა ტარდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით.
• ხანგრძლივობა: ბოლო წლებში უხუცესებისთვის ეს სკოლა მიმდინარეობს დღე-ნახევრის განმავლობაში, მომსახურეებისთვის კი ერთი დღე.
• ჩატარების ადგილი: ჩვეულებრივ, ახლომდებარე სამეფო ან საკონგრესო დარბაზი.
• მოთხოვნები: უნდა იყვნენ უხუცესები ან მომსახურეები.
• როგორ ხდება ჩაწერა: სარაიონო ზედამხედველი იწვევს უხუცესებსა და მომსახურეებს.
უხუცესების სკოლაa
• მიზანი: დაეხმაროს უხუცესებს, უკეთ გაართვან თავი პასუხისმგებლობებს კრებაში.
• ხანგრძლივობა: 5 დღე.
• ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი. ჩვეულებრივ, ახლომდებარე სამეფო ან საკონგრესო დარბაზი.
• მოთხოვნები: უნდა იყოს უხუცესი.
• როგორ ხდება ჩაწერა: უხუცესებს იწვევს ფილიალი.
სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვისb
• მიზანი: სარაიონო და საოლქო ზედამხედველებს ეხმარება, უფრო ეფექტურად მოემსახურონ კრებებს, გაისარჯონ „სიტყვასა და სწავლების საქმეში“ და მწყემსონ მათთვის მიბარებული სამწყსო (1 ტიმ. 5:17; 1 პეტ. 5:2, 3).
• ხანგრძლივობა: 2 თვე.
• ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი.
• მოთხოვნები: უნდა იყვნენ სარაიონო ან საოლქო ზედამხედველები.
• როგორ ხდება ჩაწერა: მიმომსვლელ ზედამხედველებს და მათ მეუღლეებს იწვევს ფილიალი.
ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვისc
• მიზანი: ამზადებს დაუქორწინებელ უხუცესებსა და მომსახურეებს დამატებითი პასუხისმგებლობებისთვის. კურსდამთავრებულთა უმეტესობას ნიშნავენ თავიანთ ქვეყანაში იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. ზოგიერთი შეიძლება დაინიშნოს სხვა ქვეყანაში, თუ ისინი აცნობებენ ფილიალს, რომ მზად არიან ამისთვის.
• ხანგრძლივობა: 2 თვე.
• ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი. ჩვეულებრივ, საკონგრესო ან სამეფო დარბაზი.
• მოთხოვნები: 23—62 წლის დაუქორწინებელი ჯანმრთელი ძმები, რომელთაც სურთ, ემსახურონ ძმებს და ხელი შეუწყონ სამეფო ინტერესებს ყველგან, სადაც საჭიროა (მარ. 10:29, 30). მათ უწყვეტად მინიმუმ ორი წელი უნდა ჰქონდეთ ნამსახურები სრული დროით.
• როგორ ხდება ჩაწერა: თუ სკოლა ტარდება თქვენი ფილიალის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სარაიონო კონგრესზე ამ სკოლაში სწავლის მსურველთათვის ტარდება შეხვედრა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ შეხვედრაზე.
ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვისd
• მიზანი: ამზადებს წყვილებს იმისათვის, რომ უფრო სრულად ემსახურონ იეჰოვას და მის ორგანიზაციას. კურსდამთავრებულთა უმეტესობას ნიშნავენ თავიანთ ქვეყანაში იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. ზოგიერთი შეიძლება დაინიშნოს სხვა ქვეყანაში, თუ ისინი აცნობებენ ფილიალს, რომ მზად არიან ამისთვის.
• ხანგრძლივობა: 2 თვე.
• ჩატარების ადგილი: პირველი რამდენიმე კლასი ჩატარდება „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრ პატერსონში, ნიუ-იორკი, აშშ. ამის შემდგომ სკოლის ჩატარების ადგილს გადაწყვეტს ფილიალი; ძირითადად საკონგრესო ან სამეფო დარბაზი.
• მოთხოვნები: ცოლ-ქმარი 25—50 წლამდე. უნდა იყვნენ ჯანმრთელები, მდგომარეობა ნებას რთავდეთ, იმსახურონ იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა და ჰქონდეთ განწყობა: „მე წავალ! მე გამგზავნე“ (ეს. 6:8). გარდა ამისა, ისინი, სულ მცირე, ორი წლის დაქორწინებული უნდა იყვნენ და უწყვეტად სრული დროით მინიმუმ ორი წელი მაინც უნდა ჰქონდეთ ნამსახურები.
• როგორ ხდება ჩაწერა: თუ სკოლა ტარდება თქვენი ფილიალის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე ამ სკოლაში სწავლის მსურველთათვის ეწყობა შეხვედრა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ შეხვედრაზე.
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“
• მიზანი: ამზადებს პიონერებსა და სხვა სრული დროით მსახურებს მისიონერად მსახურებისთვის.
• ხანგრძლივობა: 5 თვე.
• ჩატარების ადგილი: „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში, ნიუ-იორკი, აშშ.
• მოთხოვნები: წყვილები მინიმუმ სამი წლის მონათლულები უნდა იყვნენ. პირველი ანკეტა შევსებული უნდა ჰქონდეთ 21—38 წლის ასაკში. უნდა ლაპარაკობდნენ ინგლისურად და, სულ მცირე, ორი წლის დაოჯახებულები უნდა იყვნენ და უწყვეტად მსახურობდნენ სრული დროით ორი წელი მაინც. განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობა. მოთხოვნებს შეიძლება შეესაბამებოდნენ უცხო ქვეყანაში მომსახურე პიონერები (მათ შორის ისინიც, რომლებსაც მისიონერის სტატუსი აქვთ); მიმომსვლელი ზედამხედველები; ბეთელის ოჯახის წევრები; ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის და ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის კურსდამთავრებულები.
• როგორ ხდება ჩაწერა: ზოგ ქვეყანაში საოლქო კონგრესზე ეწყობა შეხვედრა ამ სკოლაში სწავლის მსურველთათვის. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ შეხვედრაზე. თუ ასეთი შეხვედრა არ ეწყობა შენს ქვეყანაში და გსურს ამ სკოლაში სწავლა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია მისწერო ფილიალს.
სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის და მათი მეუღლეებისთვის
• მიზანი: ეხმარება ფილიალის კომიტეტის წევრებს უკეთ უხელმძღვანელონ ბეთელის სახლებს, ყურადღება მიაქციონ მსახურებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, უხელმძღვანელონ რაიონებსა და ოლქებს; აგრეთვე ზედამხედველობა გაუწიონ თარგმნის, ბეჭდვის, ლიტერატურის ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა განყოფილების საქმიანობას (ლუკ. 12:48ბ).
• ხანგრძლივობა: 2 თვე.
• ჩატარების ადგილი: „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში, ნიუ-იორკი, აშშ.
• მოთხოვნები: ფილიალის ან ქვეყნის კომიტეტის წევრები. აგრეთვე ის ძმები, რომლებსაც ახლო მომავალში დანიშნავენ კომიტეტის წევრად.
• როგორ ხდება ჩაწერა: შესაფერის ძმებს და მათ მეუღლეებს იწვევს ხელმძღვანელი საბჭო.
[სქოლიოები]
a ამჟამად ეს სკოლა ყველა ქვეყანაში არ ტარდება.
b ამჟამად ეს სკოლა ყველა ქვეყანაში არ ტარდება.
c ამჟამად ეს სკოლა ყველა ქვეყანაში არ ტარდება.
d ამჟამად ეს სკოლა ყველა ქვეყანაში არ ტარდება.