ბიოგრაფია
იეჰოვას მითითებების მიყოლა ჯილდოვდება
„ჩვენ წავალთ!“ — ასეთი მზადყოფნით გამოვეხმაურეთ მე, ჩემი ქმარი, ძმა და რძალი ახალ დავალებას. რატომ გამოვთქვით წასვლის სურვილი და როგორ დაგვაჯილდოვა იეჰოვამ? ნება მიბოძეთ, ჯერ ჩემი ისტორია გიამბოთ.
დავიბადე 1923 წელს იორქშირის საგრაფოს პატარა ქალაქ ჰემსვორთში (ინგლისი). ჩემს უფროს ძმას ბობი ერქვა. ცხრა წლის ვიქნებოდი, როცა მამაჩემს, რომელიც ვერ იტანდა რელიგიურ თვალთმაქცობას, ცრუ რელიგიის მამხილებელი რამდენიმე წიგნი ჩაუვარდა ხელში. წაკითხულმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენთან ბობ ატკინსონი მოვიდა და პატეფონით ძმა რუტერფორდის ერთ-ერთი მოხსენების ჩანაწერი მოგვასმენინა. მივხვდით, რომ ზემოხსენებული წიგნებიც ამ ორგანიზაციის გამოცემული იყო. ბიბლიიდან ბევრი რამ გვაინტერესებდა, ამიტომ მშობლებმა შესთავაზეს ძმა ატკინსონს, რომ საღამოობით ჩვენთან მოსულიყო ვახშმად და ჩვენს კითხვებზე ბიბლიიდან გაეცა პასუხები. მან დაგვპატიჟა კრების შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში მცხოვრები ერთ-ერთი ძმის სახლში ტარდებოდა. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ კრებებზე სიარული. მალე ჰემსვორთში პატარა კრება ჩამოყალიბდა. ჩვენთან ღამისთევით რჩებოდნენ სამხარეო მსახურები (ამჟამად ეწოდებათ სარაიონო ზედამხედველები). სადილად მეზობელი კრებებიდან პიონერებსაც ვეპატიჟებოდით ხოლმე. მათთან ურთიერთობა კარგ გავლენას ახდენდა ჩემზე.
მამაჩემი და ჩემი ძმა ავეჯს ამზადებდნენ და ამით ვირჩენდით თავს. ერთხელ მამამ ჩემს ძმას უთხრა: „თუ პიონერობა გინდა, ამ საქმეს შევეშვათ“. ბობს მოეწონა ეს აზრი. ის 21 წლისა იყო, როცა პიონერად მსახურება დაიწყო და სხვა ტერიტორიაზე გადავიდა. ორი წლის შემდეგ, 16 წლის რომ გავხდი, მეც დავიწყე პიონერად მსახურება. შაბათ-კვირის გარდა, ძირითადად, მარტო ვმსახურობდი სამქადაგებლო ბარათებითა და პატეფონით. მალე იეჰოვამ მაკურთხა და ბიბლიის შესწავლა დავიწყე ქალთან, რომელიც სულიერად სწრაფად მიიწევდა წინ. დროთა განმავლობაში მისი ოჯახიდან ბევრი დაინტერესდა ჭეშმარიტებით. მომდევნო წელს ჩეშირის საგრაფოს გაუნაწილებელ ტერიტორიაზე მე და მერი ჰენშელი სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს.
მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. იმ დროს ომის მხარდამჭერ საქმეებში მონაწილეობის მისაღებად ქალებსაც იწვევდნენ. როგორც სპეციალური სრული დროით მსახურები, მოველოდით, რომ სხვა რელიგიური მსახურების მსგავსად არც ჩვენ გაგვიწვევდნენ. მაგრამ სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, 31 დღით დამაპატიმრეს. მომდევნო წელს, როცა 19 წელი შემისრულდა, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ორჯერ დამიბარეს სასამართლოში, თუმცა სასამართლომ ორჯერვე უარი თქვა საქმის განხილვაზე. მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ იეჰოვას ჩემი მარჯვენა ეჭირა და თავისი სულით მაძლიერებდა (ეს. 41:10, 13).
ახალი თანამშრომელი
ართურ მათიუზს 1946 წელს შევხვდი. სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ის ჰემსვორთში თავის ძმასთან, დენისთან ჩავიდა, რომელიც იქ სპეციალურ პიონერად მსახურობდა. მათ ბავშვობიდანვე იცოდნენ ჭეშმარიტება მამისგან. ორივენი მოზარდობის წლებში მოინათლნენ. ართურის ჩასვლიდან მალევე დენისი ირლანდიაში გადანიშნეს, ამიტომ ის პარტნიორის გარეშე დარჩა. ჩემი მშობლები იმდენად მოიხიბლნენ ამ ახალგაზრდა მონდომებული პიონერით, რომ თავიანთ სახლში ცხოვრება შესთავაზეს. როცა ჩემებთან ჩავდიოდი, მე და ართური სადილის შემდეგ ჭურჭელს ერთად ვრეცხავდით ხოლმე. დროთა განმავლობაში მიწერ-მოწერა დავიწყეთ. 1948 წელს ართურს კიდევ ერთხელ მიუსაჯეს სამთვიანი პატიმრობა. ჩვენ 1949 წლის იანვარში დავქორწინდით და მიზნად დავისახეთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდხანს გვემსახურა სრული დროით. იეჰოვას კურთხევისა და კარგი დაგეგმვის წყალობით თავის გატანას და სრული დროით მსახურებას ვახერხებდით. მაგალითად, შვებულებას ისე ვგეგმავდით, რომ ხილის კრეფაზე გვემუშავა და ცოტა ფული გვეშოვა.
დაქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1949 წელი (ჰემსვორთი)
ერთი წლის შემდეგ გვთხოვეს, ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავსულიყავით — ჯერ არმაში, შემდეგ კი ნიურიში. ორივე ქალაქში, ძირითადად, კათოლიკები ცხოვრობდნენ. იმდენად დაძაბული სიტუაცია იყო, რომ დიდი სიფრთხილით ვქადაგებდით. შეხვედრებს უმეტესწილად რვა კაცი ესწრებოდა და ერთი წყვილის სახლში ტარდებოდა, რომელიც ჩვენი სახლიდან 16 კილომეტრის სავალზე იყო. როცა მათთან ღამისთევით ვრჩებოდით, იატაკზე გვეძინა, მეორე დილით კი ისინი ნოყიერი საკვებით გვიმასპინძლდებოდნენ. მიხარია, რომ იმ ტერიტორიაზე დღეს ბევრი იეჰოვას მოწმე მსახურობს.
„ჩვენ წავალთ!“
ჩემი ძმა ბობი და მისი მეუღლე ლატი უკვე მსახურობდნენ სპეციალურ პიონერებად ჩრდილოეთ ირლანდიაში. 1952 წელს ოთხივე დავესწარით საოლქო კონგრესს ბელფასტში. ერთმა ძმამ თავის სახლში დაგვაბინავა. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა პრაის ჰიუზიც, რომელიც ბრიტანეთის ფილიალის მსახური იყო. ერთ საღამოს ვსაუბრობდით სპეციალურად ირლანდიელებისთვის გამოცემულ ახალ ბროშურაზე „ღვთის გზა სიყვარულია“. ძმა პრაისმა გვითხრა, რომ ირლანდიაში კათოლიკე ხალხთან ქადაგება ძალიან ჭირდა. ისინი ძმებს სახლებიდან ყრიდნენ, მღვდლებისგან წაქეზებული ბრბო კი თავს ესხმოდა მათ. მან დასძინა, რომ ირლანდიაში ბროშურის გავრცელების სპეციალური კამპანიისთვისa ისეთი წყვილები სჭირდებოდათ, რომელთაც მანქანები ჰყავდათ, რაზეც მაშინვე ვთქვით: „ჩვენ წავალთ!“. სწორედ ამ სიტყვებით დავიწყე ზემოთ ჩემი ამბის თხრობა.
პიონერებთან ერთად ეტლიან მოტოციკლზე
დუბლინში პიონერებს ყოველთვის შეეძლოთ დარჩენილიყვნენ დიდი ხნის მონათლული დის, რეტლანდის სახლში, რომელიც დედასავით ზრუნავდა ყველაზე. ჩვენც მასთან დავრჩით და ჩვენი ნივთებიდან ზოგიერთი რამის გაყიდვის შემდეგ ოთხივენი მოვთავსდით ბობის ეტლიან მოტოციკლზე და ავტომობილის საყიდლად გავეშურეთ. ვიპოვეთ შესაფერისი მანქანა და მეპატრონეს ვთხოვეთ, რომ ის ჩვენს სახლში მოეყვანა, რადგან ტარება არც ერთმა არ ვიცოდით. ართური მთელი საღამო საწოლზე იჯდა და ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, ვითომ მანქანას მართავდა. მეორე დილას, როცა მანქანის გარაჟიდან გამოყვანას ცდილობდა, ჩვენთან მისიონერი მილდრედ უილეტი მოვიდა, რომელიც მოგვიანებით ჯონ ბარს გაჰყვა ცოლად. მან იცოდა მანქანის ტარება, ამიტომ გზაზე მცირე პრაქტიკის შემდეგ უკვე მზად ვიყავით გასამგზავრებლად.
ჩვენი მანქანა და მისაბმელი ვაგონი
შემდეგი, რაც გვჭირდებოდა, ღამის გასათევი ადგილი იყო. გაგვაფრთხილეს, რომ მანქანაზე მისაბმელ ვაგონში ცხოვრება სახიფათო იყო, რადგან მოწინააღმდეგეებს შეიძლებოდა ცეცხლი წაეკიდებინათ. ამიტომ სახლს ვეძებდით, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. იმ ღამით ოთხივეს მანქანაში გვეძინა. მომდევნო დღეს მანქანაზე მისაბმელი საცხოვრებელი ვაგონის მეტი ვერაფერი ვიშოვეთ. ვაგონში ორსართულიანი საწოლი იდგა. ასე გახდა ის ჩვენი სახლი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უპრობლემოდ ვტოვებდით მას მეგობრულად განწყობილი ფერმერების ტერიტორიაზე. საქადაგებლად 16—24 კილომეტრით დაშორებულ ადგილებში მივდიოდით, ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც ვაგონს ვაჩერებდით, სხვაგან გადასვლის შემდეგ ჩავდიოდით საქადაგებლად.
ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით არც ერთი სახლი არ დაგვიტოვებია, თუმცა დიდ წინააღმდეგობას თითქმის არ შევხვედრივართ. იმ ტერიტორიაზე 20 000-ზე მეტი ბროშურა გავავრცელეთ და დაინტერესებულების მისამართები ბრიტანეთის ფილიალს გადავეცით. უდიდესი კურთხევაა, რომ დღეს იქ ასობით ადამიანი ემსახურება იეჰოვას!
ინგლისში დაბრუნება და შოტლანდიაში გამგზავრება
მოგვიანებით სამხრეთ ლონდონში დაგვნიშნეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ართურს ბრიტანეთის ფილიალიდან დაურეკეს და სთხოვეს, რომ მეორე დღესვე დაეწყო სარაიონო მსახურება. ერთკვირიანი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ შოტლანდიისკენ გავეშურეთ. ართურს თემების მომზადების დროც კი არ ჰქონდა, მაგრამ იეჰოვას მსახურებაში მისმა მზადყოფნამ დიდი სტიმული მომცა. ძალიან მოგვწონდა მიმოსვლითი მსახურება. მანამდე რამდენიმე წელი გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ვმსახურობდით, ამიტომ ახლა სიხარულს გვანიჭებდა ამდენი და-ძმის გვერდით ყოფნა.
ართური 1962 წელს სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს, სადაც ათი თვე უნდა ესწავლა. ადვილი არ იყო გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მის გარეშე მომიწევდა დარჩენა, გადავწყვიტეთ, ართურს უარი არ ეთქვა ამ კურსის გავლაზე. რადგანაც პარტნიორის გარეშე ვრჩებოდი, ისევ ჰემსვორთში დამაბრუნეს სპეციალურ პიონერად. ერთი წლის შემდეგ, როცა ართური დაბრუნდა, საოლქო მსახურებას შევუდექით. ჩვენს ტერიტორიაში შედიოდა შოტლანდია, ინგლისის ჩრდილოეთი ნაწილი და ჩრდილოეთი ირლანდია.
ახალი დავალება ირლანდიაში
1964 წელს ართური ირლანდიაში ფილიალის მსახურად დანიშნეს. თავიდან დიდი სიხარულით არ შევხვდი ამ ამბავს, რადგან მიმოსვლითი მსახურება ძალიან მოგვწონდა. მაგრამ ახლა ვხვდები, რამხელა პატივია, რომ ბეთელში ვმსახურობ. დარწმუნებული ვარ, იეჰოვა უხვად აკურთხებს მათ, ვინც მისგან მიღებულ დავალებას მაშინაც კი მზადყოფნით ასრულებს, როცა დაკისრებული საქმე მაინცდამაინც არ მოსწონს. ბეთელში სხვადასხვა განყოფილებაში ვმუშაობდი. მაგალითად, ვასრულებდი საოფისე საქმეს, ყუთებში ვაწყობდი ლიტერატურას, ვამზადებდი საჭმელს და ვალაგებდი. ხანდახან საოლქო მსახურებასაც ვეწეოდით, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, შევხვედროდით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებს. ასეთი სახის მსახურებამ და ჩვენი ბიბლიის შემსწავლელების სულიერმა წინსვლამ უფრო დაგვაახლოვა ირლანდიელ და-ძმებთან, რაც უდიდესი კურთხევაა!
მნიშვნელოვანი მოვლენა ირლანდიის თეოკრატიულ ისტორიაში
პირველი საერთაშორისო კონგრესი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში 1965 წელს ჩატარდა.b ყველა მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს კონგრესი ჩვენთვის დიდი წარმატება იყო. მას 3 948 ადამიანი დაესწრო და 65 მოინათლა. ყველამ, ვინც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 3 500 და-ძმას უმასპინძლა, სამადლობელი წერილი მიიღო ირლანდიის ფილიალისგან. თავის მხრივ, მასპინძლებიც აქებდნენ მოწმეებს კარგი საქციელისთვის. ეს კონგრესი ირლანდიის თეოკრატიულ ისტორიაში მართლაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.
ართური ხელს ართმევს ნეითან ნორს, რომელიც 1965 წელს ჩამოვიდა კონგრესზე
ართური აცხადებს გაელურ ენაზე წიგნ „ბიბლიური მოთხრობების“ გამოცემას, 1983 წელი
1966 წლიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ ირლანდიას ზედამხედველობას დუბლინში მდებარე ფილიალი უწევდა. მათი ერთობა რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ზოგადად კუნძულზე ხდებოდა — ხალხი დაყოფილი იყო პოლიტიკურად და რელიგიურად. ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, რომ ამდენი კათოლიკე იღებდა ჭეშმარიტებას და მსახურობდა იმ და-ძმების მხარდამხარ, რომლებიც ოდესღაც პროტესტანტები იყვნენ.
დიდი ცვლილებები
2011 წელს ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, როცა ბრიტანეთის და ირლანდიის ფილიალები გაერთიანდა და ლონდონში გადაგვიყვანეს. ეს ახალი ამბავი ართურის ავადმყოფობას დაემთხვა, რასაც ძალიან განვიცდიდი. მას პარკინსონის დაავადება დაუდგინეს. 2015 წლის 20 მაისს ხელიდან გამომეცალა ცხოვრების თანამგზავრი, რომელთანაც 66 ბედნიერი წელი გავატარე.
ბოლო რამდენიმე წელია, სევდა და ნაღველი მაწევს გულზე და თავს დათრგუნულად ვგრძნობ. ადრე ართური ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ძალიან მენატრება! მაგრამ როცა ასეთ ტკივილს ატარებ გულით, უფრო უახლოვდები იეჰოვას. გულს სითბოთი მივსებს იმის ცოდნა, რომ ართური ყველას ძალიან უყვარდა. მეგობრები გამამხნევებელ წერილებს მწერდნენ ირლანდიიდან, ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდანაც კი. ენით აუწერელი შვება მომგვარა მათმა თბილმა წერილებმა და ართურის ძმის, დენისის, მისი მეუღლის, მეივისისა, და ჩემი ძმისშვილების, რუთისა და ჯუდის თანადგომამ.
ძალიან მამხნევებს ესაიას 30:18-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვა უცდის დროს, რომ წყალობა გიყოთ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ, რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. ბედნიერია ყველა, ვისაც მისი მოლოდინი აქვს“. მანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა უცდის დროს, როცა ბოლოს მოუღებს ყველაფერს, რაც ადამიანს ტკივილს აყენებს, და ახალ ქვეყნიერებაში სასიამოვნო საქმეს დაგვავალებს.
როცა წარსულს ვიხსენებ, ვრწმუნდები, რომ იეჰოვამ წარმართა და აკურთხა სამქადაგებლო საქმე ირლანდიაში! ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ საქმეში მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას მითითებების მიყოლა ყოველთვის ჯილდოვდება!
a იხილეთ 1988 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვ. 101, 102 (ინგლ.).
b იხილეთ 1988 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვ. 109—112 (ინგლ.).