ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 8
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას
ყოველთვის მიჰყევით იეჰოვას ხელმძღვანელობას!
„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ . . . და მიგიძღვი“ (ᲔᲡ. 48:17).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ეს სტატია დაგვანახვებს, როგორ მიუძღვის იეჰოვა დღეს თავის ხალხს და რატომ არის ჩვენთვის კარგი მისი ხელმძღვანელობის მიყოლა.
1. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ გვჭირდება იეჰოვას ხელმძღვანელობა.
ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რომ უღრან ტყეში ხართ. გრძნობთ, რომ საფრთხე რეალურია იმიტომ, რომ ამ ტყეში ბევრი შხამიანი მცენარეა და გარეული ცხოველებიც ბინადრობენ. თუმცა თან გამოცდილი მეგზური გახლავთ, რომელიც ტყეს კარგად იცნობს და იცის, როგორ აგარიდოთ საფრთხე. დღეს ქვეყნიერება უღრან ტყეს ჰგავს, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით საფრთხეს, რომელიც ჩვენს სულიერობას ემუქრება. თუმცა ჩვენ ისეთი მეგზური გვყავს, რომ უკეთესს ვერც ვინატრებთ. იეჰოვამ საუკეთესოდ იცის, როგორ აგვარიდოს იმ საფრთხეებს, რომლებსაც შეიძლება ახალი ქვეყნიერებისკენ მიმავალ გზაზე შევხვდეთ, და უსაფრთხოდ მიგვიყვანოს დანიშნულების ადგილას.
2. როგორ გვიწევს იეჰოვა ხელმძღვანელობას?
2 როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა? ძირითადად, თავისი წერილობითი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით. თუმცა ზოგჯერ ადამიანებსაც იყენებს ჩვენთვის ხელმძღვანელობის გასაწევად. მაგალითად, ის „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გვაწვდის სულიერ საზრდოს, რაც გვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ (მათ. 24:45). იეჰოვა სხვა სულიერად მოწიფული ძმების, მაგალითად, სარაიონო ზედამხედველებისა და უხუცესების მეშვეობითაც გვამხნევებს და გვაწვდის საჭირო მითითებებს. ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ ამ მძიმედ ასატან დროში საუკეთესო ხელმძღვანელობას გვიწევს. სწორედ ეს გვეხმარება, დავიმსახუროთ მისი მოწონება და არ ავცდეთ სიცოცხლის გზას.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 თუმცა ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მითითებებს არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ვიღებთ. მაგალითად, შეიძლება რჩევა არ დაემთხვას ჩვენს შეხედულებებს ან ვიფიქროთ, რომ მიღებული მითითება საღ აზრსაა მოკლებული და შეუძლებელია იეჰოვასგან მომდინარეობდეს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს? იმის მტკიცე რწმენა, რომ სინამდვილეში იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს და მისი ხელმძღვანელობის მიყოლას ყოველთვის კარგი შედეგები სდევს თან. ეს სტატია დაგვეხმარება, სწორედ ასეთი რწმენა განვივითაროთ. ქვემოთ განვიხილავთ, 1) როგორ მიუძღოდა იეჰოვა თავის ხალხს ძველ დროში, 2) როგორ მიუძღვის დღეს და 3) რატომ არის ჩვენთვის კარგი მისი ხელმძღვანელობის მიყოლა.
ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე იეჰოვა თავის ხალხს ერთგული მამაკაცების მეშვეობით უწევს ხელმძღვანელობას (იხილეთ აბზაცი 3).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲣᲫᲦᲝᲓᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲡ
4, 5. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა მოსეს მეშვეობით უწევდა ხელმძღვანელობას თავის ხალხს? (იხილეთ სურათი).
4 იეჰოვამ ისრაელის ეგვიპტიდან გამოსაყვანად მოსე აირჩია და ამაში ხალხის დასარწმუნებლად მათ ხილული ნიშანიც მისცა — დღისით ისინი ღრუბლის სვეტს ხედავდნენ, ღამით კი — ცეცხლის სვეტს (გამ. 13:21). სვეტმა მოსე და ისრაელები წითელ ზღვასთან მიიყვანა. მაგრამ, როცა ხალხმა დაინახა, რომ ეგვიპტელთა ჯარი მისდევდათ და გასაქცევი არსად ჰქონდათ, ძალიან შეეშინდათ. ისრაელებმა მოსე დაადანაშაულეს, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ, სინამდვილეში, მათ მოსე კი არა, იეჰოვა ხელმძღვანელობდა (გამ. 14:2). სწორედ იეჰოვამ მიიყვანა ისინი წითელ ზღვასთან, რათა სასწაულებრივად დაეხსნა ეგვიპტელთა ხელიდან (გამ. 14:26—28).
მოსე უდაბნოში ღვთის ხალხს ღრუბლის სვეტის დახმარებით მიუძღოდა (იხილეთ აბზაცები 4, 5).
5 მოსე მომდევნო 40 წლის განმავლობაშიც მიჰყვებოდა ღრუბლის სვეტს, რადგან ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა სწორედ ამ სვეტის მეშვეობით მიუძღოდა თავის ხალხს.a ზოგჯერ ეს სვეტი იეჰოვას ნებით მოსეს კარვის თავზეც ეშვებოდა, რისი დანახვაც ყველას შეეძლო (გამ. 33:7, 9, 10). სვეტიდან იეჰოვა მოსეს ესაუბრებოდა, ის კი, თავის მხრივ, მიღებულ მითითებებს ხალხს გადასცემდა (ფსალმ. 99:7). ნამდვილად, ისრაელებს იმის ყველანაირი მტკიცებულება ჰქონდათ, რომ იეჰოვა მათ მოსეს მეშვეობით უწევდა ხელმძღვანელობას.
მოსე და მისი საქმის გამგრძელებელი, იესო ნავეს ძე (იხილეთ აბზაცები 5, 7)
6. საიდან გამოჩნდა, რომ ისრაელებმა უარყვეს იეჰოვას ხელმძღვანელობა? (რიცხვები 14:2, 10, 11).
6 სამწუხაროდ, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად ისრაელების უმეტესობა კვლავ და კვლავ უარყოფდა მოსეს, როგორც იეჰოვას მიერ დანიშნულ წინამძღოლს (წაიკითხეთ რიცხვების 14:2, 10, 11). შედეგად, ეს ურჩი თაობა ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე (რიცხ. 14:30).
7. ვინ მიჰყვებოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას? მოიყვანეთ მაგალითები (რიცხვები 14:24; იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 საბედნიეროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც აფასებდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას. მაგალითად, ქალებ იეფუნეს ძე ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა (წაიკითხეთ რიცხვების 14:24). იეჰოვამაც დაუფასა ერთგულება და იმის უფლებაც მისცა, რომ თავად აერჩია სამკვიდრო მიწა (იეს. 14:12—14). ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად ებრაელთა ახალი თაობაც მიჰყვებოდა ღვთის ხელმძღვანელობას. ისინი ბოლომდე ემორჩილებოდნენ იესო ნავეს ძეს, რომელიც იეჰოვამ მოსეს საქმის გამგრძელებლად დანიშნა (იეს. 4:14). ამის გამო იეჰოვამ მათ აღთქმული მიწა დაამკვიდრებინა (იეს. 21:43, 44).
8. როგორ უწევდა იეჰოვა ხელმძღვანელობას თავის ხალხს მეფეების დროს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 მოგვიანებით იეჰოვამ გადაწყვიტა, თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად მსაჯულები დაენიშნა. მეფეების დროს კი ამ მიზნით წინასწარმეტყველებს ირჩევდა. ღვთისმოშიში მეფეები ყოველთვის ითვალისწინებდნენ წინასწარმეტყველებისგან მიღებულ რჩევებსა თუ მითითებებს. მაგალითად, მეფე დავითმა თავმდაბლურად მიიღო წინასწარმეტყველი ნათანისგან შეგონება (2 სამ. 12:7, 13; 1 მატ. 17:3, 4). მეფე იეჰოშაფატი მიჰყვა წინასწარმეტყველი იახაზიელის მითითებას და თავის ხალხსაც მოუწოდა, მინდობოდნენ ღვთის წინასწარმეტყველებს (2 მატ. 20:14, 15, 20). განსაცდელში მყოფმა მეფე ხიზკიამაც ესაიას მიმართა დახმარებისთვის (ეს. 37:1—6). იეჰოვა ყოველთვის აკურთხებდა მის მორჩილ მეფეებს და ხალხსაც მშვიდობით აცხოვრებდა (2 მატ. 20:29, 30; 32:22). ფაქტია, ყველასთვის აშკარა უნდა ყოფილიყო, რომ ის წინასწარმეტყველების მეშვეობით ხელმძღვანელობდა თავის ხალხს. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მეფეების, ისე ხალხის უმეტესობა ყურს არ უგდებდა წინასწარმეტყველებს (იერ. 35:12—15).
მეფე ხიზკია და წინასწარმეტყველი ესაია (იხილეთ აბზაცი 8)
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲣᲫᲦᲝᲓᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲡ
9. ვისი მეშვეობით ხელმძღვანელობდა იეჰოვა პირველი საუკუნის ქრისტიანებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
9 ახ. წ. პირველ საუკუნეში იეჰოვამ ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა და მის თავად იესო დანიშნა (ეფეს. 5:23). ცხადია, თითოეულ თავის მიმდევარს უშუალოდ იესო არ უწევდა ხელმძღვანელობას. ამისთვის მან დანიშნა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც მოციქულებისა და იერუსალიმში მყოფი სხვა უხუცესებისგან შედგებოდა (საქ. 15:1, 2). გარდა ამისა, ცალკეულ კრებებში ადგილობრივი უხუცესები ინიშნებოდნენ, რათა და-ძმებისთვის საჭირო მითითებები მიეცათ (1 თეს. 5:12; ტიტ. 1:5).
მოციქულები და იერუსალიმში მყოფი სხვა უხუცესები (იხილეთ აბზაცი 9)
10. ა) რა დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას ხელმძღვანელობის მიმართ პირველ ქრისტიანთა უმეტესობას? (საქმეები 15:30, 31). ბ) რატომ უარყოფდა ზოგი ბიბლიურ დროში იეჰოვას წარმომადგენლებს? (იხილეთ ჩარჩო „რატომ ხუჭავს ზოგი თვალს აშკარა მტკიცებულებებზე“).
10 ემორჩილებოდნენ ქრისტიანები დანიშნული ძმების მითითებებს? უმეტესობა — კი, თანაც დიდი სიხარულით (წაიკითხეთ საქმეების 15:30, 31). ახლა იმაზეც ვისაუბროთ, როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲣᲫᲦᲕᲘᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲮᲐᲚᲮᲡ ᲓᲦᲔᲡ
11. რა მოწმობს იმაზე, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს რასელსა და მის თანამოაზრეებს იეჰოვა ხელმძღვანელობდა?
11 იეჰოვა დღესაც მიუძღვის თავის ხალხს. ამას ის ბიბლიისა და თავისი ძის, იესოს მეშვეობით აკეთებს. მაგრამ საიდან ვიცით, რომ მას დღესაც ჰყავს დანიშნული ადამიანები თავისი მსახურებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად? მოდი განვიხილოთ, როგორ განვითარდა მოვლენები მე-19 საუკუნის მიწურულს. იმ დროს ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები მიხვდნენ, რომ 1914 წელი გარდამტეხი წელი იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში (დან. 4:25, 26). ამ დასკვნამდე ისინი ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევამ მიიყვანა. საიდან გამოჩნდა, რომ მათ იეჰოვა ხელმძღვანელობდა? 1914 წელს მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა. იმავე წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რასაც ეპიდემიები, მიწისძვრები და საკვების უკმარისობა მოჰყვა (ლუკ. 21:10, 11). ორი აზრი არ არსებობდა, რომ სწორედ იეჰოვა მიუძღოდა თავის ხალხს.
12, 13. რა ნაბიჯები გადადგეს ხელმძღვანელმა ძმებმა მეორე მსოფლიო ომის დროს სამქადაგებლო საქმის წინ წასაწევად?
