საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 ივლისი გვ. 2-7
  • იყავით ცადოკივით მტკიცე და გაბედული!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავით ცადოკივით მტკიცე და გაბედული!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲛᲮᲐᲠᲘ ᲓᲐᲣᲭᲘᲠᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ
  • ᲛᲮᲐᲠᲨᲘ ᲐᲛᲝᲣᲓᲔᲥᲘᲗ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲡ
  • ᲣᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
  • ცადოკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბიათარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გახსოვდეთ, იეჰოვა ცოცხალი ღმერთია!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ყურად იღეთ მოსეს, დავითისა და იოანეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 ივლისი გვ. 2-7

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 27

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 73 მოგვეცი გამბედაობა

იყავით ცადოკივით მტკიცე და გაბედული!

„ცადოკი ახალგაზრდა ვაჟკაცი [იყო]“ (1 ᲛᲐᲢ. 12:28).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ მივბაძოთ ცადოკს სიმტკიცესა და გაბედულებაში.

1, 2. ვინ იყო ცადოკი? (1 მატიანე 12:22, 26–28).

ᲮᲔᲑᲠᲝᲜᲘᲡ სიახლოვეს 340 000-ზე მეტი კაცი შეკრებილა დავითის გასამეფებლად. აგერ უკვე სამი დღეა, მათი ჟრიამულისა და სიმღერის ხმა არემარეს ავსებს და კლდეებს შორის ექოდ გაისმის (1 მატ. 12:39). შეკრებილთა შორის ერთი ახალგაზრდაცაა, სახელად ცადოკი. დიდი ალბათობით, იქ მყოფთაგან ის არაფრით გამოირჩევა, თუმცა იეჰოვას ის შეუმჩნეველი არ რჩება. მეტიც, მას სურს, ჩვენც გავიცნოთ ეს მამაკაცი (წაიკითხეთ 1 მატიანის 12:22, 26–28). მაშ, მოდი გავიგოთ, ვინ იყო ცადოკი.

2 ის მღვდელმთავარი აბიათარის მხარდამხარ მღვდლად მსახურობდა. ბიბლიაში ცადოკი წინასწარმხილველადაც არის მოხსენიებული, რადგან ღვთისგან ბოძებული სიბრძნით შეეძლო ჩასწვდომოდა მის ნებას (2 სამ. 15:27). ამიტომაც მასთან ხშირად მიდიოდნენ რჩევის საკითხავად. ის გაბედულებითა და სიმტკიცითაც გამოირჩეოდა. ამ სტატიაში სწორედ მის ამ თვისებებს განვიხილავთ.

3. ა) რატომ გვჭირდება სიმტკიცე და გაბედულება? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 რაც უფრო ვუახლოვდებით აღსასრულს, სატანაც მით უფრო გააფთრებით ესხმის თავს ღვთის ხალხს (1 პეტ. 5:8). ამიტომ სანამ იეჰოვა ბოლოს მოუღებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას, ჩვენ გაბედულები და მტკიცენი უნდა ვიყოთ (ფსალმ. 31:24). მოდი ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ცადოკს სიმტკიცესა და გაბედულებაში.

ᲛᲮᲐᲠᲘ ᲓᲐᲣᲭᲘᲠᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ

4. რატომ გვჭირდება ღვთის მსახურებს გაბედულება და სიმტკიცე? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 იეჰოვას მსახურები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ღვთის სამეფოს (მათ. 6:33). თუმცა ხშირად გაბედულება და სიმტკიცე გვჭირდება, რომ გამოვირჩეოდეთ ამ ბოროტი ქვეყნიერებისგან და სასიხარულო ცნობას ვქადაგებდეთ (1 თეს. 2:2). პოლიტიკურად დაყოფილ საზოგადოებაში არც ნეიტრალიტეტის დაცვაა ადვილი (იოან. 18:36). სწორედ ნეიტრალიტეტისა და სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო შეექმნა ბევრ იეჰოვას მოწმეს ეკონომიკური პრობლემები, ზოგი ძალადობის მსხვერპლი გახდა და ზოგიც დააპატიმრეს.

ერთი ძმა შესვენების დროს თავის ორ თანამშრომელთან ერთად არის, რომლებიც ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოლიტიკურ პოზიციას. ერთ-ერთი ტელევიზორისკენ იშვერს ხელს. ეკრანზე ჩანს ორი კანდიდატის წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები.

როგორ იქცევით, როცა გარშემომყოფნი ამა თუ იმ პოლიტიკოსს უჭერენ მხარს? (იხილეთ აბზაცი 4)


5. რატომ სჭირდებოდა ცადოკს გაბედულება?

5 ხებრონში ცადოკი მხოლოდ იმიტომ როდი იყო ასული, რომ დავითის გამეფება ეზეიმა. სხვა მამაკაცებთან ერთად ის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო, რათა მტრის თავდასხმის შემთხვევაში დავითთან ერთად ებრძოლა (1 მატ. 12:38). ამ ახალგაზრდისგან ეს გაბედულებას მოითხოვდა, რადგან, დიდი ალბათობით, ის გამოცდილი მეომარი არ იქნებოდა.

6. რატომ იქნებოდა დავითი ცადოკისთვის მისაბაძი მაგალითი? (ფსალმუნი 138:3).

6 ცადოკი მრავალი ძლიერი ვაჟკაცის გარემოცვაში ტრიალებდა. ეჭვგარეშეა, ამ მამაცი მებრძოლებისგან მან ბევრი რამ ისწავლა. პირველ რიგში აღვნიშნოთ დავითი. ის გაბედული მებრძოლი იყო და ისრაელს საომრად მიუძღოდა, რის გამოც მთელი ერი მხარს უჭერდა მას (1 მატ. 11:1, 2). თანაც ცადოკი ხედავდა, რომ მტერთან ბრძოლისას დავითი საკუთარ ძალაზე კი არა, იეჰოვაზე იყო დანდობილი (ფსალმ. 28:7; წაიკითხეთ ფსალმუნის 138:3). ცადოკისთვის სამაგალითოები იქნებოდნენ ის მამაცი მეომრებიც, რომლებიც დავითის მხარდამხარ იბრძოდნენ და მის გამეფებას უჭერდნენ მხარს. მათ შორის იყვნენ იეჰოიადა და მისი ვაჟი ბენაია, აგრეთვე მისივე საგვარეულოს 22 თავკაცი (1 მატ. 11:22–25; 12:26–28).

7. ა) ვინ გვაძლევს დღეს გაბედულებისა და სიმტკიცის კარგ მაგალითს? ბ) რა ისწავლეთ ძმა აიენგე ნსილუს მაგალითიდან? (იხილეთ ვიდეო).

7 ჩვენთვისაც სამაგალითოა მათი სიმტკიცე და გაბედულება, ვინც ერთგულად უჭერენ მხარს იეჰოვასა და მის სამეფოს. ამ მხრივ გამორჩეული მაგალითი იესომ დაგვიტოვა. სატანა ყველანაირად შეეცადა, რომ ის ქვეყნიური ძალაუფლებით დაეინტერესებინა, თუმცა იესო ბოლომდე მტკიცედ უჭერდა მხარს იეჰოვას მმართველობას (მათ. 4:8–11; იოან. 6:14, 15). აღსანიშნავია ისიც, რომ რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩენილიყო, ის საკუთარ ძალაზე კი არა, იეჰოვაზე იყო დანდობილი. ჩვენთვის სამაგალითოა ის უამრავი ახალგაზრდა ძმაც, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე და არ ერევიან პოლიტიკაში. მათ მაგალითებს შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე გაეცნოთ.a

ᲛᲮᲐᲠᲨᲘ ᲐᲛᲝᲣᲓᲔᲥᲘᲗ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲡ

8. რატომ შეიძლება დასჭირდეთ უხუცესებს გაბედულების გამოვლენა?

8 ღვთის მსახურებს სიამოვნებას გვანიჭებს ერთმანეთის დახმარება (2 კორ. 8:4). თუმცა და-ძმებს რომ მხარში ამოვუდგეთ, ზოგჯერ გაბედულება გვჭირდება. მაგალითად, საომარი ვითარების დროს უხუცესებს სიყვარული აღძრავთ, თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდონ, რათა გაამხნეონ თანაქრისტიანები და მათ სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე იზრუნონ (იოან. 15:12, 13). ამგვარად, ისინი ცადოკის მაგალითს ჰბაძავენ. რატომ ვამბობთ ამას?

9. რა მითითება მისცა დავითმა ცადოკს? (2 სამუელი 15:27–29; იხილეთ აგრეთვე სურათი).

9 როდესაც აბესალომმა მამის ტახტის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, დავითმა თავის მსახურებს მოუწოდა: „ადექით, გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს!“ (2 სამ. 15:12, 13, 14). როცა იერუსალიმიდან გარბოდნენ, დავითი მიხვდა, რომ ქალაქში თავისი კაცი სჭირდებოდა, რომელიც აბესალომის გეგმებს შეატყობინებდა. ამიტომ მან ცადოკი და სხვა მღვდლები ქალაქში გააბრუნა (წაიკითხეთ 2 სამუელის 15:27–29). თუმცა მათ დიდი სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ. აბესალომმა საკუთარი მამაც კი არ დაინდო და წარმოიდგინეთ, მათ როგორ გაუსწორდებოდა, რომ გაეგო, რატომ იყვნენ ჩასული.

მეფე დავითის მსახურები იერუსალიმს ტოვებენ, დავითი კი ცადოკს ელაპარაკება.

დავითმა ცადოკი საკმაოდ სახიფათო საქმეზე გაგზავნა (იხილეთ აბზაცი 9).


10. რა გააკეთეს ცადოკმა და დავითის სხვა მეგობრებმა?

10 ცადოკის გარდა დავითმა დახმარებისთვის თავის კიდევ ერთ მეგობარს, ხუშაის, მიმართა (2 სამ. 15:32–37). მას აბესალომის ნდობა უნდა მოეპოვებინა და ისეთი გეგმა შეეთავაზებინა, რომ დავითს დრო მოეგო. ხუშაი ასეც მოიქცა, შემდეგ კი ცადოკსა და აბიათარს უამბო ყველაფერი, რომ დავითისთვის შეეტყობინებინათ (2 სამ. 17:8–17). იეჰოვამ ხელი მოუმართა მათ. ამგვარად, ცადოკმა დავითის სხვა მეგობრებთან ერთად შეძლო მეფის დაცვა (2 სამ. 17:21, 22).

11. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ცადოკს?

11 როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ცადოკს, როცა და-ძმები საფრთხეში არიან და დახმარება სჭირდებათ? 1) მიჰყევით მითითებებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მივყვეთ ფილიალიდან მიღებულ მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს ერთობას შეექმნას საფრთხე (ებრ. 13:17). უხუცესებმა რეგულარულად უნდა გადახედონ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მითითებებს და თავიანთი კრებისთვის შემუშავებულ გეგმას (1 კორ. 14:33, 40). 2) გამოიჩინეთ სიფრთხილე (იგავ. 22:3). მართალია, გაბედულება მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ საღი აზრი არ დავკარგოთ და არასაჭირო რისკებზე არ წავიდეთ. 3) მიენდეთ იეჰოვას. გახსოვდეთ, იეჰოვას ერთნაირად აღელვებს როგორც თქვენი, ისე იმ და-ძმების უსაფრთხოება, რომლებსაც ეხმარებით. ამიტომ მას სთხოვეთ დახმარება, რომ თავი გაართვათ დავალებულ საქმეს.

12, 13. რა გასწავლათ ვიქტორისა და ვიტალის შემთხვევამ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 უკრაინაში მცხოვრები ძმები, ვიქტორი და ვიტალი, ომის შედეგად დაზარალებულ თანაქრისტიანებს წყლითა და საკვებით ამარაგებდნენ. ვიქტორი იხსენებს: „საკვების საშოვნელად სად აღარ მივდიოდით. ხშირად ირგვლივ ტყვიების ზუზუნი ისმოდა. მახსენდება ერთი შემთხვევა. ჩვენმა ძმამ გადანახული საკვების დიდი მარაგი შემოგვწირა, რაც და-ძმებს საკმაო ხანს ეყოფოდათ. საკვებს მანქანაში ვტვირთავდით, როცა ასე 20 მეტრის მოშორებით ჭურვი ჩამოვარდა. შეშინებულს მთელი დღე ლოცვა არ შემიწყვეტია და იეჰოვას მხნეობას ვთხოვდი. გაბედულება მჭირდებოდა, რომ კვლავაც დავხმარებოდი თანაქრისტიანებს“.

13 ვიტალი გვიყვება: „გაბედულების გარეშე ამ საქმეს ვერ შევასრულებდით. მახსოვს, პირველად გზაში 12 საათი გავატარე და მთელი გზა ვლოცულობდი“. გაბედულებასთან ერთად ვიტალი სიფრთხილესაც იჩენდა. ის იხსენებს: „იეჰოვას სიბრძნეს და წინდახედულებას ვთხოვდი, რომ არასაჭირო რისკებზე არ წავსულიყავი. თანაც მხოლოდ იმ გზებით დავდიოდი, რომლებზეც მთავრობა ამბობდა, რომ უსაფრთხო იყო. საოცარი იყო იმის დანახვა, როგორ ასუფთავებდნენ და-ძმები გზებს, როგორ აგროვებდნენ თანაქრისტიანებისთვის დახმარებას და ჩვენს მანქანაში ტვირთავდნენ. ისინი გზად ჩვენს გამოკვებაზე და დასვენებაზეც ზრუნავდნენ“.

ორ ძმას ომის დროს ფურგონით თანაქრისტიანებისთვის დახმარება მიაქვს. ირგვლივ ნანგრევები და ცეცხლი ჩანს.

როცა გასაჭირში მყოფ და-ძმებს ეხმარებით, გაბედულებასთან ერთად სიფრთხილის გამოჩენაც გმართებთ (იხილეთ აბზაცები 12, 13).


ᲣᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

14. რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ახლობელი ზურგს აქცევს იეჰოვას?

14 როცა ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი ზურგს აქცევს იეჰოვას, ეს ენით აუწერელ ტკივილს გვაყენებს (ფსალმ. 78:40; იგავ. 24:10). შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი განსაცდელია ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ რეალობისთვის თვალის გასწორება განსაკუთრებით მაშინ შეიძლება გაგვიჭირდეს, თუ ამ ადამიანთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მსგავსი რამის ატანა ცადოკსაც მოუწია. მისი ერთგულების მაგალითი ჩვენთვისაც გამამხნევებელი იქნება.

15. რატომ დასჭირდებოდა ცადოკს სიმტკიცე ერთგულების შესანარჩუნებლად? (1 მეფეები 1:5–8).

15 როცა დავითი სიკვდილის პირას იყო, მისმა ვაჟმა, ადონიამ, მამის ტახტის ხელში ჩაგდება განიზრახა. არადა იეჰოვას მეფობა სოლომონისთვის ჰქონდა აღთქმული (1 მატ. 22:9, 10). ამ დროს ცადოკის ახლო მეგობარი, აბიათარი, ადონიას მიემხრო და, ამგვარად, მხოლოდ დავითს კი არა, იეჰოვასაც უღალატა (წაიკითხეთ 1 მეფეების 1:5–8). წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს მიაყენებდა ეს ცადოკს. მას და აბიათარს ხომ ორმოცწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. ორივენი მღვდლებად მსახურობდნენ, კიდობნის გადატანის დროსაც ერთად იყვნენ და ჭირსა თუ ლხინში ერთად ედგნენ მხარში დავითს (2 სამ. 8:17; 15:29; 19:11–14).

16. რამ შემატა ცადოკს ერთგულების შენარჩუნების ძალა?

16 როცა დავითმა შეთქმულების შესახებ შეიტყო, ნათანსა და ბენაიასთან ერთად ცადოკსაც დაავალა, სოლომონი ეცხო მეფედ, რადგან ბოლომდე იყო დარწმუნებული მის სანდოობაში (1 მეფ. 1:32–34). თავისი მეგობრის საქციელის მიუხედავად ცადოკი იეჰოვას ერთგული დარჩა. რამ შემატა ამ კაცს ერთგულების შენარჩუნების ძალა? ეჭვგარეშეა, მას ამაში ნათანი, ბენაია და იეჰოვასა და დავითის სხვა ერთგული მეგობრები დაეხმარნენ (1 მეფ. 1:38, 39). გამეფების შემდეგ სოლომონმა ის აბიათარის ნაცვლად დანიშნა მღვდელმთავრად (1 მეფ. 2:35).

17. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენი ახლობელი ზურგს აქცევს იეჰოვას?

17 თუ თქვენი ახლობელი ზურგს აქცევს იეჰოვას, ცადოკის მსგავსად მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოთ (იეს. 24:15). გჯეროდეთ, იეჰოვა ამისთვის საჭირო ძალას და გამბედაობას მოგცემთ. ამიტომ მიმართეთ მას ლოცვით და გაანდეთ თქვენი საწუხარი. ამასთანავე, ყოველთვის ახლო ურთიერთობა გქონდეთ მის ერთგულ მსახურებთან. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა დაგიფასებთ ერთგულებას (2 სამ. 22:26).

18. რისი სწავლა შეგვიძლია მარკოსა და სისასგან?

18 მოვიყვანოთ ერთი წყვილის, მარკოსა და სისას, მაგალითი. ზრდასრულობაში მათმა ქალიშვილებმა ჭეშმარიტება დატოვეს. მარკო ამბობს: „შვილი პირველივე დღიდან უპირობოდ გიყვარს. რას არ გააკეთებ, რომ ის კარგად იყოს. ამიტომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა ტკივილია, როცა ის იეჰოვას ტოვებს. თუმცა საკუთარი მაგალითით დავრწმუნდი, რომ ასეთ დროს იეჰოვა არცერთი წუთით არ გტოვებს მარტო. როცა მე ვიყავი სუსტი, ჩემი ცოლი იყო ძლიერი და პირიქით“. სისა კი აღნიშნავს: „იეჰოვა რომ არა, ამ განსაცდელს ჩვენით ვერ ავიტანდით. დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა, ამიტომ იეჰოვას ვესაუბრე ჩემს გრძნობებზე. ცოტა ხანში წლების უნახავ ერთ დას შევხვდი. მან მხრებზე ხელები დამადო, თვალებში ჩამხედა და მითხრა: „სისა, კარგად დაიმახსოვრე: რაც მოხდა, შენი ბრალი არ არის“. იეჰოვა დღემდე მეხმარება, სიხარული არ დავკარგო“.

19. რისი გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი?

19 იეჰოვას ძალიან უნდა, რომ მისი ყველა თაყვანისმცემელი ცადოკივით მტკიცე და გაბედული იყოს (2 ტიმ. 1:7). თუმცა არ ფიქრობს, რომ ამას საკუთარი ძალით შევძლებთ და მოგვიწოდებს, მისი იმედი გვქონდეს. ამიტომ თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომ გაბედულება და სიმტკიცე დაგჭირდებათ, იეჰოვას მიმართეთ დახმარებისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ცადოკის მსგავსად, ის თქვენც გაგაძლიერებთ (1 პეტ. 5:10).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲪᲐᲓᲝᲙᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ, . .

  • მხარი დავუჭიროთ ღვთის სამეფოს?

  • მხარში ამოვუდგეთ და-ძმებს?

  • ვუერთგულოთ იეჰოვას?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 126 იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!

a ვებსაიტზე jw.org უყურეთ ვიდეოს „ჭეშმარიტ ქრისტიანებს გაბედულება სჭირდებათ, რომ ნეიტრალიტეტი დაიცვან“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება