რა შემთხვევაში შეისმენს ღმერთი თქვენს ლოცვებს?
იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია (ფსალმუნი 65:2). არა აქვს მნიშვნელობა, გულში ლოცულობთ თუ ხმამაღლა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროსა და ადგილას მიმართოთ ღმერთს ლოცვით. იეჰოვა ღმერთს სურს, რომ მამა ვუწოდოთ. ის ნამდვილად საუკეთესო მამაა (მათე 6:9). ღმერთი სიყვარულით გვასწავლის, როგორ ვილოცოთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ შეისმინოს ჩვენი სათხოვარი.
ილოცეთ იესოს სახელით
„თუკი რამეს სთხოვთ მამას ჩემი სახელით, ის მოგცემთ“ (იოანე 16:23).
როგორც იესოს სიტყვებიდან ვიგებთ, ღმერთს სურს, რომ იესო ქრისტეს სახელით მივმართოთ ლოცვით და არა ხატების, წმინდანების, ანგელოზების ან გარდაცვლილი წინაპრების მეშვეობით. როცა იესოს სახელით ვლოცულობთ, მის უდიდეს როლს ვაღიარებთ. თავად იესომ თქვა: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).
ილოცეთ მთელი გულით
„გული გადმოუღვარეთ მას“ (ფსალმუნი 62:8).
ლოცვის დროს ისე უნდა ვესაუბროთ ღმერთს, როგორც მოსიყვარულე მამას. ნაცვლად იმისა, რომ დაზეპირებული ლოცვები წარმოვთქვათ ან დაწერილი ლოცვები წავიკითხოთ, ჩვენი სიტყვები გულით უნდა იყოს წარმოთქმული და პატივისცემას გამოხატავდეს.
ილოცეთ ღვთის ნების შესაბამისად
„რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14).
ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვიმჟღავნებს, რას განიზრახავს ადამიანებისთვის და რის გაკეთებას მოელის მათგან. ღმერთმა ჩვენი სათხოვარი რომ შეისმინოს, მისი ნებისამებრ უნდა ვილოცოთ. ბიბლიის შესწავლა დაგვეხმარება, კარგად გავეცნოთ ღმერთს და მისთვის მისაღები სახით მიუახლოვდეთ ლოცვით.
რაზე შეგიძლიათ ილოცოთ?
ილოცეთ თქვენს საჭიროებებზე. შეგვიძლია ღმერთს ვთხოვოთ ის, რაც ყოველდღიურად გვჭირდება — საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი; ასევე სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ძალა განსაცდელების ასატანად. გარდა ამისა, შეგვიძლია ვთხოვოთ, გვქონდეს რწმენა, ვიყოთ მიმტევებლები და ვიგრძნოთ მისი ხელი ჩვენს ცხოვრებაში (ლუკა 11:3, 4, 13; იაკობი 1:5, 17).
ილოცეთ სხვებისთვის. მზრუნველ მშობლებს ახარებთ, როცა ხედავენ, როგორც უყვართ მათ შვილებს ერთმანეთი. იეჰოვასაც სურს, რომ მისმა მიწიერმა შვილებმა ერთმანეთზე იზრუნონ. კარგი იქნება, თუ მეუღლეზე, შვილებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე ვილოცებთ. მოწაფე იაკობმა მოგვიწოდა: „ილოცეთ ერთმანეთისთვის“ (იაკობი 5:16).
გამოხატეთ მადლიერება. ბიბლიაში ჩვენი შემოქმედის შესახებ ნათქვამია: „გაძლევდათ წვიმას ციდან და უხვ მოსავალს, არ გაკლებდათ სარჩოს და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქმეები 14:17). როცა ვფიქრობთ, რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის, სურვილი გვიჩნდება, მადლიერება გამოვხატოთ მისდამი. ცხადია, ჩვენი ცხოვრების წესიც უნდა მეტყველებდეს, რომ ვემადლიერებით ჩვენს შემოქმედს (კოლოსელები 3:15).
