ცადოკი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მართლად ყოფნას].
1. მღვდელი, რომელიც მეტწილად მეფე დავითთან ერთად მოიხსენიება. ცადოკი იყო აარონის შთამომავალი ელეაზარის ხაზით, მღვდელმთავართა შტოს წარმომადგენელი (1მტ. 6:3—8, 50—53). ის წინასწარმხილველადაც არის მოხსენიებული (2სმ. 15:27). იგი ახალგაზრდობაში მამაცი ვაჟკაცი იყო, საგვარეულოს თავკაცთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დავითის მეფობას დაუჭირა მხარი (1მტ. 12:27, 28). ამ დროიდან მოყოლებული ის ყოველთვის დავითის ერთგული იყო (2სმ. 8:15, 17; 20:25; 1მტ. 18:16).
ცადოკი და აბიათარი (როცა ერთად მოიხსენიებიან, პირველი ყოველთვის ცადოკია დასახელებული, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ის წინასწარმეტყველიც იყო) შეთანხმების კიდობანს მიაცილებდნენ, როდესაც დავითის ბრძანებით ის იერუსალიმში აჰქონდათ. ამის შემდეგ ცადოკი რაღაც დროის მანძილზე გაბაონში მსახურობდა, სადაც იეჰოვას კარავი იდგა (1მტ. 15:11, 14; 16:39). როდესაც აბესალომი დავითს აუჯანყდა, ცადოკმა და ლევიანებმა შეთანხმების კიდობანი თან წაიღეს და იერუსალიმიდან გაქცეულ დავითს გაჰყვნენ. თუმცა დავითმა ისინი ქალაქში დააბრუნა და სთხოვა, რომ მისთვის აბესალომის გეგმების შესახებ ეუწყებინათ ხოლმე (2სმ. 15:23—29, 35, 36; 17:15, 16; 18:19—27). ამბოხების დასრულების შემდეგ ცადოკმა და აბიათარმა ლომის წილი შეიტანეს იმაში, რომ იერუსალიმელებს დავითი კეთილგანწყობილებით მიეღოთ (2სმ. 19:11—14). თავისი მეფობის ბოლო წლებში დავითმა ორგანიზება გაუწია ლევიანების მსახურებას ტაძარში, რაშიც ცადოკმა და აბიათარის ძემ, ახიმელექმა, გაუწიეს დახმარება (1მტ. 24:3, 6, 30, 31).
აბიათარისგან განსხვავებით, ცადოკმა არ დაუჭირა მხარი ადონიას, რომელიც მამის ტახტის მითვისებას შეეცადა. ამის გამო დავითმა სხვებთან ერთად ცადოკსაც დაავალა სოლომონის მეფედ კურთხევა (1მფ. 1:7, 8, 26, 32—46). საულისა და დავითის მეფობის დროს ცადოკი მხოლოდ მღვდლად მსახურობდა, თუმცა ვინაიდან მღვდელმთავარ აბიათარისგან განსხვავებით იგი ერთგული იყო, იერუსალიმიდან აბიათარის განდევნის შემდეგ სოლომონმა იგი მღვდელმთავრად დანიშნა. ამგვარად შესრულდა ელის სახლზე ნათქვამი იეჰოვას სიტყვა (1მფ. 2:26, 27, 35). მოგვიანებით, 1 მეფეების 4:4-ში „ცადოკი და აბიათარი“ ერთად მოიხსენიებიან, რითაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ისტორიულ ფაქტს ესმება ხაზი. იოსებ ფლავიუსის თანახმად, ცადოკი პირველი მღვდელმთავარი იყო, ვინც სოლომონის მიერ აგებულ ტაძარში მსახურობდა („იუდეველთა სიძველენი“, წ. X, თ. 8, აბზ. 6). 1 მატიანის 27:16, 17-ში ცადოკი აარონის საგვარეულოს წინამძღოლად მოიხსენიება. ბიბლიაში მოცემული ცნობები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ცადოკის შთამომავლები მღვდელმთავრის მოვალეობას სპარსელი დარიოსის (სავარაუდოდ, დარიოს II) დრომდე ასრულებდნენ (1მფ. 4:2; 1მტ. 6:8—15; 2მტ. 31:10; ნემ. 12:22). ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის მღვდლები „ცადოკის ძეები“ იყვნენ (ეზკ. 40:46; 43:19; 44:15; 48:11).
2. იუდას მეფის, იოთამის პაპა დედის მხრიდან (2მფ. 15:32, 33; 2მტ. 27:1).
3. აარონის შთამომავალი ცადოკის (№1) ხაზით, მღვდელმთავართა შტოს წარმომადგენელი; „დახელოვნებული გადამწერის“, ეზრას, წინაპარი (1მტ. 6:3, 8, 12, 13; 9:11; ეზრ. 7:1—6; ნემ. 11:11).
4. ბაანას ვაჟი, რომელიც ბაბილონის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმის გალავნის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდა (ნემ. 3:4). მან ან მისი საგვარეულოს წარმომადგენელმა, რომელსაც იგივე სახელი ერქვა, ბეჭდის დასმით დაადასტურა მთელი ერის მიერ დადებული შეთანხმება (ნემ. 9:38; 10:1, 14, 21).
5. ვაჟი ან შთამომავალი ვინმე იმერისა, რომელიც, სავარაუდოდ, სამღვდელო შტოს წარმომადგენელი იყო. იგი იერუსალიმის გალავნის აღდგენით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას (ნემ. 3:29).
6. გადამწერი, რომელსაც ნეემიამ ლევიანების საწყობები ჩააბარა. ამ საქმეზე ნეემიამ ცადოკი შელემიასა და ფედაიასთან ერთად დანიშნა (ნემ. 13:13). შესაძლოა იგივე №5.
7. იესოს მამობილის, იოსების წინაპარი, რომელიც ბაბილონის გადასახლებიდან ებრაელთა დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა (მთ. 1:14).