შესწავლაში დამხმარე „ხელსაწყოები“
1. რა გაგებით ჰგვანან ქრისტიანი მახარობლები ხელოსნებს?
1 ხელოსნები არაერთ ხელსაწყოს იყენებენ. ზოგ იარაღს ისინი იშვიათად მიმართავენ რომელიმე კონკრეტული საქმის შესასრულებლად, ძირითად იარაღებს კი ხშირად იყენებენ. გამოცდილ ხელოსნებს ყოველთვის თან დააქვთ ძირითადი ინსტრუმენტები და მუშაობისას მათ მარჯვედ იყენებენ. ბიბლია თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს, რომ ვიმსახუროთ და ვიყოთ „მუშა, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს“ (2 ტიმ. 2:15). რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „ხელსაწყო“? ეს არის ღვთის სიტყვა — ძირითადი საშუალება, რომელსაც მოწაფეების მოსამზადებლად ვიყენებთ (მათ. 28:19, 20). აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დახელოვნებულად და სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა. თუმცა ბიბლიასთან ერთად, ჩვენ სხვა „ხელსაწყოებიც“ გვაქვს, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ; თითოეულმა ქრისტიანმა უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს „ხელსაწყოები“ მარჯვედ ხალხისთვის ჭეშმარიტების სასწავლებლად (იგავ. 22:29).
2. რომელია ჩვენი ძირითადი „ხელსაწყოები“?
2 ჩვენი ძირითადი „ხელსაწყოები“. ბიბლიის გარდა, კიდევ რომელ „ხელსაწყოებს“ ვიყენებთ? ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლითაც ადამიანებს ჭეშმარიტებას ვასწავლით, არის წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მას შემდეგ, რაც შემსწავლელთან ამ წიგნის განხილვას დავამთავრებთ, ვიწყებთ მორიგ წიგნს „დარჩით ღვთის სიყვარულში“, რათა მისი მეშვეობით შემსწავლელმა ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება შეძლოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ეს პუბლიკაციები დახელოვნებულად უნდა გამოვიყენოთ. ძირითად საშუალებებს შორისაა ზოგიერთი ბროშურაც. მაგალითად, ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ ბიბლიის შესწავლის დასაწყებად ერთ-ერთი ძირითადი „იარაღია“. თუ ჩვენს ტერიტორიაზე ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც წერა-კითხვა არცთუ ისე კარგად იციან ან საუბრობენ ენაზე, რომელზეც თითო-ოროლა პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი, ან საერთოდ არ გამოიცემა ბიბლიური ლიტერატურა, შეგვიძლია ვისარგებლოთ ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს“ ან „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ბიბლიის შემსწავლელებს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ვაცნობთ, გახლავთ ბროშურა „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“. გარდა ამისა, მოწაფეების მოსამზადებელ მთავარ ხელსაწყოებში, რომელთა ოსტატურად გამოყენებაც უნდა ვისწავლოთ, შედის ვიდეორგოლები: „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“, „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“ და „აქვს ღმერთს სახელი?“.
3. რაში დაგვეხმარება „ჩვენი სამეფო მსახურების“ მორიგი ნომრები?
3 „ჩვენი სამეფო მსახურების“ მორიგი ნომრები დაგვეხმარება იმის სწავლაში, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ძირითადი „ხელსაწყოები“ მარჯვედ. თუ ვისწავლით ამ „იარაღების“ ოსტატურად გამოყენებას, გავითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16).