„მიჰბაძეთ მათ რწმენას“
1. რომელი პუბლიკაციის განხილვას შევუდგებით 19 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში?
1 კრების ბიბლიის შესწავლაზე 2015 წლის 19 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში შევუდგებით წიგნის, „მიჰბაძეთ მათ რწმენას“, განხილვას. წიგნი ღვთის 14 ერთგული მსახურის შესახებ მოგვითხრობს. ის თვალწინ გვიცოცხლებს იმ ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებას, რომლებიც იეჰოვას მსახურების გზაზე უამრავ სირთულეს ხვდებოდნენ. ამ სახელმძღვანელოში მოთხრობილ ისტორიებს ჩვენთვის, დღეს მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის, პრაქტიკული ღირებულება გააჩნია (ებრ. 6:12).
2. რა თავისებურებებით გამოირჩევა წიგნი „მიჰბაძეთ მათ რწმენას“?
2 თავისებურებები. წიგნში შესულია დროის დიაგრამა და რუკები, რომლებიც იმის განსაზღვრაში გვეხმარება, თუ სად და როდის ცხოვრობდა ბიბლიის ესა თუ ის პერსონაჟი. გარდა ამისა, თითოეულ თავს ერთვის ჩარჩო „დაფიქრდით . . .“, რომელიც გვეხმარება, ჩავუღრმავდეთ ცალკეულ ბიბლიურ ისტორიას და დავინახოთ მათი პრაქტიკული ღირებულება. წიგნში აგრეთვე მრავლადაა მოცემული ფერადი, დეტალური და საგულდაგულო კვლევის შედეგად შექმნილი ილუსტრაციები, რაც ამ ბიბლიური ისტორიების გონების თვალით გაცოცხლებაში გვეხმარება.
3. რა შემთხვევაში აღმოჩნდება ეს წიგნი ჩვენთვის სასარგებლო?
3 რა შემთხვევაში აღმოჩნდება ეს წიგნი ჩვენთვის სასარგებლო. წიგნი ხელმძღვანელი საბჭოს გამამხნევებელი წერილით იწყება; წერილის ბოლოს ძმები შემდეგი სიტყვებით მოგვმართავენ: „გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვის უნარი და გონებაში გააცოცხლეთ წაკითხული. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მოქმედ პირთა ადგილას და შეეცადეთ იგრძნოთ ის, რასაც ისინი გრძნობდნენ და დაინახოთ ის, რასაც ისინი ხედავდნენ. დაფიქრდით, როგორ რეაგირებდნენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში და თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ მსგავს სიტუაციაში“. თუმცა წარმოსახვის უნარის გამოყენება იმას არ ნიშნავს, რომ ვიფანტაზიოროთ; ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთივშთაგონებულ სიტყვაში მოთხრობილი ისტორიები გონებაში გავაცოცხლოთ და თანავუგრძნოთ ბიბლიურ პერსონაჟებს. რა თქმა უნდა, ეს დროის გამოყოფასა და ფიქრს მოითხოვს (ნეემ. 8:8). იმ შემთხვევაში, თუ კრების ბიბლიის შესწავლაზე დაწყებულ თავს ვაგრძელებთ, ჩამტარებელმა ნახევარი წუთიდან ერთ წუთამდე უნდა დაუთმოს წინა შეხვედრაზე განხილული მასალის გამეორებას. თუ კრების ბიბლიის შესწავლისთვის გამოყოფილ მასალას თან არ ახლავს ჩარჩო „დაფიქრდით . . .“, ჩამტარებელმა შესწავლის დასასრულს განხილული მასალა ერთი ან ორი კითხვით უნდა გადაამეორებინოს აუდიტორიას.
4. რატომ უნდა შევისწავლოთ წიგნი „მიჰბაძეთ მათ რწმენას“?
4 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც დღითი დღე, უფრო და უფრო ძნელდება რწმენის შენარჩუნება. ამ წიგნში მოთხრობილი ბიბლიური პერსონაჟების ისტორიები, „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში, „მიჰბაძეთ მათ რწმენას“, დაბეჭდილ სხვა ისტორიებთან ერთად, შეუფასებელი ძღვენია იეჰოვასგან; ეს ყოველივე მისდამი რწმენას გვიმტკიცებს (იაკ. 1:17). მოდი, რეგულარულად დავესწროთ კრების ბიბლიის შესწავლას და შეძლებისდაგვარად მივიღოთ მონაწილეობა კომენტარებში, რათა ამ წიგნმა ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწიოს!