სწავლება ბროშურით „სასიხარულო ცნობა“
1. როგორ არის შედგენილი ბროშურა „სასიხარულო ცნობა“?
1 ივლისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ ნომერში ვისაუბრეთ, რომ ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ხელსაწყო“ არის ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“. ვინაიდან ბროშურაში ბიბლიური მუხლები ციტირებული არაა, მობინადრეს შეუძლია უშუალოდ ბიბლიიდან წაიკითხოს ეს მუხლები. ბევრი ჩვენი პუბლიკაცია ისეა შედგენილი, რომ დაინტერესებულ პირს მათი შესწავლა დამოუკიდებლად, მასწავლებლის დახმარების გარეშე, შეუძლია, რასაც ამ ბროშურაზე ვერ ვიტყვით. აქედან გამომდინარე, როცა ვინმეს ამ ბროშურას შევთავაზებთ, უნდა ვეცადოთ, რომ მაშინვე ვუჩვენოთ, როგორ ტარდება ამ ბროშურის დახმარებით ბიბლიის შესწავლა; ამგვარად მობინადრე დაინახავს, თუ რაოდენ სასიამოვნოა სასიხარულო ცნობის გაგება ბიბლიიდან (მათ. 13:44).
2. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ბროშურა პირველი ვიზიტის დროს?
2 პირველი ვიზიტის დროს. მობინადრეს შეგიძლია უთხრა: „დღეს ბევრი შეშფოთებულია, თუ რა ელის კაცობრიობას. როგორ ფიქრობთ, გამოსწორდება მდგომარეობა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიაში იმედის მომცემი სასიხარულო ცნობაა ჩაწერილი. აი, ზოგიერთი კითხვა, რომლებსაც ბიბლია პასუხობს“. გაუწოდე მობინადრეს ბროშურა, მიუთითე უკანა გვერდზე მოცემულ კითხვებზე და ჰკითხე, რომელ მათგანზე ისურვებდა პასუხის მიღებას. შემდეგ გადაშალე ბროშურა შესაბამის გაკვეთილზე, განიხილე მასთან პირველი აბზაცი და ამგვარად უჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეგიძლია სხვა მეთოდიც გამოიყენო: დაუსვა მობინადრეს საინტერესო შეკითხვა შენ მიერ არჩეული გაკვეთილიდან და უჩვენო, როგორ შეიძლება აღნიშნულ საკითხზე ბროშურის დახმარებით ბიბლიური პასუხის მიღება. ამასთანავე, თუ შერჩეულ გაკვეთილს ვებ-გვერდზე jw.org ახლავს ვიდეორგოლი, შეგვიძლია ისიც ვუჩვენოთ მობინადრეს.
3. ახსენი, როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლის ჩატარება ამ ბროშურით.
3 როგორ ჩავატაროთ შესწავლა. 1) წაიკითხე მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი დანომრილი კითხვა, რათა მობინადრის ყურადღება მთავარი აზრისკენ მიმართო; 2) წაიკითხე აბზაცი, რომელიც ამ კითხვას მოსდევს; 3) წაიკითხე კურსივი შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიური მუხლები, შემდეგ ტაქტიანად დაუსვი მობინადრეს კითხვები და დაეხმარე იმის დანახვაში, თუ როგორ პასუხობს დანომრილ კითხვას ამოკითხული მუხლები; 4) თუ კითხვას ერთზე მეტი აბზაცი სცემს პასუხს, თითოეული აბზაცის წაკითხვის შემდეგ გამოიყენე მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული მითითებები; თუ ამ გაკვეთილს ვებ-გვერდზე თან ახლავს ვიდეორგოლი, რომელიც ჯერ არ გიჩვენებია მობინადრისთვის, ამ ჯერზე აუცილებლად უჩვენე; 5) დაბოლოს, სთხოვე მობინადრეს, უპასუხოს დანომრილ კითხვას; ამრიგად გაიგებ, თუ რამდენად ჩასწვდა განხილულ საკითხს.
4. რა დაგეხმარება, ოსტატურად გამოიყენო ეს ბროშურა, როგორც სწავლებაში დამხმარე მართლაც ძვირფასი „ხელსაწყო“?
4 გულდასმით შეისწავლე ეს პუბლიკაცია და ნუ გაუშვებ ხელიდან მისი გამოყენების შესაძლებლობას. ყოველი შესწავლის დაწყებამდე იფიქრე შემსწავლელზე; აგრეთვე იმაზე, თუ როგორ წარმართავ მასთან მსჯელობას გაკვეთილში მოცემული ბიბლიური მუხლების გამოყენებით (იგავ. 15:28; საქ. 17:2, 3). როცა გამოცდილებას შეიძენ და ამ ბროშურის გამოყენებაში დაოსტატდები, ის შესაძლოა შენთვის ძვირფას „ხელსაწყოდ“ იქცეს ხალხისთვის ჭეშმარიტების სასწავლებლად.