საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w23 თებერვალი გვ. 26-30
  • როგორ გავხდი ღვთის ერთგულთა რწმენის მოწმე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გავხდი ღვთის ერთგულთა რწმენის მოწმე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲩᲠᲓᲘᲚᲝᲔᲗᲘ ᲘᲠᲚᲐᲜᲓᲘᲐ — „ᲭᲣᲠᲕᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲢᲧᲕᲘᲔᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ“
  • ᲡᲘᲔᲠᲐᲚᲔᲝᲜᲔᲚᲘ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲡᲘᲦᲐᲠᲘᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ
  • ᲜᲘᲒᲔᲠᲘᲣᲚ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐᲡᲗᲐᲜ ᲨᲔᲒᲣᲔᲑᲐ
  • ᲙᲔᲜᲘᲔᲚᲘ ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲐ
  • ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲔᲚᲘ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲛᲐᲢᲔᲠᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲔᲗᲘᲚᲓᲦᲔᲝᲑᲘᲡ ᲤᲝᲜᲖᲔ
  • უღიმღამო და შავბნელი ცხოვრება იეჰოვამ საოცრად გამილამაზა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
  • თქვენ შეგიძლიათ იხსნათ მსმენელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ჩემი ცხოვრება მოწაფეების მომზადების საქმემ წარმართა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • იეჰოვას მითითებების მიყოლა ჯილდოვდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
w23 თებერვალი გვ. 26-30
რობერტ ლანდისი

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

როგორ გავხდი ღვთის ერთგულთა რწმენის მოწმე

ᲠᲝᲑᲔᲠᲢ ᲚᲐᲜᲓᲘᲡᲘ

ᲐᲚᲑᲐᲗ არასდროს გვავიწყდება ის საუბრები, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა. ჩემთვის ასეთი საუბარი დაახლოებით 50 წლის წინ შედგა კენიაში ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის. ხანგრძლივი მოგზაურობით მზემოკიდებულნი კოცონთან ვისხედით და ერთ ფილმზე ვსაუბრობდით, რომელსაც რელიგიური სიუჟეტი ჰქონდა. საუბრის დროს ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, რომ ფილმში ბიბლიური ისტორია დამახინჯებული ჰქონდათ.

მის ნათქვამზე გამეცინა, რადგან ჩემი აზრით, ის ძალიან შორს იყო რელიგიისგან. შენ საერთოდ რა იცი ბიბლიაზე-მეთქი, ვკითხე. თავიდან ის შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს გამომიტყდა, რომ დედამისი იეჰოვას მოწმე იყო და ბევრი რამ მისგან ჰქონდა გაგებული. მეც არ მოვეშვი და ვთხოვე, ამ თემაზე უფრო მეტი რამ მოეყოლა ჩემთვის.

თითქმის მთელი ღამე ვისაუბრეთ. მისგან გავიგე, რომ ბიბლია სატანას „ქვეყნიერების მმართველს“ უწოდებს (იოან. 14:30). შეიძლება თქვენთვის ამაში ახალი არაფერია, მაგრამ იმ დროს ეს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მანამდე ყოველთვის მეგონა, რომ სამყაროს კეთილი და მზრუნველი ღმერთი მართავდა, თუმცა ცხოვრების რეალობა მაეჭვებდა ამაში. მართალია, იმ დროს მხოლოდ 26 წლის ვიყავი, მაგრამ ბევრი ისეთი რამ მქონდა ნანახი, რაც მაფიქრებდა და მაწუხებდა.

მამაჩემი შეერთებული შტატების საჰაერო ძალების პილოტი იყო. ასე რომ, ბავშვობიდან ვიცოდი, ბირთვული ომის სერიოზული საფრთხე არსებობდა. სამხედრო ძალები მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. კალიფორნიაში გატარებულ ჩემი სტუდენტობის წლებს ვიეტნამის ომი დაემთხვა. მე სტუდენტურ საპროტესტო აქციებს შევუერთდი. პოლიცია ხელკეტებით გვარბევდა და ჩვენც ცრემლსადენი გაზით გაგუდულები და ნახევრად დაბრმავებულები აქეთ-იქით გავრბოდით. ეს იყო პროტესტებისა და მასობრივი მღელვარების წლები, რასაც თან ახლდა პოლიტიკური მკვლელობები, გამოსვლები და არეულობები. ყველა თავისას ამტკიცებდა და გაიძახოდა. ასეთ ქაოსში ადამიანს თავგზა აებნეოდა.

რობერტი მოტოციკლეტთან დგას და რუკაზე აჩვენებს, რა გზა გაიარა.

ლონდონიდან ცენტრალურ აფრიკაში

1970 წელს ჩრდილოეთ ალასკაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ვიშოვე. მოგვიანებით ლონდონში გადავფრინდი, შევიძინე მოტოციკლეტი და უმიზნოდ დავადექი სამხრეთის გზას. რამდენიმე თვეში აფრიკაში ჩავედი. გზად ბევრ ისეთ ადამიანს შევხვდი, რომლებსაც ჩემსავით სურდათ, გაქცეოდნენ ცხოვრებისეულ რუტინასა და პრობლემებს.

ნანახი და გაგონილი იმაში მარწმუნებდა, რომ ბიბლიაში ტყუილუბრალოდ არ იყო ნათქვამი, რომ მსოფლიოს ბოროტი სული მართავდა. მაგრამ იმას ვეღარ ვხვდებოდი, მაშინ ღმერთი რაღას აკეთებდა.

ჩემს კითხვაზე პასუხი მალევე მივიღე. მეტიც, მომდევნო წლებში ბევრ ისეთ ადამიანსაც შევხვდი და დავუახლოვდი, რომლებიც ყველანაირ ვითარებაში ერთგულობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს.

ᲩᲠᲓᲘᲚᲝᲔᲗᲘ ᲘᲠᲚᲐᲜᲓᲘᲐ — „ᲭᲣᲠᲕᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲢᲧᲕᲘᲔᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ“

ლონდონში დაბრუნების შემდეგ ჩემი მეგობრის დედას დავუკავშირდი და მისგან საჩუქრად ბიბლია მივიღე. იქიდან ამსტერდამში გავემგზავრე. ერთხელ ქუჩაში ლამპიონის ქვეშ ბიბლიას ვკითხულობდი, როცა ერთმა იეჰოვას მოწმემ შემნიშნა და გამომესაუბრა. ამსტერდამიდან გეზი დუბლინისკენ ავიღე, სადაც იეჰოვას მოწმეების ფილიალი მოვძებნე. სწორედ იქ შევხვდი ართურ მეთიუზს, ჭკვიან და გამოცდილ ძმას. მე მას ბიბლიის შესწავლა ვთხოვე და ისიც სიამოვნებით დამთანხმდა.

მთელი გულმოდგინებით შევუდექი შესწავლას. ხარბად დავეწაფე იეჰოვას მოწმეების გამოცემულ პუბლიკაციებს — წიგნებსა თუ ჟურნალებს. რა თქმა უნდა, ბიბლიასაც ვკითხულობდი. ძალიან მოწადინებული ვიყავი. ვხედავდი, რომ კრებაში ბავშვებმაც კი იცოდნენ პასუხები ისეთ კითხვებზე, რასაც საუკუნეების განმავლობაში ნასწავლი ადამიანებიც ვერ სცემდნენ. მაგალითად: რატომ არსებობს ბოროტება? ვინ არის ღმერთი? და რა ხდება სიკვდილის შემდეგ? იმ დროს ირლანდიაში მოწმეების გარდა არავის ვიცნობდი, ამიტომ სულ მათ წრეში ვტრიალებდი. ამან უფრო შემაყვარა იეჰოვა და მისი მსახურების სურვილი გამიძლიერა.

ნაიჯელი, დენისი და მე

1972 წელს მოვინათლე, ერთი წლის შემდეგ კი პიონერად მსახურება დავიწყე და ჩრდილოეთ ირლანდიაში ქალაქ ნიურის პატარა კრებას შევუერთდი. მთის ფერდობზე ქვის კოტეჯი დავიქირავე. იქვე ახლოს მდელოზე ძროხები ბალახობდნენ ხოლმე. როცა მოხსენებას ვამზადებდი, მათ თვალწინ ვმეცადინეობდი. ისინი ყურადღებიანი მსმენელები იყვნენ. მართალია, რჩევას ვერ მაძლევდნენ, მაგრამ აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება კი მასწავლეს. 1974 წელს სპეციალურ პიონერად დავინიშნე. მსახურებაში შემომიერთდა ნაიჯელ პიტი, რომელიც ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა.

იმ დროს ქვეყანაში კონფლიქტის პერიოდი იყო. ზოგმა ჩრდილოეთ ირლანდიას ზედგამოჭრილი სახელი შეურჩია და „ჭურვებისა და ტყვიების ქვეყნად“ მონათლა. იმ დროს ჩვეული მოვლენა იყო ქუჩის ბრძოლები, სნაიპერთა თავდასხმები და მანქანის აფეთქებები. იმის გარჩევა ჭირდა, სად იყო პოლიტიკა და სად რელიგია. თუმცაღა პროტესტანტებიცა და კათოლიკეებიც მოწმეების ნეიტრალურ პოზიციას ერთხმად აღიარებდნენ. ამის წყალობით თავისუფლად და უსაფრთხოდ ვქადაგებდით. ჩვეულებრივ, ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, სად და როდის მოხდებოდა შეხლა-შემოხლა. ამიტომ წინასწარ გვაფრთხილებდნენ, რომ უსაფრთხოდ გავცლოდით იქაურობას.

შიგადაშიგ მაინც იქმნებოდა სახიფათო სიტუაციები. ერთხელ მე და ერთი პიონერი ძმა დენის კარიგანი ერთ პატარა ქალაქში ვქადაგებდით, სადაც მოწმეები არ იყვნენ და ჩვენც მხოლოდ ერთხელ ვიყავით ნამყოფი. ერთი ქალი აგვიშარდა, თითქოს გადაცმული ბრიტანელი ჯარისკაცები ვიყავით, როგორც ჩანს იმიტომ, რომ ირლანდიურად არ ვუქცევდით. ამან ძალიან შეგვაშინა, რადგან თუ შენიშნავდნენ, რომ ვინმე ბრიტანელ ჯარისკაცებს გულშემატკივრობდა, ან კლავდნენ, ან მუხლებში ესროდნენ. მე და დენისი სიცივეში მარტონი ვიდექით ავტობუსის გაჩერებაზე, როცა დავინახეთ, როგორ გაჩერდა მანქანა კაფესთან, სადაც იმ ქალს შევხვდით. ქალმა საუბარი გაუბა მანქანაში მსხდომ ორ მამაკაცს. ის რაღაცას გაცხარებით ამბობდა და თან ჩვენკენ იშვერდა თითს. მანქანა ჩვენკენ დაიძრა. როცა მოგვიახლოვდა, მანქანაში მსხდომებმა ავტობუსის განრიგი გვკითხეს. ამასობაში ავტობუსიც მოვიდა. ეს კაცები მძღოლს გამოელაპარაკნენ, მაგრამ ჩვენ არ გვესმოდა, რაზე საუბრობდნენ. ავტობუსი ცარიელი იყო, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ქალაქიდან გაგვიყვანდნენ და იქ გაგვისწორდებოდნენ. მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა. როცა ავტობუსიდან ჩამოვედით, მძღოლს ვკითხე, ეს კაცები ჩვენზე ხომ არ გელაპარაკნენ-მეთქი. მძღოლმა გვიპასუხა: „ვიცი ვინცა ხართ და იმათაც ეგ ვუთხარი. ასე რომ, არ ინერვიულოთ და მშვიდად წადით“.

რობერტი და პოლინი ქორწილის დღეს.

ჩვენი ქორწილის დღე (მარტი, 1977 წ.)

1976 წელს საოლქო კონგრესზეa დუბლინში შევხვდი ერთ სიმპათიურ სპეციალურ პიონერს ინგლისიდან, პოლინ ლომაქსს. ის სულიერად მოაზროვნე და თავმდაბალი და იყო. ის და მისი ძმა რეი იეჰოვას მოწმეების ოჯახში გაიზარდნენ. მომდევნო წელს მე და პოლინი დავქორწინდით და სპეციალურ პიონერებად გავაგრძელეთ მსახურება ბალიმენაში (ჩრდილოეთი ირლანდია).

რამდენიმე წელი სარაიონო მსახურებაში ვიყავით ბელფასტში, ლონდონდერიში და სხვა ცხელ წერტილებში. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ და-ძმების რწმენამ, რომლებმაც იეჰოვას სიყვარულით მოიშორეს ძვალ-რბილში გამჯდარი რელიგიური შეხედულებები, წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი და სიძულვილი. იეჰოვამაც აკურთხა და დაიცვა ისინი.

ირლანდიაში 10 წელი გავატარე. 1981 წელს მე და ჩემი მეუღლე „გალაადის“ 72-ე კლასში მიგვიწვიეს. სკოლის დამთავრების შემდეგ დასავლეთ აფრიკაში, სიერა-ლეონეში, დაგვნიშნეს.

ᲡᲘᲔᲠᲐᲚᲔᲝᲜᲔᲚᲘ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲡᲘᲦᲐᲠᲘᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ

ჩვენ 11 და-ძმასთან ერთად მოგვიწია მისიონერთა სახლში ცხოვრება, სადაც ერთი სამზარეულო, სამი საპირფარეშო, ორი საშხაპე, ერთი ტელეფონი, ერთი სარეცხი მანქანა და ერთი საშრობი გვქონდა. ელექტროენერგია წარამარა ითიშებოდა, სახურავზე ვირთხები დაშლიგინებდნენ, სარდაფში კი კობრები დასრიალებდნენ.

რობერტი და სხვები თავიანთი მოტოციკლეტებით ტივით გადადიან მდინარეზე.

მდინარეზე გადავდივართ მეზობელ გვინეაში კონგრესზე დასასწრებად.

ყველანაირ დისკომფორტს ის სიხარული ანეიტრალებდა, რასაც მსახურება გვანიჭებდა. ხალხი ბიბლიას აფასებდა და ყურადღებით გვისმენდა. ბევრმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მოინათლა კიდეც. ადგილობრივები მე და ჩემს მეუღლეს „მისტერ და მისის რობერტებს“ გვეძახდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფილიალის საქმეებით დავკავდი და უფრო იშვიათად მხედავდნენ პოლინთან ერთად მსახურებაში, ხალხი ჩემს მეუღლეს „მისის პოლინს“ ეძახდა, მე კი „მისტერ პოლინს“. ამაზე ჩემი ცოლი ბევრს ხალისობდა.

რობერტი და პოლინი თავიანთ მანქანასთან.

სიერა-ლეონეში შორ გზას ვადგავართ საქადაგებლად.

და-ძმებს ძალიან უჭირდათ, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა მათზე, ზოგჯერ განსაკუთრებული სახითაც კი (მათ. 6:33). მახსოვს ერთი და, რომელსაც მხოლოდ იმ დღის სამყოფი ფული ჰქონდა თავისთვის და თავისი შვილებისთვის და ისიც ერთ ავადმყოფ ძმას მისცა მალარიის წამლისთვის. იმავე დღეს მას მოულოდნელად ერთი ქალბატონი ეწვია და თმის დავარცხნა სთხოვა, რაშიც თანხაც გადაუხადა. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა.

ᲜᲘᲒᲔᲠᲘᲣᲚ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐᲡᲗᲐᲜ ᲨᲔᲒᲣᲔᲑᲐ

სიერა-ლეონეში 9 წელი ვიმსახურეთ, რის შემდეგაც ნიგერიაში, შედარებით დიდ ფილიალში დაგვნიშნეს. მე ისევ იმ საქმეს ვაკეთებდი, რასაც სიერა-ლეონეში, მაგრამ პოლინისთვის ეს ძალიან დიდი და რთული ცვლილება აღმოჩნდა. მანამდე ის თვეში 130 საათს ქადაგებდა და კარგი ბიბლიის შესწავლებიც ჰქონდა. ახლა კი საკერავ მანქანასთან უნდა მჯდარიყო და მთელი დღე ტანსაცმლის შეკეთებაზე ემუშავა. თავიდან გაუჭირდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ და-ძმები ძალიან აფასებდნენ მის შრომას, ამიტომ თვითონაც ბეთელელების გამხნევებაზე გადაერთო.

ჩვენ ბევრი რამ გვქონდა ნიგერიულ კულტურაზე სასწავლი. ერთხელ ჩემს ოფისში ერთმა ძმამ ბეთელში ახალმოწვეული და შემოიყვანა. როგორც კი ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად, ის ჩემს ფეხებთან დაემხო. მოულოდნელობისგან გავშეშდი. მაშინვე თავში ორი მუხლი ამომიტივტივდა: საქმეების 10:25, 26 და გამოცხადების 19:10. ჩემთვის ვფიქრობდი, ამ დას რამე ვუთხრა თუ არა-მეთქი. მეორე მხრივ, იმაზეც დავფიქრდი, რომ რახან ეს და ბეთელში მოიწვიეს, წესით ბიბლიური თვალსაზრისიც კარგად უნდა სცოდნოდა.

ისეთი დაბნეული ვიყავი, აღარ მახსოვს, როგორ დავასრულე მასთან საუბარი. მერე დავიწყე ამ საკითხის გამოკლევა. როგორც გავარკვიე, ეს და ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ მოიქცა. ეს იყო პატივისცემის გამომხატველი ჟესტი, რომელსაც მამაკაცებიც მიმართავდნენ და თაყვანისცემასთან არ იყო დაკავშირებული. მსგავსი რამ ბიბლიურ დროშიც ხდებოდა (1 სამ. 24:8). როგორ გამიხარდა, რომ ჩემი უცოდინარობით ამ დას არაფერი ვუთხარი და გული არ ვატკინე.

ბევრ ისეთ ნიგერიელ და-ძმას შევხვდით, რომლებმაც წლების მანძილზე განსაკუთრებული ერთგულება გამოიჩინეს იეჰოვას მიმართ. ასეთი იყო მაგალითად ძმა აიზეია ადაგბონა.b მან ახალგაზრდობაში გაიგო ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, მალევე კეთრის დიაგნოზი დაუსვეს და კეთროვანთა კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც ერთადერთი იეჰოვას მოწმე იყო. წინააღმდეგობის მიუხედავად ის 30-ზე მეტ კეთროვანს დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში და კოლონიაში კრების ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი.

ᲙᲔᲜᲘᲔᲚᲘ ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲐ

ობოლ მარტორქასთან შეხვედრა კენიაში.

1996 წელს კენიის ფილიალში დაგვნიშნეს. ახალგაზრდობის შემდეგ ამ ქვეყანაში აღარ ვყოფილვარ. ჩვენს ბეთელს ხშირად ონავარი ვერვეტის მაიმუნებიც სტუმრობდნენ. ისინი ხილს წაპნიდნენ დებს. ერთხელ ერთ დას ოთახის ფანჯარა ღია დარჩა. ოთახში დაბრუნებულს ასეთი სურათი დახვდა: მის ოთახში შეპარული ვერვეტები არხეინად შეექცეოდნენ მის საჭმელს. შეშინებული და კივილით გავარდა გარეთ, მაიმუნებიც კივილ-წივილით გადახტნენ ფანჯრიდან.

მე და პოლინი სუაჰილენოვან კრებაში გადავედით. ცოტა ხანში წიგნის შესწავლის ჩამტარებლად დამნიშნეს (იმ დროს ასე ეწოდებოდა კრების ბიბლიის შესწავლას), არადა იმ დროს სუაჰილზე ორ სიტყვას ძლივს ვაბამდი. განსახილველ მასალას წინასწარ ვამზადებდი, რომ კითხვები მაინც ამომეკითხა. მაგრამ თუ ვინმე თავისი სიტყვებით გააკეთებდა კომენტარს, თითქმის ვერაფერს ვიგებდი. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი. მეცოდებოდნენ და-ძმები, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს მოთმინებითა და თავმდაბლობით უძლებდნენ.

ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲔᲚᲘ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲛᲐᲢᲔᲠᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲔᲗᲘᲚᲓᲦᲔᲝᲑᲘᲡ ᲤᲝᲜᲖᲔ

კენიაში ერთ წელზე ნაკლები დავყავით. 1997 წელს ბრუკლინის ბეთელში მიგვიწვიეს. მდიდარ ქვეყანაში ცხოვრებას თავისი სირთულეები ახლავს თან, მაგრამ ასეთ გარემოშიც კი და-ძმები არ კარგავენ რწმენას (იგავ. 30:8, 9). ისინი თავიანთ დროსა და სახსრებს საკუთარი თავისთვის კი არა, იეჰოვას ორგანიზაციის მხარდასაჭერად იყენებენ.

წლების განმავლობაში მრავალ და-ძმას შევხვდით, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში ავლენდნენ რწმენას — ირლანდიაში სამოქალაქო კონფლიქტის დროს, აფრიკაში გაჭირვებისა თუ თანაქრისტიანებისგან შორს ყოფნის მიუხედავად, შეერთებულ შტატებში კი მატერიალურად აყვავებულ გარემოში. როგორ ახარებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ მისი ხალხი ნებისმიერ ვითარებაში ავლენს მისადმი სიყვარულს.

მე და პოლინი უორიკის ბეთელში

წლები „იმაზე სწრაფად მიქრიან, ვიდრე თითისტარი ტრიალებს“ (იობ. 7:6). ამჟამად მე და პოლინი უორიკში, მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ვმსახურობთ იმ და-ძმების გვერდით, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ერთმანეთი. გვიხარია, რომ ჩვენი საქმით მხარს ვუჭერთ ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს, რომელიც მალე დააჯილდოებს ყველა თავის ერთგულს (მათ. 25:34).

a რეგიონული კონგრესის იმდროინდელი სახელწოდება.

b ძმა აიზეია ადაგბონა 2010 წელს გარდაიცვალა. მისი ბიოგრაფია მოთხრობილია 1998 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 22—27.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება