იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
სიხარულით იქადაგე სამეფოს შესახებ
ზოგჯერ ხომ არ გიჭირს ქადაგება? ბევრმა შეიძლება დადებითად უპასუხოს ამ კითხვას, რადგან სამქადაგებლო უბნებზე შეიძლება ხშირად ვხვდებით გულგრილობასა და უხეშობას ან უცხოებთან საუბრის წამოწყება გვიჭირს. ამან შეიძლება სიხარული წაგვართვას. მიუხედავად ამისა, ჩვენ თაყვანს ვცემთ ბედნიერ ღმერთს, რომელსაც სურს, სიხარულით ვემსახუროთ (ფსალმ. 100:2; 1 ტიმ. 1:11). რომელი სამი მიზეზის გამო უნდა განვაგრძოთ სიხარულით ქადაგება?
პირველი, ჩვენ იმედის მომცემ ცნობას ვაცხადებთ. დღეს ადამიანები სულ უფრო და უფრო კარგავენ იმედს, ამიტომ შეგვიძლია მათ უკეთესი მომავლის შესახებ სასიხარულო ცნობა ვაუწყოთ (ეს. 52:7). თუმცა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ჩვენც სიხარულით გვივსებს გულებს. მსახურებაში გასვლამდე იფიქრე, რა კურთხევებს მოიტანს ღვთის სამეფო დედამიწაზე.
მეორე, სასიხარულო ცნობა ადამიანების სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. ისინი სწავლობენ, როგორ მიატოვონ მავნე ჩვევები და როგორ დაადგნენ მარადიული სიცოცხლის გზას (ეს. 48:17, 18; რომ. 1:16). წარმოიდგინეთ, რომ სამძებრო-სამაშველო საქმეში ვმონაწილეობთ. ზოგს არ უნდა გადარჩენა, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ მათ ძებნას, ვისაც გადარჩენა სურს (მათ. 10:11—14).
მესამე, რაც ყველაზე მთავარია, ქადაგება განადიდებს იეჰოვას. ის ძალიან აფასებს ჩვენს მსახურებას (ეს. 43:10; ებრ. 6:10). უფრო მეტიც, იეჰოვა გულუხვად გვაძლევს წმინდა სულს ამ საქმის შესასრულებლად. ამიტომ მას უნდა ვთხოვოთ სიხარული, რომელიც სულის ნაყოფის შემადგენელი ერთ-ერთი თვისებაა (გალ. 5:22). იეჰოვას დახმარებით შევძლებთ შიშის დაძლევას და გაბედულად ქადაგებას (საქ. 4:31). შედეგად, ქადაგება სიხარულს მოგვანიჭებს იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოგვეხმაურება ხალხი (ეზეკ. 3:3).
როგორი განწყობა გინდა, გქონდეს მსახურებაში? როგორ შეგიძლია გამოხატო სიხარული?
უყურე ვიდეორგოლს „პირადი შესწავლისა და ფიქრის შედეგად სიხარული დამიბრუნდა“. შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს ვქადაგებთ, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება პირად შესწავლას?
რაში უნდა მივბაძოთ მარიამს?
როდის გამოყოფ დროს ღვთის სიტყვაზე ფიქრისთვის?
რა განიჭებს სიხარულს ქადაგების დროს?