12 აღსანიშნავია მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენებიც. გამოცხადების 17:8-ის სიღრმისეული გამოკვლევის შედეგად მთავარ სამმართველოში პასუხისმგებელი ძმები მიხვდნენ, რომ მსოფლიო ომი არმაგედონით არ დასრულდებოდა. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ომს შედარებით მშვიდობიანი პერიოდი მოჰყვებოდა, რაც სამქადაგებლო საქმის გაფართოებას შეუწყობდა ხელს. სწორედ ამიტომ მათ, ერთი შეხედვით, არალოგიკური ნაბიჯი გადადგეს და მისიონერების მოსამზადებლად ბიბლიური ინსტიტუტი „გალაადი“ დაარსეს (დღეს ცნობილია როგორც ბიბლიური სკოლა „გალაადი“). თანაც ომის პერიოდშივე დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანაში მათი გაგზავნა. ერთგულმა მონამ „თეოკრატიული მსახურების კურსის“b ჩატარებასაც გაუწია ორგანიზება, რათა კრებაში ყველა დახვეწილიყო, როგორც მქადაგებელი და მასწავლებელი. ეს ყოველივე ღვთის ხალხს დავალებული საქმის პირნათლად შესასრულებლად ამზადებდა.
13 როცა ამ ყოველივეზე ვფიქრობთ, ჩვენთვის დღესავით ნათელი ხდება, რომ იმ მეტად მძიმე პერიოდში სწორედ იეჰოვა მიუძღოდა თავის ხალხს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში მართლაც დადგა შედარებით მშვიდობიანი პერიოდი. ამან ღვთის ხალხს თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობა მისცა, რასაც, თავის მხრივ, ძალიან დიდი ზრდაც მოჰყვა.
14. რატომ უნდა ვენდოთ გონიერი მონისა და უხუცესებისგან მიღებულ მითითებებს? (გამოცხადება 2:1; იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 ხელმძღვანელი საბჭო დღესაც ყველანაირად ცდილობს, მიჰყვეს ქრისტეს ხელმძღვანელობას. ამიტომ ეს ძმები ყველაფერს აკეთებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი გადაწყვეტილებები იეჰოვასა და იესოს თვალსაზრისს ირეკლავს. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კრებებს სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები გადასცემენ.c როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სულით ცხებული უხუცესები და, ფართო გაგებით, ყველა უხუცესი, ქრისტეს „უჭირავს მარჯვენა ხელში“ (წაიკითხეთ გამოცხადების 2:1). ცხადია, მოსეს, იესო ნავეს ძისა და მოციქულების მსგავსად არც ეს მამაკაცები არიან სრულყოფილები და შეცდომებიც მოსდით (რიცხ. 20:12; იეს. 9:14, 15; რომ. 3:23). და მაინც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ხელმძღვანელ საბჭოსა და ყველა უხუცესს იესო უწევს ხელმძღვანელობას და ეს ასე იქნება „ყოველდღე . . . ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20). ამიტომ ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმ მითითებებში, რომლებსაც იესო დანიშნული ძმების მეშვეობით გვაძლევს.
ხელმძღვანელი საბჭო დღეს (იხილეთ აბზაცი 14)
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲧᲝᲚᲐ
15, 16. რას ვსწავლობთ იმ და-ძმებისგან, რომლებიც იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებიან?
15 იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა დღესვე დაგვიფასდება. დაფიქრდით ერთი წყვილის, ენდისა და რობინის მაგალითზე. მათ გაითვალისწინეს ერთგული მონის რჩევა და გაიმარტივეს ცხოვრება, რის შედეგადაც სხვადასხვა თეოკრატიულ სამშენებლო პროექტზე მოხალისეებად მსახურება შეძლეს (ებრ. 13:5). რობინი ამბობს: „ზოგჯერ ისეთ სივიწროვეში გვიწევდა ცხოვრება, რომ სამზარეულოც კი არ გვქონდა. ამასთანავე, ჩემი ფოტოაღჭურვილობის დიდი ნაწილის გაყიდვაც მომიწია, არადა ფოტოგრაფია ძალიან მიყვარდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ამის გამო ვიტირე კიდეც. თუმცა გადავწყვიტე, რომ აბრაამის ცოლის, სარას, მსგავსად წარსულით არ მეცხოვრა“ (ებრ. 11:15). როგორ დაჯილდოვდა ეს წყვილი ასეთი სულისკვეთებისთვის? რობინი ამბობს: „უდიდეს კმაყოფილებას გვანიჭებს, რომ ბოლომდე ვიხარჯებით იეჰოვას საქმეში. როცა სხვადასხვა თეოკრატიულ დავალებას ვასრულებთ, ნათლად წარმოვიდგენთ ხოლმე, რა საოცარი ცხოვრება გველის ახალ ქვეყნიერებაში“. ენდიც ეთანხმება ცოლის აზრს და აღნიშნავს: „ბედნიერები ვართ, რადგან მთელ ჩვენს დროსა და ენერგიას სამეფოს საქმის მხარდაჭერას ვახმართ“.
16 კიდევ რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლას? ერთმა დამ, მარსიამ, სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, ყურად ეღო გონიერი მონის რჩევა და მიზნად დაისახა სრული დროით მსახურება (მათ. 6:33; რომ. 12:11). ის ამბობს: „უნივერსიტეტში უფასოდ სწავლა შემომთავაზეს, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა, საუკეთესო იეჰოვასთვის გამეღო. ამიტომ პროფსასწავლებელში ჩავაბარე და ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელიც საბოლოოდ სულიერი მიზნების მიღწევაში დამეხმარებოდა. ერთი წუთითაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. დღეს პიონერად ვმსახურობ და ბედნიერი ვარ, რადგან მოქნილი სამუშაო გრაფიკის წყალობით ბეთელშიც ვახერხებ მოხალისედ მსახურებას და სხვა თეოკრატიულ საქმეებშიც ვმონაწილეობ“.
17. კიდევ რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლას? (ესაია 48:17, 18).
17 დროდადრო ორგანიზაციისგან ისეთ რჩევებსაც ვიღებთ, რომლებიც გვეხმარება, თავი ავარიდოთ საფრთხეებს. მაგალითად, ასეთი რჩევები გვეხმარება, არ გავებათ მატერიალიზმის მახეში ან ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც იეჰოვას კანონს დაგვარღვევინებდა. თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, სინდისიც სუფთა გვექნება და ზედმეტი პრობლემებისგანაც ვიქნებით დაცული (1 ტიმ. 6:9, 10). მეტიც, მთელი გულით შევძლებთ იეჰოვას მსახურებას, რაც უდიდეს სიხარულს, შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას მოგვანიჭებს (წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18).
18. რატომ გსურთ, ყოველთვის მიჰყვეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას?
18 ეჭვგარეშეა, რომ „დიდი გასაჭირისა“ და ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს იეჰოვა კვლავ ერთგული მამაკაცების მეშვეობით გაგვიწევს ხელმძღვანელობას (ფსალმ. 45:16). მაგრამ ჩვენ რას გავაკეთებთ? იმ შემთხვევაშიც მივყვებით მათგან მიღებულ მითითებებს, თუ განსხვავებული აზრი გვექნება? ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, დღეს რამდენად ვითვალისწინებთ იეჰოვასგან მომდინარე მითითებებს. ასე რომ, მოდი ყოველთვის მივყვეთ ღვთის ხელმძღვანელობას, რომელსაც მის მიერ დანიშნული მამაკაცებისგან ვიღებთ (ეს. 32:1, 2; ებრ. 13:17). ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველგვარ სულიერ საფრთხეს აგვარიდებს თავიდან და ჩვენს დანიშნულების ადგილამდე, ახალ ქვეყნიერებამდე, უსაფრთხოდ მიგვიყვანს.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?
როგორ მიუძღოდა იეჰოვა ისრაელს?
როგორ მიუძღოდა იეჰოვა პირველ ქრისტიანებს?
რატომ არის ჩვენთვის კარგი იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 48 ყოველდღე ვიაროთ იეჰოვასთან
a აღთქმულ მიწაზე მიმავალ ისრაელებს იეჰოვასგან დანიშნული ანგელოზიც უწევდა ხელმძღვანელობას. როგორც ჩანს, ეს ანგელოზი მიქაელი იყო. ასე ერქვა იესოს განკაცებამდე (გამ. 14:19; 32:34).
b მოგვიანებით ეწოდა „თეოკრატიული მსახურების სკოლა“. დღეს კი მსგავს მომზადებას შუა კვირის შეხვედრაზე გავდივართ.
c იხილეთ 2021 წლის თებერვლის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ მოცემული ჩარჩო „ხელმძღვანელი საბჭოს როლი“, გვ. 18.