3 | ბიბლიური მაგალითები
ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲛᲝᲒᲕᲘᲗᲮᲠᲝᲑᲡ . . . იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდათ (ᲘᲐᲙᲝᲑᲘ 5:17, სქ.).
არსი
ბიბლიის ფურცლებზე იმ ადამიანების რეალურ ისტორიებს ვკითხულობთ, რომლებსაც სხვადასხვა გრძნობები ეუფლებოდათ. თუ მათ ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ.
როგორ გვეხმარება ბიბლიური მაგალითები
ყველას გვსურს, რომ ესმოდეთ ჩვენი. სხვებისგან მხარდაჭერა განსაკუთრებით მენტალური პრობლემების მქონეთ ესაჭიროებათ. როცა ბიბლიური პერსონაჟების ისტორიებს ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ მათაც ისეთივე ფიქრები და განცდები ჰქონდათ, როგორიც ჩვენ. შედეგად, ვაცნობიერებთ, რომ ერთადერთი არ ვართ, ვისაც უარყოფით გრძნობებთან უწევს ჭიდილი.
ბიბლიაში მათ სიტყვებს ვკითხულობთ, რომლებიც უიმედო და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყვნენ. გიფიქრიათ ოდესმე, რომ მეტს ვეღარ გაუძლებთ? ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ მოსეს, ელიასა და დავითს მსგავსი გრძნობები ეუფლებოდათ (რიცხვები 11:14; 1 მეფეები 19:4; ფსალმუნი 55:4).
ბიბლია მოგვითხრობს ერთი ქალის, ხანას შესახებ, რომელიც სულგამწარებული იყო იმის გამო, რომ შვილი არ უჩნდებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისი მეტოქე მწარედ დასცინოდა (1 სამუელი 1:6, 10).
ბიბლიაში აგრეთვე ვკითხულობთ იობის ისტორიას, რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო ვიპოვოთ. მართალია, ძლიერი რწმენის მქონე კაცი იყო, მაგრამ ემოციურად განადგურებულს ერთხელ ასეთი სიტყვები აღმოხდა: „სიცოცხლე მომძულდა, აღარ მინდა ცხოვრება“ (იობი 7:16).
იმის ცოდნა, თუ როგორ გაუმკლავდნენ ეს ადამიანები უარყოფით ფიქრებს, ჩვენც გვაპოვნინებს საკუთარ თავში ძალას, რომ არ დავმარცხდეთ ამ ბრძოლაში.