საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w21 ოქტომბერი გვ. 29-31
  • 1921 — ასი წლის წინ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1921 — ასი წლის წინ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲣᲨᲘᲨᲐᲠᲘ ᲛᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲚᲔᲑᲘ
  • ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲗᲣ ᲝᲯᲐᲮᲣᲠᲘ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ
  • ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲘᲒᲜᲘ
  • ᲬᲘᲜ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲔ ᲘᲧᲝ
  • იეჰოვას მითითებების მიყოლა ჯილდოვდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • 1922 — ასი წლის წინ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • არჩევანი, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • სახალხოდ და კარდაკარ ქადაგება
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
w21 ოქტომბერი გვ. 29-31

1921 — ასი წლის წინ

„ᲠᲝᲛᲔᲚᲘ საქმის შესრულებას უნდა შევუდგეთ ამ წელს?“ — ასეთი კითხვით მიმართავდა ბიბლიის მკვლევრებს 1921 წლის 1-ლი იანვრის „საგუშაგო კოშკი“. ამ კითხვის პასუხად მოყვანილი იყო ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც შეახსენებდა მათ მთავარ მოვალეობას — სასიხარულო ცნობის ქადაგებას: „მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ . . . გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე“ (ბსგ).

ᲣᲨᲘᲨᲐᲠᲘ ᲛᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲚᲔᲑᲘ

თავიანთი საქმე რომ შეესრულებინათ, ბიბლიის მკვლევრებს დიდი გამბედაობა დასჭირდებოდათ. მათი გაცხადებული ცნობა სასიხარულო იქნებოდა შეჭირვებულთათვის და „შურისგების დღის“ მომასწავებელი ბოროტთათვის.

კანადაში მცხოვრები ძმა ჰენრი ჰოსკინი წინააღმდეგობის მიუხედავად უშიშრად ქადაგებდა. 1921 წლის გაზაფხულზე ქადაგების დროს ის მეთოდისტური ეკლესიის მსახურს შეხვდა. ძმა ჰენრიმ საუბარი ასეთი სიტყვებით წამოიწყო: „ვფიქრობ, ჩვენ შორის კარგი საუბარი შედგება ბიბლიურ თემებზე. თუნდაც განსხვავებული შეხედულება გვქონდეს ზოგ საკითხზე, მაინც შეგვიძლია მშვიდობიანად და მეგობრულად დავშორდეთ ერთმანეთს“. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ძმა ჰენრი იხსენებდა: „ჩვენი საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გაბრაზებულმა კარს ის ძლიერ დაარტყა, ვიფიქრე, კარის მინა ჩამოიმსხვრევა-მეთქი“.

„გირჩევნია, წახვიდე და წარმართები გააქრისტიანო!“ — დაიყვირა ეკლესიის მსახურმა. ძმა ჰენრიმ ხმის ამოღება ვერ გაბედა, მაგრამ გულში კი გაიფიქრა, აბა, წეღან ვის ველაპარაკებოდიო.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მეორე დღეს ეკლესიის მსახურმა მრევლის წინაშე ქადაგების დროს ძმა ჰენრიზე სიცრუე ილაპარაკა. „მან თავის მრევლს გამოუცხადა, რომ მე ყველაზე დიდი გაიძვერა ვიყავი, ვინც კი ამ ქალაქში ჩამოსულა და ჩემთვის შუბლში ტყვია ალალი იქნებოდა“, — იხსენებდა ძმა ჰენრი. ყველაფრის მიუხედავად, ძმა ჰენრი არ დამფრთხალა და ქადაგება არ შეუწყვეტია. მის გულმოდგინებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მან თქვა: „ასეთი კარგი და საინტერესო საუბრები მანამდე არ მქონია. ზოგი ისეთი აღფრთოვანებული იყო, რომ მითხრა, შენ აშკარად ღვთის კაცი ხარო! ზოგიც დამპირდა, რომ, თუ რამე დამჭირდებოდა, უარს არაფერზე მეტყოდა“.

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲗᲣ ᲝᲯᲐᲮᲣᲠᲘ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ

დაინტერესებულებს ღვთის სიტყვა უკეთ რომ გაეგოთ, ბიბლიის მკვლევრების მიერ გამოცემულ „ოქროს ხანაში“a რეგულარულად ქვეყნდებოდა რუბრიკა ბიბლიური კითხვა-პასუხებით. ამ რუბრიკის სახელწოდება იყო „ნორჩი ბიბლიის მკვლევრები“. მასში მოცემული მასალა მშობლებს შეეძლოთ შვილებთან ერთად განეხილათ. იქ დასმულ კითხვებს ისინი შვილებს უსვამდნენ და ბიბლიაში პასუხების მოძებნაში ეხმარებოდნენ. მაგალითად, კითხვა „რამდენი წიგნისგან შედგება ბიბლია?“, მკითხველს ბიბლიის შესახებ ზოგად წარმოდგენას უქმნიდა. იყო ისეთი კითხვებიც, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარებოდა, უშიშარი მქადაგებლები გამხდარიყვნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კითხვა იყო: „რატომ უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს იმის მოლოდინი, რომ რაიმე სახის დევნას შეხვდება?“.

ჟურნალ „ოქროს ხანაში“ იბეჭდებოდა სხვა რუბრიკაც, რომელიც გათვლილი იყო მათზე, ვისაც გარკვეული ბიბლიური ცოდნა ჰქონდა. მასში მოცემული კითხვა-პასუხები ეფუძნებოდა წიგნს „საღვთო წერილის გამოკვლევა“ (I ტომი). ამ რუბრიკებმა ათასობით მკითხველს დიდი დახმარება გაუწია. თუმცა 1921 წლის 21 დეკემბრის „ოქროს ხანა“ იუწყებოდა, რომ ეს რუბრიკები მეტად აღარ დაიბეჭდებოდა. რამ განაპირობა ეს?

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲘᲒᲜᲘ

წიგნი „ღვთის ქნარი“

დავალებების ბარათი

კითხვების ბარათი

ხელმძღვანელი ძმები მიხვდნენ, რომ დაინტერესებულებს ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ ცოდნა უფრო ორგანიზებული სახით უნდა მიეღოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წიგნი „ღვთის ქნარი“, რომელიც 1921 წლის ნოემბერში გამოიცა. ყველა დაინტერესებული პირი, ვინც ამ წიგნს იღებდა, ფაქტობრივად, ბიბლიის სასწავლო კურსზე ეწერებოდა. მას შეეძლო ეს წიგნი დამოუკიდებლად შეესწავლა და გაეგო ღვთის განზრახვა, რომლის თანახმადაც ადამიანებს მომავალში მარადიული სიცოცხლე ელით. რას მოიცავდა ეს კურსი?

წიგნს მოჰყვებოდა პატარა ბარათი, რომელზეც გაწერილი იყო, თუ რა რაოდენობის მასალა უნდა წაეკითხა მკითხველს. მომდევნო კვირას ის იღებდა კიდევ ერთ ბარათს წასაკითხ მასალასთან დაკავშირებული კითხვებით. ბარათის ბოლოს მომდევნო კვირის დავალება იყო მითითებული.

12 კვირის მანძილზე ყოველ კვირა ბიბლიის შემსწავლელი ახალ-ახალ ბარათს იღებდა ადგილობრივი კრებიდან. როგორც წესი, ამ ბარათებს ისინი აგზავნიდნენ, ვინც ასაკისა თუ შეზღუდული მდგომარეობის გამო კარდაკარ ვერ ქადაგებდა. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ანა გარდნერი იხსენებდა: «წიგნ „ღვთის ქნარის“ გამოცემამ ჩემს ინვალიდ დას, ტეილს, საშუალება მისცა, ის საქმე ეკეთებინა, რაშიც თავისი შეზღუდული მდგომარეობა ხელს ვერ შეუშლიდა. ის ყოველ კვირა გზავნიდა ბარათებზე დაწერილ კითხვებს». კურსის დასრულების შემდეგ დაინტერესებულს ადგილობრივი კრებიდან ვინმე აკითხავდა, რომ მისთვის ბიბლია უფრო სიღრმისეულად ესწავლებინა.

ტეილ გარდნერი ინვალიდის ეტლში

ᲬᲘᲜ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲔ ᲘᲧᲝ

წლის ბოლოს ძმა რუტერფორდმა ყველა კრებაში წერილები დაგზავნა. წერილში ის აღნიშნავდა: „სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებამ წინა წლებთან შედარებით გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო და ბევრ ადამიანს გაუწია დახმარება“. ის დასძენდა: „წინ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გველის. წაახალისეთ სხვებიც, რომ შემოგვიერთდნენ ამ კურთხეულ საქმეში“. აშკარა იყო, რომ ბიბლიის მკვლევრებმა ძმა რუტერფორდის რჩევა გულთან ახლოს მიიტანეს. მომდევნო წელსაც ისინი გაბედულად გააგრძელებდნენ სამეფოს შესახებ ქადაგებას, ოღონდ ამჯერად უჩვეულო სახით.

უშიშარი მეგობრები

ბიბლიის მკვლევრები ერთმანეთის მიმართ ძმურ სიყვარულს ავლენდნენ. ისინი ერთმანეთისთვის „გასაჭირისთვის დაბადებული“ უშიშარი მეგობრებივით იყვნენ, რაზეც შემდეგი შემთხვევაც მეტყველებს (იგავ. 17:17).

სამშაბათს, 1921 წლის 31 მაისს მოხდა მოვლენა, რომელსაც მოგვიანებით ტალსას რასობრივი ხოცვა-ჟლეტა უწოდეს. ტალსაში (ოკლაჰომა, აშშ) შავკანიანი მამაკაცი თეთრკანიან ქალზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. თეთრკანიანთა 1000-კაციან ჯგუფსა და შედარებით მცირერიცხოვან შავკანიან მამაკაცთა ჯგუფს შორის დაპირისპირება სწრაფად გადაიზარდა ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. შედეგად შავკანიანთა დასახლებაში, გრინვუდში, 1400-ზე მეტი სახლი და სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს და დაწვეს. ოფიციალური მონაცემებით ამ დაპირისპირებას 36 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით მათი რაოდენობა რამდენიმე ასეული იყო.

ძმა რიჩარდ ჰილი, შავკანიანი ბიბლიის მკვლევარი და გრინვუდის მკვიდრი, ამ ისტორიას ასე იხსენებდა: „იმ საღამოს, როცა არეულობა მოხდა, ჩვენ კრების შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ქალაქის ცენტრიდან სროლის ხმა მოგვესმა. იმ ღამეს ისე დავწექით, რომ სროლის ხმა არ შეწყვეტილა“. 1 ივნისს, ოთხშაბათ დილით, სიტუაცია უფრო დაიძაბა. „მეზობლებმა გვირჩიეს, რომ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აჯობებდა, თუ ქალაქის ცენტრალურ სხდომათა დარბაზს შევაფარებდით თავს“. ძმა რიჩარდმა ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად ტალსას სხდომათა დარბაზს შეაფარა თავი. იქ უკვე 3000-მდე შავკანიან ქალსა და მამაკაცს მოეყარა თავი, რასაც ორგანიზება ეროვნულმა გვარდიამ გაუწია, რომელიც ადგილზე წესრიგის დასამყარებლად იქნა მობილიზებული.

ამ დროს თეთრკანიანმა ძმამ ართურ კლაუსმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. „როცა გავიგე, რომ აჯანყებულები გრინვუდს მოედვნენ, სახლებს ძარცვავდნენ და წვავდნენ, გადავწყვიტე, ჩემი ძვირფასი მეგობარი, რიჩარდი, მომენახულებინა“.

წიგნ „ღვთის ქნარის“ მეშვეობით ძმა არტურ კლაუსი შესწავლას უტარებდა 14 ბავშვს.

რიჩარდის სახლთან მისული ართური მის თეთრკანიან შეიარაღებულ მეზობელს გადააწყდა. ეს მეზობელიც ძმა რიჩარდის მეგობარი იყო, ამიტომ ართური ერთ-ერთ მოჯანყედ მიიჩნია და გაბრაზებულმა დაუყვირა: „აქ რას აკეთებ?“

ართური იხსენებდა: „სათანადო პასუხი რომ არ გამეცა, ალბათ, იქვე დამცხრილავდა. ავუხსენი, რომ მეც რიჩარდის მეგობარი ვიყავი და ხშირად ვსტუმრობდი მის ოჯახს“. ართურმა და იმ მეზობელმა არავის მისცეს რიჩარდის სახლ-კარის გაძარცვის უფლება.

მოგვიანებით ართურმა გაიგო, რომ რიჩარდი და მისი ოჯახი ქალაქის სხდომათა დარბაზს აფარებდნენ თავს. ართურს უთხრეს, რომ ვერცერთი შავკანიანი ვერ დატოვებდა ამ დარბაზს, თუ მას არ ექნებოდა გენერალ ბარეტის მიერ ხელმოწერილი ნებართვა. ართური იხსენებდა: „გენერლის ნახვა არცთუ ისე იოლი საქმე იყო. როცა მას ჩემი მისვლის მიზეზი ავუხსენი, მან მკითხა, შევძლებდი თუ არა ამ ოჯახზე ზრუნვას. ვუთხარი, რომ ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი“.

ართური ნებართვით ხელში მაშინვე სხდომათა დარბაზისკენ გაეშურა. ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომელსაც საბუთი აჩვენა, ძალიან გაუკვირდა მასზე თავად გენერლის ხელმოწერა რომ დაინახა და ართურს უთხრა: „იცი, რომ შენ გარდა მსგავსი ნებართვა ჯერ არავის მიუღია?!“ ძმა რიჩარდი და მისი ოჯახიც დარბაზში მალევე იპოვეს. ყველანი ართურის მანქანაში ჩასხდნენ და სახლისკენ გაემართნენ.

„ღვთის მსახურები ერთმანეთს არ ვამეტებდით თავს“.

ართურმა იზრუნა რიჩარდისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე. მისმა გაბედულებამ და სიყვარულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარეშეებზე. ართური ყვებოდა: „ის მეზობელი, რომელიც რიჩარდის სახლ-კარს იცავდა, დადებითად განეწყო ჭეშმარიტების მიმართ. ზოგი სამეფოს ცნობითაც დაინტერესდა. მათ დაინახეს, რომ ჩვენ შორის რასობრივი ბარიერი არ არსებობდა და ღვთის მსახურები ერთმანეთს არ ვამეტებდით თავს“.

a ჟურნალ „ოქროს ხანას“ 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, 1946 წელს კი — „გამოიღვიძეთ!“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება