შეგიძლია იქადაგო საღამოობით?
1. ერთი წიგნის თანახმად, როდის ქადაგებდა მოციქული პავლე კარდაკარ?
1 ერთ წიგნში აღნიშნული იყო, რომ მოციქული პავლე კარდაკარ საღამოს 4 საათიდან დაღამებამდე ქადაგებდა ხოლმე (Daily Life in Bible Times). ჩვენ არ ვიცით, მართლა ქადაგებდა თუ არა პავლე ამ დროს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ის ყველაფერს აკეთებდა „სასიხარულო ცნობისთვის“ (1 კორ. 9:19—23). შესაძლოა, პავლე მსახურებას ისე გეგმავდა, რომ კარდაკარ მსახურებისას რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ექადაგა.
2. რატომ არის საღამო კარგი დრო ქადაგებისთვის?
2 მრავალ ქვეყანაში, როგორც წესი, კარდაკარ კვირის განმავლობაში დილის საათებში მიდიან. მაგრამ არის ეს საუკეთესო დრო თქვენი ტერიტორიისთვის? ერთი პიონერი თავის ტერიტორიასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „დღის განმავლობაში ცოტა თუ მხვდება უბანზე. მაგრამ საღამოობით ადამიანთა უმეტესობა სახლშია“. საღამოობით მსახურება საუკეთესო დროა, განსაკუთრებით მამაკაცებამდე რომ მიიტანო სასიხარულო ცნობა. მობინადრეები უფრო მშვიდად არიან და სასაუბროდაც არიან განწყობილები. თუ ეს პრაქტიკულია, უხუცესებმა უნდა დანიშნონ მსახურების შეხვედრა საღამოს.
3. როგორ გამოვავლინოთ გამჭრიახობა საღამოობით ქადაგებისას?
3 გამოავლინე გამჭრიახობა. საღამოობით ქადაგებისას მნიშვნელოვანია გამჭრიახობის გამოვლენა. მაგალითად, თუ ვინმეს მიაკითხე და აღმოჩნდა, რომ ამ დროს ისინი ვახშმობენ, უთხარი, რომ მოგვიანებით მიხვალ. თუ ბნელა, დადექი იქ, სადაც მობინადრეს შეუძლია შენი დანახვა, მალევე წარუდგინე თავი და უთხარი შენი მისვლის მიზეზი. გონივრულია, თუ ვიმსახურებთ ორ-ორი ან ჯგუფურად ისე, რომ ჯგუფის სხვა წევრები იქვე შორიახლოს იქნებიან, როცა ორი მაუწყებელი მობინადრეს ესაუბრება. აგრეთვე გონივრულია, თუ ქუჩაში გავჩერდებით კარგად განათებულ ადგილას და არ განვმარტოვდებით. არ მიაკითხო მობინადრეს ისე გვიან, რომ ის დასაძინებლად ემზადებოდეს (2 კორ. 6:3). თუ იმ რაიონში მსახურება საშიშია, როცა ბნელა, იქადაგე შებინდებამდე (იგავ. 22:3).
4. რა კურთხევებს მოგიტანს საღამოობით ქადაგება?
4 კურთხევები. მსახურება მეტი სიხარულის მომტანია, როცა უფრო მეტ ადამიანს ვუქადაგებთ. და რაც უფრო მეტს ვქადაგებთ, მეტი შესაძლებლობა გვეძლევა, დავეხმაროთ სხვებს რომ „გადარჩნენ და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ“ (1 ტიმ. 2:3, 4). შეგიძლია ცვლილებები მოახდინო შენს განრიგში, რათა საღამოობით ქადაგება შეძლო?