იყავით მომთმენი და გამუდმებით ილოცეთ
დროდადრო შეიძლება გული გაგვიტყდეს იმის გამო, რომ უმალვე არ ვიღებთ პასუხს ლოცვაზე. უნდა დავასკვნათ, რომ ღმერთი არ ინტერესდება ჩვენით? არამც და არამც! ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები შეგვახსენებს, რომ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ლოცვა.
შესავალ სტატიაში მოხსენიებული სტივი ამბობს: „განუწყვეტლივ რომ არ მელოცა, დიდი ხნის წინ ჩავიქნევდი ცხოვრებაზე ხელს“. სტივმა ბიბლიის შესწავლის დროს გაიგო, რომ აუცილებელია ლოცვა, თანაც გამუდმებით. ის განაგრძობს: „ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მზრუნველი მეგობრებისგან ვგრძნობ. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ!“.
რის თქმა შეგვიძლია ჯენიზე, რომელიც ფიქრობდა, რომ ღვთის ყურადღების ღირსი არ იყო? ის ამბობს: „ყველაზე კრიტიკულ მომენტში ღმერთს ვევედრებოდი, დაენახვებინა ჩემთვის, რატომ მქონდა ასეთი დაბალი თვითშეფასება“. როგორ დაეხმარა ღმერთი მას? ჯენი დასძენს: „ლოცვის წყალობით ღვთის თვალით დავინახე საკუთარი თავი და დავრწმუნდი, რომ იეჰოვა არ განმსჯის მაშინაც კი, როცა ჩემი გული მსჯავრს მდებს. ლოცვა იმაშიც დამეხმარა, რომ ხელი არ ჩამექნია. ღმერთთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ ის რეალური პიროვნებაა. იეჰოვა მოსიყვარულე და მზრუნველი ღმერთი, მამა და მეგობარია, რომელიც ყოველთვის დამიჭერს მხარს და დამეხმარება, მის მოსაწონად ვიცხოვრო“.
„ვრწმუნდები, რომ იეჰოვა ღმერთმა უპასუხა ჩემს ლოცვებს“, — ამბობს იზაბელი, რომლის ვაჟიც შეზღუდული მდგომარეობის მიუხედავად ხარობს სიცოცხლით.
დავფიქრდეთ იზაბელის შემთხვევაზეც, რომელსაც ორსულობის დროს ექიმებმა უთხრეს, რომ მისი შვილი ინვალიდი იქნებოდა. ამ ამბავმა იზაბელი გაანადგურა. ზოგმა აბორტის გაკეთებაც კი ურჩია. როგორ მოიქცა ის? იზაბელი გვიამბობს: „მეგონა, ამხელა ტკივილს ვერ გავუძლებდი. გამუდმებით ვთხოვდი ღმერთს დახმარებას“. მოგვიანებით მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც ჯერარდი დაარქვა. ექიმების დიაგნოზი გამართლდა. თუმცა იზაბელი ფიქრობს, რომ ღმერთმა უპასუხოდ არ დატოვა მისი ლოცვა. ის ამბობს: „ჩემი ვაჟი, რომელიც ამჟამად 14 წლისაა, თავისი მდგომარეობის მიუხედავად ხარობს სიცოცხლით. ამის შემხედვარე ვრწმუნდები, რომ იეჰოვა ღმერთმა უპასუხა ჩემს ლოცვებს და მისი სახით საუკეთესო საჩუქარი გამიკეთა“.
ასეთი შემთხვევები ფსალმუნმომღერლის სიტყვებს გვახსენებს: „შენ შეისმენ თვინიერთა სათხოვარს, იეჰოვა. შენ განუმტკიცებ მათ გულს და ყურადღებით მოუსმენ“ (ფსალმუნი 10:17). ყოველივე ზემოთქმული ნამდვილად გვაძლევს საფუძველს, არასოდეს შევწყვიტოთ ლოცვა!
ბიბლიაში იესოს არაერთი ლოცვაა ჩაწერილი. თუმცა ყველაზე ცნობილი ის ლოცვაა, რომელიც მოწაფეებს ასწავლა. რას ვსწავლობთ ამ ლოცვიდან?