საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w21 ოქტომბერი გვ. 8-13
  • ჩვენი ღმერთი „დიდად მოწყალეა“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩვენი ღმერთი „დიდად მოწყალეა“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲕᲚᲔᲜᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲐᲡ
  • ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲘᲪᲮᲕᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲚᲘ?
  • ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲗᲘᲗᲝᲔᲣᲚ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜᲡ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐᲨᲘ
  • ‘თქვენი მამა გულმოწყალეა’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • როგორ გამოვავლინოთ გულმოწყალება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!
    უმღერეთ იეჰოვას
  • წყალობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
w21 ოქტომბერი გვ. 8-13

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 41

ჩვენი ღმერთი „დიდად მოწყალეა“

„იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს, მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 145:9).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 44 თავმდაბლის ლოცვა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa

1. როგორ დაახასიათებდით გულმოწყალე ადამიანს?

ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ სიტყვა „გულმოწყალე“ გვესმის, გონებაში წარმოგვიდგება თბილი, თანამგრძნობი, კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი. შეიძლება ამან იესოს იგავიც გაგვახსენოს კეთილ სამარიელზე. ამ უცხოტომელმა კაცმა „გულმოწყალება გამოიჩინა“ ებრაელის მიმართ, რომელსაც ყაჩაღები დაესხნენ თავს და სცემეს. მის დანახვაზე სამარიელს „გული დაეწვა“ და სიყვარულით იზრუნა მასზე (ლუკ. 10:29—37). ეს იგავი ხაზს უსვამს იეჰოვას მიმზიდველ თვისებას, გულმოწყალებას, რომელსაც სიყვარული უდევს საფუძვლად. ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ ღვთის გულმოწყალებას.

2. კიდევ რას გულისხმობს გულმოწყალება?

2 გულმოწყალება დამნაშავის დაუსჯელად დატოვებასაც გულისხმობს. სწორედ ასე იქცევა იეჰოვა. ის უდიდეს გულმოწყალებას ავლენს ჩვენ მიმართ. ფსალმუნმომღერალმა ამას გაუსვა ხაზი, როცა თქვა: „ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი“ (ფსალმ. 103:10). თუმცა იეჰოვამ ზოგჯერ შეიძლება მკაცრადაც დასაჯოს შემცოდველი.

3. რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში სამ კითხვას გაეცემა პასუხი: რატომ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას? არსებობს რაიმე კავშირი მკაცრი ზომების გატარებასა და გულმოწყალებას შორის? რა დაგვეხმარება, რომ გულმოწყალება გამოვავლინოთ? მოდი ეს კითხვები ბიბლიის ჭრილში განვიხილოთ.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲕᲚᲔᲜᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲐᲡ

4. რატომ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას?

4 იეჰოვას გულმოწყალება სიყვარულით არის ნაკარნახევი. მოციქული პავლე წერდა, რომ ღმერთი „დიდად მოწყალეა“. როგორც კონტექსტიდან ვიგებთ, პავლე მოციქული ღვთის გულმოწყალებაზე იმიტომ საუბრობს, რომ მან წყალობა გამოიჩინა თავისი არასრულყოფილი მსახურების მიმართ და ზეციერი იმედი უბოძა (ეფეს. 2:4—7). მაგრამ იეჰოვას წყალობა მხოლოდ ცხებულ ქრისტიანებზე არ ვრცელდება. როგორც ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა, „იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს, მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9). ვინაიდან იეჰოვას უყვარს ადამიანები, ის ყოველთვის ავლენს გულმოწყალებას, როცა ამის საფუძველს ხედავს.

5. როგორ დაინახა იესომ, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია?

5 იესოზე უკეთ არავინ იცის, როგორი გულმოწყალე ღმერთია იეჰოვა. კაცობრიობის შექმნიდან ათასობით წლის მანძილზე იესო ზეცაში მამის გვერდით იყო (იგავ. 8:30, 31). ის კარგად ხედავდა, რა დიდ გულმოწყალებას იჩენდა იეჰოვა თავისი ცოდვილი მსახურების მიმართ (ფსალმ. 78:37—42). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ხშირად ამახვილებდა ყურადღებას მამის ამ ძვირფას თვისებაზე.

მამამ კი არ გაკიცხა გზასაცდენილი შვილი, არამედ გულთბილად მიიღო (იხილეთ აბზაცი 6).c

6. რომელი გულში ჩამწვდომი იგავის მეშვეობით დაგვანახვა იესომ, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია?

6 როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, იესომ გულში ჩამწვდომი იგავის მეშვეობით დაგვანახვა, რამდენად გულმოწყალე ღმერთია იეჰოვა. იგავის თანახმად უმცროსი ვაჟი სახლიდან წავიდა, „თავაშვებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი და რაც ჰქონდა, ყველაფერი გაფლანგა“ (ლუკ. 15:13). მოგვიანებით მან ინანა, რომ უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, თავი დაიმდაბლა და სახლში დაბრუნდა. როგორ შეხვდა მას მამა? იგავში ნათქვამია: „მამამ შვილს შორიდანვე მოჰკრა თვალი და გული დაეწვა; გაიქცა, გულში ჩაიკრა და დაკოცნა“. მამამ კი არ გაკიცხა შვილი, არამედ გულმოწყალება გამოიჩინა მის მიმართ, აპატია და კვლავ მიიღო თავის ოჯახში. მართალია, შვილმა სერიოზული ცოდვები ჩაიდინა, მაგრამ მისმა გულწრფელმა მონანიებამ მამა პატიებისკენ აღძრა. იგავში მოხსენიებული გულმოწყალე მამა იეჰოვას განასახიერებს. ამ იგავის მეშვეობით იესომ დაგვანახვა, რამხელა მზაობა აქვს იეჰოვას, აპატიოს გულწრფელად მომნანიებელ შემცოდველებს (ლუკ. 15:17—24).

7. როგორ ჩანს იეჰოვას სიბრძნე, როცა ის გულმოწყალებას ავლენს?

7 იეჰოვას გულმოწყალებისკენ უსაზღვრო სიბრძნეც უბიძგებს. იეჰოვას სიბრძნე მხოლოდ მშრალი ფაქტების ცოდნასა და ინტელექტთან არ ასოცირდება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღვთიური სიბრძნე . . . სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით“ (იაკ. 3:17). როგორც მოსიყვარულე მშობელმა, იეჰოვამ იცის, რომ გულმოწყალება თავისივე შვილების კეთილდღეობას ემსახურება (ფსალმ. 103:13; ეს. 49:15). ღვთიური გულმოწყალება ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, მომავლის იმედს გვისახავს. თავისი უბადლო სიბრძნიდან გამომდინარე, იეჰოვა მზად არის, გულმოწყალება გამოავლინოს, როცა ამის საფუძველს ხედავს. თუმცა ამავე დროს ის უადგილოდ არ იჩენს გულმოწყალებას. სიბრძნიდან გამომდინარე იეჰოვას გულმოწყალება არასდროს გადასდის ზედმეტ შემწყნარებლობაში.

8. რა ზომების მიღებაა ზოგჯერ საჭირო და რატომ?

8 დავუშვათ, ქრისტიანმა შეგნებულად დაიწყო უზნეო ცხოვრება. ჩვენ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მის მიმართ? „აღარ იქონიოთ ურთიერთობა მასთან“, — წერდა პავლე ღვთივშთაგონებით (1 კორ. 5:11). მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან ირიცხებიან. ეს გადამწყვეტი ზომა კრებასაც იცავს და იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვასაც ემსახურება. თუმცა ზოგს შეიძლება გაუჭირდეს, რომ გარიცხვაში ღვთის გულმოწყალება დაინახოს. მოდი განვიხილოთ, რა კავშირია გარიცხვასა და გულმოწყალებას შორის.

ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲘᲪᲮᲕᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲚᲘ?

მწყემსი უახლოვდება სნეულ ცხვარს, რომელიც ცალკეა დამწყვდეული.

ავადმყოფი ცხვარი შეიძლება ფარისგან იყოს მოწყვეტილი, მაგრამ მწყემსის მზრუნველობის გარეშე არ რჩება (იხილეთ აბზაცები 9—11).

9, 10. ებრაელების 12:5, 6-დან გამომდინარე, რატომ არის გარიცხვა გულმოწყალების მაჩვენებელი? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ჩვენ გული ძალიან გვწყდება, როდესაც კრების შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის, ვისთანაც ვმეგობრობდით, აღარ არის იეჰოვას მოწმე. შეიძლება ამ დროს დაგვებადოს კითხვა, აუცილებელი იყო თუ არა მისი გარიცხვა. არის კი სინამდვილეში გარიცხვა გულმოწყალების მაჩვენებელი? სწორედაც რომ არის. საჭიროების შემთხვევაში დასჯისგან თავშეკავება არც ბრძნულია და არც გულმოწყალებისა და სიყვარულის მაჩვენებელი (იგავ. 13:24). გარიცხვა მოუნანიებელ შემცოდველს შეიძლება ცხოვრების კურსის შეცვლაში დაეხმაროს. ბევრი, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და ვის მიმართაც უხუცესებმა ეს გადამჭრელი ზომები მიიღეს, გონს მოეგო, შეიცვალა ცხოვრების წესი და დაუბრუნდა მზრუნველ ზეციერ მამას (წაიკითხეთ ებრაელების 12:5, 6).

10 თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. მწყემსი ფარაში ამჩნევს ავადმყოფ ცხვარს. მან იცის, რომ ამ დაავადების გამო ცხვარი დროებით ფარისგან უნდა განაცალკეოს და ასე უმკურნალოს. ზოგადად ცხვარს უყვარს ფარაში ყოფნა. ამიტომ განცალკევებული ცხვარი შეიძლება მოუსვენრობამ შეიპყროს. ნიშნავს ეს იმას, რომ მწყემსი მას უმოწყალოდ და მკაცრად მოექცა? რა თქმა უნდა, არა. მწყემსმა იცის, რომ თუ ეს ცხვარი ფარაში გაერევა, მთელ ფარას დაასნეულებს. ასე რომ, ავადმყოფი ცხვრის იზოლაცია მთელ ფარას იცავს (შეადარეთ ლევიანების 13:3, 4).

11. ა) რა გაგებით ჰგავს გარიცხული ავადმყოფ ცხვარს? ბ) რა საშუალებებით შეუძლია ისარგებლოს გარიცხულმა?

11 გარიცხული ქრისტიანი რაღაცით შეიძლება ამ ავადმყოფ ცხვარს შევადაროთ, ოღონდ ამ შემთხვევაში სულიერ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე (იაკ. 5:14). სულიერი ავადმყოფობა ზოგი ფიზიკური ავადმყოფობის მსგავსად ადვილად გადამდებია. ამიტომ შიგადაშიგ საჭირო ხდება სულიერად დასნეულებული ქრისტიანის იზოლირება კრებიდან. ამ სადამსჯელო ღონისძიებით იეჰოვა სიყვარულს გამოხატავს თავისი ერთგული სამწყსოს მიმართ. გარდა ამისა, ეს შემცოდველს შეიძლება დანაშაულის გაცნობიერებასა და მონანიებაში დაეხმაროს. გარიცხულს შეუძლია დაესწროს კრების შეხვედრებს, სადაც ის სულიერად გამოიკვებება და მომჯობინდება. გარდა ამისა, მას შეუძლია მიიღოს პირადი ლიტერატურა და უყუროს JW მაუწყებლობას®. თუ უხუცესები მასში შენიშნავენ სასიკეთო ცვლილებებს, შიგადაშიგ მას სათანადო რჩევებსა და მითითებებს მისცემენ, რათა საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს სულიერად და კვლავაც დაუბრუნდეს კრებას, როგორც ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე.b

12. როგორ ჩანს სიყვარული და გულმოწყალება უხუცესების მხრიდან, როცა ისინი მოუნანიებელ შემცოდველს კრებიდან რიცხავენ?

12 საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კრებიდან მხოლოდ მოუნანიებელი შემცოდველები ირიცხებიან. ვინაიდან ეს სერიოზული საკითხია, უხუცესები მას ზედაპირულად არ ეკიდებიან. მათ იციან, რომ იეჰოვა ყველას სამართლიანად სჯის (იერ. 30:11). მათ უყვართ და-ძმები და არ უნდათ, რომ ვინმეს სულიერი ზიანი მიადგეს. თუმცა ზოგ შემთხვევაში სიყვარულისა და გულმოწყალების მაჩვენებელი იქნება, თუ შემცოდველი კრებიდან გაირიცხება.

13. რატომ უნდა გაერიცხათ კორინთელ ქრისტიანებს შემცოდველი?

13 ვნახოთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა მოციქულ პავლეს მოუნანიებელი შემცოდველის მიმართ. პირველი საუკუნის კორინთის კრებაში ერთი ქრისტიანი უზნეობას სჩადიოდა მამამისის ცოლთან, რაც ნამდვილად აღმაშფოთებელი იყო. ამ საკითხზე იეჰოვას ისრაელებისთვის ასეთი კანონი ჰქონდა მიცემული: „ვინც მამამისის ცოლთან დაწვება, მამამისს შეურაცხყოფს. ორივენი უნდა მოკვდნენ“ (ლევ. 20:11). ფაქტია, პავლე კორინთის კრებას ამ კაცის სიკვდილით დასჯას ვერ მოსთხოვდა, მაგრამ პავლეს მითითებისამებრ მათ კრებიდან უნდა გაერიცხათ შემცოდველი. როგორც ჩანს, ამ კაცის საქციელმა სხვებზეც უარყოფითად იმოქმედა კრებაში, რადგან ზოგიერთები შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ ამ აღმაშფოთებელ საქციელს (1 კორ. 5:1, 2, 13).

14. როგორ გამოავლინა პავლემ გულმოწყალება კორინთის კრებაში გარიცხული ქრისტიანის მიმართ და რატომ? (2 კორინთელები 2:5—8, 11).

14 მოგვიანებით პავლემ შეიტყო, რომ ეს კაცი გამოსწორდა. შემცოდველმა გულწრფელად მოინანია თავისი საქციელი. მართალია, ამ კაცმა შეარცხვინა კრება, მაგრამ პავლემ უხუცესებს მისწერა, რომ არ სურდა ზედმეტად მკაცრად მოქცეოდა მას. პირიქით, მოციქულმა ასეთი მითითება მისცა უხუცესებს: „ახლა მთელი გულით უნდა აპატიოთ მას და ანუგეშოთ“. პავლემ ამის მიზეზიც ახსნა: „რათა დარდმა არ შთანთქას“. პავლე სიბრალულით განეწყო ამ მომნანიებელი ქრისტიანის მიმართ. მას არ სურდა, რომ ეს კაცი ისე შთაენთქა დარდს, რომ საკუთარ თავზე ხელი ჩაექნია და კრებაში დაბრუნების სურვილი დაეკარგა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:5—8, 11).

15. როგორ უნდა დააბალანსონ უხუცესებმა სიმტკიცე და გულმოწყალება?

15 იეჰოვას მსგავსად უხუცესები ცდილობენ, სიყვარული და გულმოწყალება გამოიჩინონ. საჭიროების შემთხვევაში ისინი გადამჭრელ ზომებს მიმართავენ, მაგრამ არც გულმოწყალებას ივიწყებენ, როცა ამის საფუძველს ხედავენ. მათ ახსოვთ, რომ გულმოწყალება ზედმეტ შემწყნარებლობას არ ნიშნავს. მაგრამ მხოლოდ უხუცესებს მართებთ გულმოწყალების გამოვლენა?

ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲗᲘᲗᲝᲔᲣᲚ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜᲡ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐᲨᲘ

16. იგავების 21:13-ის თანახმად, როგორ ეპყრობა იეჰოვა მათ, ვინც სხვების მიმართ გულმოწყალებას არ იჩენს?

16 ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ იეჰოვას მსგავსად გულმოწყალე იყოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვა არ შეისმენს მათ სათხოვარს, ვინც სხვების მიმართ გულმოწყალებას არ ავლენს (წაიკითხეთ იგავების 21:13). თუ გვსურს, იეჰოვამ ყურად იღოს ჩვენი ლოცვები, ყველანაირად შევეცდებით, რომ გული არ გავიქვაოთ სხვების მიმართ. ჩვენ, ასე ვთქვათ, ყური კი არ უნდა დავიხშოთ საწყლის ჩივილზე, არამედ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, მოვუსმინოთ გასაჭირში მყოფ ქრისტიანს. გარდა ამისა, გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ეს ღვთივშთაგონებული რჩევა: „ვინც გულმოწყალე არ არის, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება“ (იაკ. 2:13). თუ თავმდაბლად ვაღიარებთ, რომ ჩვენც ვსაჭიროებთ გულმოწყალებას, სხვების მიმართაც არ გაგვიჭირდება ამ თვისების გამოვლენა. ეს თვისება განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როცა მომნანიებელი შემცოდველი უბრუნდება კრებას.

17. საიდან გამოჩნდა მეფე დავითის გულმოწყალება?

17 ბიბლიური მაგალითები გვეხმარება, უფრო გულმოწყალეები გავხდეთ და სხვების მკაცრად განსჯას მოვერიდოთ. განვიხილოთ მეფე დავითის მაგალითი. ის გულმოწყალებით გამოირჩეოდა. მართალია, საული მოსაკლავად დასდევდა, მაგრამ დავითს არასდროს უცდია შურისძიება ღვთის ცხებულ მეფეზე და ყოველთვის გულმოწყალედ ექცეოდა (1 სამ. 24:9—12, 18, 19).

18, 19. რომელ ორ შემთხვევაში ვერ გამოავლინა დავითმა გულმოწყალება?

18 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დავითი ყოველთვის ვერ იჩენდა გულმოწყალებას. მაგალითად, როცა ერთი უვარგისი კაცი, ნაბალი, უკმეხად დაელაპარაკა მის ხალხს და უარი უთხრა საკვების მიცემაზე, გაცეცხლებულმა დავითმა გადაწყვიტა, ნაბალი და მის სახლეულობაში ყველა მამაკაცი გაეჟლიტა. რომ არა ნაბალის გონიერი ცოლის, აბიგაილის, სწრაფი რეაგირება, დავითი სისხლში გაისვრიდა ხელს (1 სამ. 25:9—22, 32—35).

19 ერთხელ წინასწარმეტყველი ნათანი დავითს მოუყვა ამბავს მდიდარ კაცზე, რომელმაც ღარიბ მეზობელს ერთადერთი ნალოლიავები ცხვარი წაართვა. განრისხებულმა დავითმა თქვა: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის ჩამდენი!“ (2 სამ. 12:1—6). დავითმა იცოდა მოსეს კანონი, რომლის თანახმადაც ცხვრის ქურდს ნაქურდალი ოთხმაგად უნდა ეზღო (გამ. 22:1). მაგრამ ქურდის სიკვდილით დასჯა მეტისმეტად მკაცრი სასჯელი იყო. ნათანმა დავითს ეს მაგალითი იმიტომ მოუყვანა, რომ მისთვის თვალნათლივ დაენახვებინა, რაოდენ უფრო სერიოზულ და თანაც არაერთ დანაშაულში მიუძღოდა თავად მას ბრალი. იეჰოვამ გაცილებით დიდი გულმოწყალება გამოავლინა დავითისადმი, ვიდრე დავითმა ნათანის იგავში მოხსენიებული ცხვრის მიმთვისებლის მიმართ (2 სამ. 12:7—13).

მეფე დავითმა სასიკვდილოდ გაიმეტა ნათანის იგავში მოხსენიებული კაცი (იხილეთ აბზაცები 19, 20).d

20. რას ვსწავლობთ დავითის მაგალითიდან?

20 ცხელ გულზე დავითმა ნაბალსა და მის სახლეულობაში ყველა მამაკაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მოგვიანებით კი მზად იყო, სიკვდილით დაესაჯა ნათანის იგავში აღწერილი მდიდარი კაცი. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: როგორ გახდა ერთ დროს გულთბილი კაცი ასეთი მკაცრი მოსამართლე? მაგრამ გავიხსენოთ, რა მოვლენები უძღოდა ამას წინ. როცა ნათანი დაელაპარაკა დავითს, მას უკვე სინდისი შებღალული ჰქონდა. სხვების მკაცრად განსჯა სულიერი სისუსტის ნიშანია. იესომ თავის მიმდევრებს ასეთი საყურადღებო გაფრთხილება მისცა: „ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ, რადგან როგორც თქვენ განსჯით სხვებს, თქვენც ისევე განისჯებით“ (მათ. 7:1, 2). ამიტომ ვიფრთხილოთ, რომ არ მოვირგოთ მკაცრი მოსამართლის როლი და ვეცადოთ, ჩვენი ღმერთივით „დიდად მოწყალე“ ვიყოთ.

21, 22. რა და რა საშუალებებით შეგვიძლია გამოვხატოთ გულმოწყალება?

21 გულმოწყალება მხოლოდ ცარიელი ემოცია არ არის. ნამდვილი გულმოწყალება საქმეებში ვლინდება. ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ ოჯახის წევრების, თანაქრისტიანებისა თუ გარეშეების მიმართ გულმოწყალება გამოვავლინოთ. ჩვენ ყველას ამის არაერთი შესაძლებლობა გვეძლევა. თქვენ გარშემო, ალბათ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნუგეში სჭირდებათ. შეიძლება იცნობთ ისეთებსაც, ვინც უარს არ იტყოდა პრაქტიკულ დახმარებაზე, იქნება ეს საკვებით მომარაგება თუ სხვა რამ. ან შესაძლოა კრებაში ახლად დაბრუნებულ ქრისტიანს სჭირდება კარგი მეგობარი, რომელიც გაამხნევებს და სულიერად დაეხმარება. ბიბლიიდან მანუგეშებელი ცნობის გაზიარებაც გულმოწყალების გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სხვების, თუნდაც უცნობების მიმართ, გულმოწყალების გამოსავლენად (იობ. 29:12, 13; რომ. 10:14, 15; იაკ. 1:27).

22 თუ დაკვირვებულები ვიქნებით, გულმოწყალების გამოვლენის ბევრ შესაძლებლობას დავინახავთ. თუ ასე მოვიქცევით, გულს გავუხარებთ ჩვენს ზეციერ მამას, „დიდად მოწყალე“ ღმერთს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას?

  • რატომ შეიძლება ითქვას, რომ დამნაშავის მიმართ გადამწყვეტი ზომების მიღება გულმოწყალების მაჩვენებელია?

  • რა დაგვეხმარება, რომ უფრო გულმოწყალენი ვიყოთ?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 43 სამადლობელი ლოცვა

a გულმოწყალება იეჰოვას ერთ-ერთი მიმზიდველი თვისებაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვივითაროთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას, რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ მისი აღმზრდელობითი ზომები გულმოწყალებაზე მეტყველებს და ჩვენ როგორ გამოვავლინოთ ეს შესანიშნავი თვისება.

b ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ უნდა გაიუმჯობესოს იეჰოვასთან ურთიერთობა კრებაში აღდგენილმა და რა დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ მისთვის უხუცესებს, იხილეთ ამავე ნომრის სტატიაში სათაურით „აღადგინეთ იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა“.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: სახლის ბანიდან მამა ხედავს სახლისკენ მომავალ გზასაცდენილ შვილს და გარბის მასთან შესაგებებლად.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დანაშაულით გულდამძიმებული მეფე დავითი ზედმეტად მწვავედ რეაგირებს ნათანის სიტყვებზე და განრისხებული ამბობს, რომ მდიდარი კაცი სიკვდილს იმსახურებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება