საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w21 ოქტომბერი გვ. 14-17
  • აღადგინეთ იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღადგინეთ იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲓᲐᲘᲡᲐᲮᲔᲗ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ
  • ᲜᲣ ᲓᲐᲜᲔᲑᲓᲔᲑᲘᲗ!
  • მიმართეთ უხუცესებს დახმარებისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასი ხარ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • უხუცესებო, კვლავაც მიჰბაძეთ პავლე მოციქულს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • მარტო არ ხარ, რადგან იეჰოვაა შენთან
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
w21 ოქტომბერი გვ. 14-17
ძმა ჩაფიქრებული დგას თავისი სახლის ნანგრევებთან და ფიქრობს, რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდება სახლის აღდგენას.

აღადგინეთ იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა

ᲧᲝᲕᲔᲚᲬᲚᲘᲣᲠᲐᲓ ბევრი დაკარგული ცხვარი უბრუნდება კრებას. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია ზეცაში მათი დაბრუნების გამო (ლუკ. 15:7, 10). თუ თქვენც ახლახან დაუბრუნდით კრებას, დარწმუნებული იყავით, რომ იესო, ანგელოზები და იეჰოვა ძალიან ხარობენ, რომ კვლავ ჭეშმარიტების მხარე დაიკავეთ. თუმცა იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა შეიძლება გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. მოდი ვისაუბროთ ზოგიერთ სირთულეზე და მათი გადალახვის გზებზე.

ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲘ

ბევრს კრებაში დაბრუნების შემდეგაც უწევს უარყოფით გრძნობებთან ჭიდილი. შეიძლება თქვენთვისაც ნაცნობი იყოს მეფე დავითის განცდები. მას შემდეგ, რაც ღმერთმა აპატია დანაშაული, ის ამბობდა: „ჩემმა შეცდომებმა მშთანთქა“ (ფსალმ. 40:12; 65:3). იეჰოვასთან დაბრუნების შემდეგაც ადამიანმა შეიძლება დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა წლების განმავლობაში ვერ მოიშოროს. იზაბელი,a რომელიც ოც წელზე მეტი ხანი იყო გარიცხული, ამბობს: „ძალიან მიჭირდა იმის დაჯერება, რომ იეჰოვა ოდესმე მაპატიებდა“. გახსოვდეთ, რომ გულგატეხილობამ შეიძლება ისევ დაგასუსტოთ სულიერად (იგავ. 24:10). ასე რომ, გასაქანს ნუ მისცემთ უარყოფით გრძნობებს.

ზოგს იმაზე ფიქრი აშინებს, რამდენად შეძლებს იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენადაა საჭირო. კრებაში დაბრუნების შემდეგ ანტუანი ამბობს: „აღარც კი მახსოვდა, როგორ უნდა მეცხოვრა ქრისტიანივით“. ზოგი, ვინც ასე ფიქრობს, თავს იკავებს სულიერ საქმეებში აქტიური მონაწილეობისგან.

მოდი ასეთი რამ წარმოვიდგინოთ. მას, ვისაც ქარიშხალმა სახლი დაუნგრია, შეიძლება საგონებელში აგდებს იმაზე ფიქრი, თუ რამხელა დრო და ძალისხმევა დასჭირდება მის აღდგენას. მსგავსად ამისა, თუ იეჰოვასთან თქვენი ურთიერთობა მძიმე ცოდვის გამო დაზიანდა, შეიძლება გგონიათ, რომ მასთან ურთიერთობის აღდგენას წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ამის გაკეთება მარტო მოგიწევთ.

იეჰოვა გიწვევთ: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები“ (ეს. 1:18). თქვენ უკვე ბევრი რამ გააკეთეთ „საქმეების მოსაგვარებლად“, რის გამოც იეჰოვა გაფასებთ. ხვდებით, ამ ნაბიჯით რისი საშუალება მიეცით იეჰოვას? მას ახლა შეუძლია დამცინავ სატანას ღირსეული პასუხი გასცეს (იგავ. 27:11).

იეჰოვას რომ დაუბრუნდით, ამით უკვე გადადგით მისკენ ნაბიჯი. ის გპირდებათ, რომ თავადაც გადმოდგამს თქვენკენ ნაბიჯს (იაკ. 4:8). მაგრამ მხოლოდ ის არ კმარა, რომ კრებამ გაიგო თქვენი დაბრუნების შესახებ. თქვენ უფრო მეტად უნდა გაიღრმაოთ სიყვარული თქვენი მამისა და მეგობრის, იეჰოვას, მიმართ. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

ᲓᲐᲘᲡᲐᲮᲔᲗ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ

შეეცადეთ, რეალური მიზნები დაისახოთ. სულიერი საძირკველი ანუ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ცოდნა, წესით ხელუხლებელი უნდა იყოს. მაგრამ ახლა ამ საძირკველზე თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით უნდა „დააშენოთ კედლები“, რაც მოიცავს სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და და-ძმებთან ხშირ ურთიერთობას. მოდი ვიმსჯელოთ ზოგიერთ მიზანზე.

ხშირად ესაუბრეთ იეჰოვას. თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ დანაშაულის გრძნობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მასთან საუბარში (რომ. 8:26). მიუხედავად ამისა, გამუდმებით ილოცეთ და უთხარით იეჰოვას, რომ ძალიან გინდათ მასთან ურთიერთობის აღდგენა (რომ. 12:12). ანდრეი იხსენებს: „საშინელი დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა მქონდა, მაგრამ ყოველი ლოცვის შემდეგ შვებას ვგრძნობდი და შინაგანი სიმშვიდე მეუფლებოდა“. თუ გიჭირთ სიტყვების პოვნა, თვალი გადაავლეთ მომნანიებელი მეფე დავითის ლოცვებს, რომლებიც ჩაწერილია 51-ე და 65-ე ფსალმუნებში.

რეგულარულად შეისწავლეთ ბიბლია. ეს დაგეხმარებათ, სულიერადაც ისაზრდოოთ და იეჰოვას მიმართ სიყვარულიც გაიღრმაოთ (ფსალმ. 19:7—11). ფელიპე ამბობს: „რადგან თავის დროზე კარგი სულიერი განრიგი არ მქონდა, მოვსუსტდი და გული ვატკინე იეჰოვას. არ მინდოდა, იგივე შეცდომა გამემეორებინა, ამიტომ გადავწყვიტე, უფრო მეტი ყურადღება მიმექცია პირადი შესწავლისთვის“. თქვენც შეგიძლიათ იმავეს გაკეთება. თუ გიჭირთ იმის გარკვევა, რა თემები გამოიკვლიოთ პირადი შესწავლის დროს, დახმარება შეგიძლიათ მოწიფულ თანაქრისტიანს სთხოვოთ.

აღადგინეთ და-ძმებთან მეგობრული ურთიერთობა. ზოგს, ვინც კრებაში ბრუნდება, ის აფიქრებს, რომ შეიძლება სხვებმა ალმაცერად დაუწყონ ყურება. ლარისა აღიარებს: „ძალიან მრცხვენოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კრებას ვუღალატე. ეს შეგრძნება კარგა ხანი ვერ მოვიშორე“. დარწმუნებული იყავით, რომ უხუცესები და სხვა მოწიფული ქრისტიანები სიამოვნებით დაგეხმარებიან იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში (იხილეთ ჩარჩო „რა უნდა გააკეთონ უხუცესებმა?“). მათ ახარებთ კრებაში თქვენი დაბრუნება და სურთ, რომ თავი კარგად იგრძნოთ (იგავ. 17:17).

როგორ შეძლებთ კრებასთან დაახლოებას? და-ძმებთან ერთად თქვენც ჩაებით სულიერ საქმეებში. დაესწარით კრების შეხვედრებს და რეგულარულად იქადაგეთ. როგორ დაგეხმარებათ ეს? ფელიქსი ამბობს: „და-ძმები მოუთმენლად ელოდნენ ჩემს დაბრუნებას. კრებაში ყველა სიხარულით დამხვდა. ისინი დამეხმარნენ, კვლავ ამ სულიერი ოჯახის წევრი გავმხდარიყავი და სინდისის ქენჯნის გარეშე გამეგრძელებინა წინსვლა“ (იხილეთ ჩარჩო „რა უნდა გააკეთოთ თქვენ?“).

რა უნდა გააკეთოთ თქვენ?

აღადგინეთ იეჰოვასთან ურთიერთობა

უხუცესი ლოცულობს ძმასთან, რომელიც დაუბრუნდა იეჰოვას.

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲔᲡᲐᲣᲑᲠᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

უთხარით, რომ ძალიან გსურთ მასთან დამეგობრება. უხუცესებიც ილოცებენ თქვენთვის და თქვენთან ერთად.

უხუცესი ამ ძმასთან ატარებს შესწავლას წიგნით „დაუახლოვდი იეჰოვას“.

ᲠᲔᲒᲣᲚᲐᲠᲣᲚᲐᲓ ᲨᲔᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ

თუ სულიერად ისაზრდოებთ, იეჰოვას მიმართ სიყვარულიც გაგიღრმავდებათ.

ეს ძმა თანაქრისტიანებს ესაუბრება არაოფიციალური შეკრების დროს.

ᲐᲦᲐᲓᲒᲘᲜᲔᲗ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲗᲐᲜ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ

სრულად ჩაებით კრების საქმიანობაში, დაესწარით შეხვედრებს და იქადაგეთ.

ᲜᲣ ᲓᲐᲜᲔᲑᲓᲔᲑᲘᲗ!

სატანა ყველანაირად შეეცდება, რომ კვლავაც დაგატეხოთ თავს ქარტეხილები, რათა იეჰოვასთან „ნაშენები“ თქვენი ურთიერთობა დაანგრიოს (ლუკ. 4:13). წინასწარ მოემზადეთ ამისთვის და გაამყარეთ ეს ურთიერთობა.

თავის ცხვარს იეჰოვა ასეთ რამეს ჰპირდება: „დაკარგულს მოვძებნი, გზააბნეულს დავაბრუნებ, დაშავებულს სახვევებს დავადებ და დასუსტებულს მოვაძლიერებ“ (ეზეკ. 34:16). იეჰოვა ძალიან ბევრს დაეხმარა და ეხმარება სულიერად მოძლიერებაში. დარწმუნებული იყავით, რომ მისი დახმარებით შეძლებთ მასთან ისეთი ურთიერთობის განვითარებას, რომელსაც ვერაფერი შეარყევს.

რა უნდა გააკეთონ უხუცესებმა?

უხუცესი ეხმარება ძმას დაზიანებული სახლის შეკეთებაში.

უხუცესებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რომ კრებაში დაბრუნებულ ქრისტიანს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარონ. განვიხილოთ კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლიათ მათ.

დაარწმუნეთ. პავლე მოციქულმა კარგად იცოდა, რომ მომნანიებელი ცოდვილი შეიძლებოდა დარდს შთაენთქა (2 კორ. 2:7). კრებაში დაბრუნებულებს ხშირად ეუფლებათ ხოლმე გულგატეხილობა და სირცხვილის გრძნობა. პავლე მოუწოდებდა კრებას: „ახლა მთელი გულით უნდა აპატიოთ მას და ანუგეშოთ“. გარიცხვის შემდეგ კრებაში დაბრუნებულებს იმაში დარწმუნება სჭირდებათ, რომ იეჰოვასა და თანაქრისტიანებს კვლავაც უყვართ. გულგატეხილობა რომ არ დაეუფლოთ, მათ მუდმივად სჭირდებათ შექება და თანადგომა.

ილოცეთ მათთან ერთად. „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (იაკ. 5:16). ზემოთ მოხსენიებული ლარისა ამბობს: „ჩემი ეჭვებისა და შიშის შესახებ უხუცესებს ვესაუბრე. მათ ილოცეს ჩემთვის. მაშინ მივხვდი, რომ ისინი ჩემზე არ ბრაზობდნენ. უბრალოდ უნდოდათ, ღმერთთან ურთიერთობის აღდგენაში დამხმარებოდნენ“. თეო ამბობს: „უხუცესების ლოცვამ დამარწმუნა, რომ იეჰოვას ნამდვილად ვუყვარდი და მხოლოდ ცუდს კი არა, კარგსაც ხედავდა ჩემში“.

დაუმეგობრდით. კრებაში დაბრუნებულებს მეგობრები სჭირდებათ. ერთი უხუცესი ჯასტინი ამბობს: „აუცილებლად დაუგეგმეთ მსახურება. კარგი იქნება, თუ სახლში ეწვევით. მათ ძალიან სჭირდებათ მეგობრები“. სხვა უხუცესი ჰენრი ამბობს: „თუ და-ძმები დაინახავენ, რომ უხუცესი კრებაში დაბრუნებულთან მეგობრობს, მათაც გაუჩნდებათ ამის სურვილი“.

დაეხმარეთ ღვთის სიტყვის კვლევაში. მოწიფულ ქრისტიანს შეუძლია კრებაში დაბრუნებულს პირადი კვლევის კარგი ჩვევის გამომუშავებაში დაეხმაროს. ერთი უხუცესი დარკო ამბობს: „მიყვარს პირადი შესწავლის დროს აღმოჩენილი საინტერესო აზრების მათთვის გაზიარება და ბიბლიის კვლევაზე ენთუზიაზმით საუბარი. ვცდილობ, მათთან ერთად განვიხილო ხოლმე ზოგიერთი საკითხი“. კიდევ ერთი უხუცესი კლეიტონი ამბობს: „ვურჩევ ხოლმე, ის ბიბლიური ისტორიები გამოიკვლიონ, რომლებიც რაღაცით მათ ცხოვრებას წააგავს“.

მწყემსეთ. მას, ვინც გარიცხვის შემდეგ კრებაში ბრუნდება, შეიძლება უხუცესები მხოლოდ მოსამართლის ამპლუაში წარმოუდგენია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უხუცესებში მწყემსები დაინახოს (იერ. 23:4). გულისყურით მოუსმინეთ და შეაქეთ; ხშირად ეკონტაქტეთ. ნახეთ, რას აკეთებს ერთი უხუცესი მარკუსი სამწყემსო მონახულების დროს. ის ამბობს: „ბიბლიურ აზრებს ვუზიარებთ, ვაქებთ, რომ ამდენი რამ გააკეთა კრებაში დასაბრუნებლად და ვეუბნებით, რომ იეჰოვაც ამაყობს მისით. ყოველი მონახულების შემდეგ მომდევნო მონახულებას ვგეგმავთ“.

a ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება