საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 ოქტომბერი გვ. 2-5
  • 1924 – ასი წლის წინ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1924 – ასი წლის წინ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲘ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ: ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲠᲐᲓᲘᲝᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ
  • ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ: ᲡᲐᲛᲦᲕᲓᲔᲚᲝᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲘᲚᲔᲑᲐ
  • ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲐᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲛᲗᲔᲚ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲨᲘ
  • ᲙᲘᲓᲔᲕ ᲔᲠᲗᲘ ᲐᲛᲐᲦᲔᲚᲕᲔᲑᲔᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲨᲘ
  • აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ! (1919—1941)
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • 1925 – ასი წლის წინ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • 1922 — ასი წლის წინ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • 1919 — ასი წლის წინ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 ოქტომბერი გვ. 2-5

1924 – ასი წლის წინ

1924 წლის იანვრის „ბიულეტენში“a ნათქვამი იყო: „წლის დასაწყისი საუკეთესო დროა უფლის ყველა მონათლული შვილისთვის, რომ მსახურების ახალი შესაძლებლობები მოძებნოს“. ბიბლიის მკვლევრები ასეც მოიქცნენ და ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მათგან განსაკუთრებულ გაბედულებას მოითხოვდა.

ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲘ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ: ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲠᲐᲓᲘᲝᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ

უკვე ერთი წელი იყო გასული, რაც ბეთელელმა ძმებმა სტეიტენ-აილენდზე რადიოსადგურ WBBR-ის მშენებლობა დაიწყეს. მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მათ დიდი საცხოვრებელი ააშენეს პერსონალისთვის და კიდევ ერთი შენობა სტუდიისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ძმები რადიოსისტემის აწყობას შეუდგნენ. თუმცა გზადაგზა არაერთ დაბრკოლებას შეხვდნენ.

ყველაზე დიდ სირთულეს მთავარი ანტენის დამონტაჟება წარმოადგენდა. ეს 91-მეტრიანი ანტენა ორ 61-მეტრიან ხის ბოძზე ტროსებით უნდა დაემაგრებინათ. მართალია, პირველი მცდელობა კრახით დამთავრდა, მაგრამ ძმებს ხელი არ ჩაუქნევიათ და მეორე ჯერზე ყველაფერი კარგად გამოუვიდათ. მათ ამაში აშკარად დაინახეს იეჰოვას ხელი. აი რა თქვა კელვინ პროსერმა, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა: „კარგი იყო, რომ ყველაფერი პირველ ჯერზე არ გამოგვივიდა, თორემ წარმატებას ჩვენს თავს მივაწერდით“. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა – თავი სხვა სირთულეებმაც იჩინა.

WBBR-ის ერთ-ერთი ანტენის დამონტაჟების პროცესი

იმ დროს რადიომაუწყებლობა განვითარების საწყის ეტაპზე იყო და სათანადო ტექნიკის შეძენა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამიტომ ძმებმა კუსტარულად დამზადებული 500-ვატიანი მეორადი გადამცემი იყიდეს. მათ არც პროფესიონალური მიკროფონი ჰქონდათ, რის გამოც ტელეფონის მიკროფონს იყენებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ძმებმა გადაწყვიტეს, გამოეცადათ თავიანთი აწყობილი რადიოსისტემა. რადგან კონკრეტული პროგრამა მომზადებული არ ჰქონდათ, ეთერში ჩვენი საგალობლები გაუშვეს. ერთი ძმა, ერნესტ ლო, რომელიც იმ საღამოს მომღერლებს შორის იყო, მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიმღერის დროს მოულოდნელად ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ეს ძმა რუტერფორდიb იყო, რომელმაც ჩვენი რადიოსიხშირე ბრუკლინში, 25 კილომეტრის მოშორებით, დაიჭირა.

„დროზე შეწყვიტეთ. თქვენგან ისეთი ხმა მოდის, გეგონება კატები ჩხავიან“, – გაისმა ძმა რუტერფორდის ხმა. მართალია, მან ეს სიტყვები ხუმრობით თქვა, მაგრამ ძმებს, ცოტა არ იყოს, შერცხვათ და მაშინვე გამორთეს გადამცემი. თუმცა ერთ რამეში კი დარწმუნდნენ – ისინი მზად იყვნენ მაუწყებლობის დასაწყებად.

პირველი ოფიციალური გადაცემა 1924 წლის 24 თებერვალს გავიდა ეთერში. რადიოსადგურის გახსნის პროგრამის დროს ძმა რუტერფორდმა აღნიშნა, რომ ეს სადგური „მესიანური სამეფოს ინტერესების მხარდაჭერას მოემსახურებოდა“ და „მისი მეშვეობით ნებისმიერი აღმსარებლობის ხალხს მიეცემოდა ბიბლიიდან იმის დანახვის შესაძლებლობა, თუ რა დროში ცხოვრობდნენ“.

მარცხნივ: ძმა რუტერფორდი პირველ სტუდიაში

მარჯვნივ: გადამცემი და სხვა ტექნიკა

პირველ გადაცემას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დღიდან მოყოლებული WBBR 33 წლის განმავლობაში ჩვენი რადიომაუწყებლობის ცენტრს წარმოადგენდა.

ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ: ᲡᲐᲛᲦᲕᲓᲔᲚᲝᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲘᲚᲔᲑᲐ

1924 წლის ივლისში ბიბლიის მკვლევრებმა კოლუმბუსში კონგრესი გამართეს. კონგრესზე დასასწრებად დელეგატები მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩასულნი. მოხსენებები წარმოთქმული იყო არაბულ, ბერძნულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, ლიეტუვურ, პოლონურ, რუსულ, სკანდინავიურ, უკრაინულ, უნგრულ და ფრანგულ ენებზე. ზოგიერთი მოხსენება რადიოს მეშვეობითაც გადაიცემოდა. ძმებმა ადგილობრივ გაზეთსაც სთხოვეს, რომ კონგრესის პროგრამა ყოველდღიურად გაეშუქებინა.

1924 წელს კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართული კონგრესი

24 ივლისს, ხუთშაბათს, 5 000-ზე მეტი დელეგატი მსახურებაში გავიდა. მათ 30 000-ზე მეტი წიგნი გაავრცელეს და ათასობით ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ამ დღის შესახებ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რომ კონგრესის ამ ნაწილმა ყველა უზომოდ გააბედნიერა.

კონგრესის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ძმა რუტერფორდის მოხსენება, რომელიც მან 25 ივლისს, პარასკევს, წარმოთქვა, და რომელზეც გააკეთა განცხადება სამღვდელოების წინააღმდეგ. მან ბრალი დასდო პოლიტიკურ, რელიგიურ და კომერციულ ლიდერებს იმაში, რომ ხალხს ღვთის გასაოცარ განზრახვებს უმალავდნენ. განცხადებაში ისიც იყო აღნიშნული, რომ ეს ლიდერები ერთა ლიგას ღვთის სამეფოს წარმომადგენლად მიიჩნევდნენ დედამიწაზე. ბიბლიის მკვლევრებს მართლაც დიდი გაბედულება დასჭირდებოდათ ხალხისთვის ამ ცნობის გადასაცემად.

ამ კონგრესის შესახებ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „კოლუმბუსში შეკრებილი უფლის პატარა ლაშქარი კონგრესის შემდეგ განმტკიცებული რწმენით გაემართა შინ. . . მათ უკვე ვეღარაფერს დააკლებს მტრის ცეცხლმოკიდებული ისრები“. კონგრესის ერთ-ერთი დელეგატი, ლეო კლაუსი, იხსენებდა: „კონგრესის შემდეგ ვერ ვიოკებდით სურვილს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ყველასთვის მიგვეწვდინა ეს ცნობა“.

ბუკლეტი „სამღვდელოების მხილება“

მალევე გამოიცა ბუკლეტი „სამღვდელოების მხილება“, რომელშიც ძმა რუტერფორდის განცხადება იყო დაბეჭდილი. ბიბლიის მკვლევრებმა ოქტომბერში დაიწყეს ამ ბუკლეტის გავრცელება და მილიონობით ეგზემპლარი გაავრცელეს. ერთი ძმა, ფრენკ ჯონსონი, ერთ პატარა ქალაქში, კლივლენდში (ოკლაჰომა), ბუკლეტებს ავრცელებდა, რის შემდეგაც სხვა მაუწყებლებს უნდა შეხვედროდა. თუმცა თავის ტერიტორიაზე მსახურებას ის დათქმულ დრომდე 20 წუთით ადრე მორჩა. ქუჩაში დალოდება მთლად უსაფრთხო არ იყო, რადგან მისი ქადაგებით გაღიზიანებული ხალხი დაეძებდა მას. ამიტომ გადაწყვიტა, ახლომდებარე ეკლესიისთვის შეეფარებინა თავი. ეკლესიაში კაციშვილი არ დახვდა, ამიტომ ბუკლეტი „სამღვდელოების მხილება“ პასტორის ბიბლიაშიც ჩადო და ყველა სკამზეც დაალაგა. ფრენკი ისე სწრაფად მორჩა საქმეს, რომ და-ძმების მოსვლამდე იმავეს გაკეთება კიდევ ორ ეკლესიაში მოასწრო.

ფრენკი უკვე შეხვედრის ადგილას მიდიოდა, როცა მის საძებნელად მანქანით გამოსული კაცები დაინახა. ის ბენზინგასამართი სადგურის უკან დაიმალა და ამ კაცებმაც მანქანით ისე ჩაუარეს, რომ ვერც კი შენიშნეს. მათი წასვლა და ფრენკის მეგობრების გამოჩენაც ერთი იყო. მათ ის მანქანაში ჩაისვეს და ქალაქის გასასვლელისკენ გაემართნენ.

ერთი ძმა იხსენებდა: „ქალაქს რომ ვტოვებდით, სამივე ეკლესიას ჩავუარეთ. ყველა ეკლესიასთან სადღაც 50 კაცი იდგა. ზოგი ბუკლეტს კითხულობდა, ზოგი კი პასტორს აჩვენებდა მას. აშკარად წუთი წუთზე გავასწარით იქაურობას. მადლობას ვუხდიდით იეჰოვას, რომ დაგვეხმარა, ცნობაც გადაგვეცა და იქაურობისთვისაც უსაფრთხოდ დაგვეღწია თავი“.

ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲐᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲛᲗᲔᲚ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲨᲘ

იუზეფ კრეტი

ბიბლიის მკვლევრები სხვა ქვეყნებშიც გაბედულად ქადაგებდნენ. მაგალითად, ჩრდილოეთ საფრანგეთში ერთი ძმა, იუზეფ კრეტი, მაღაროში მომუშავე პოლონელ ემიგრანტებს უქადაგებდა. ერთხელ მას უნდა წარმოეთქვა მოხსენება „მალე გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ“. როდესაც ბიბლიის მკვლევრებმა ქალაქის მოსახლეობა ამ მოხსენების მოსასმენად მიიწვიეს, ადგილობრივმა მღვდელმა მრევლი გააფრთხილა, იქ არ მისულიყვნენ. თუმცა მის ნათქვამს საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მოხსენებას 5 000-ზე მეტი კაცი დაესწრო, მათ შორის ეს მღვდელიც. იუზეფმა მღვდელს შესთავაზა თავისი მრწამსის დასაცავად გამოსულიყო, თუმცა მან უარი განაცხადა. იუზეფმა შენიშნა, რომ ხალხი მოწყურებული იყო ღვთის სიტყვას, ამიტომ მთელი ლიტერატურა, რაც კი თან ჰქონდა, მათ დაურიგა (ამოს. 8:11).

კლოდ ბრაუნი

აფრიკაში ოქროს ნაპირზე (დღევანდელი განა) სასიხარულო ცნობა პირველად კლოდ ბრაუნმა იქადაგა. მისი მოხსენებების და გავრცელებული ლიტერატურის წყალობით მთელ ქვეყანაში ძალიან სწრაფად გავრცელდა სასიხარულო ცნობა. ერთ-ერთი, ვინც კლოდ ბრაუნის მოხსენება მოისმინა, იყო ჯონ ბლანკსონი, რომელიც ფარმაცევტიკას სწავლობდა. ის მალევე მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. აი რას იხსენებდა მოგვიანებით ჯონი: „იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ სასწავლებელში ყველას ამაზე ვესაუბრებოდი“.

ჯონ ბლანკსონი

ერთ დღესაც ჯონი ანგლიკანურ ეკლესიაში მივიდა და მღვდელს კითხვები დაუსვა სამების შესახებ, რადგან დარწმუნდა, რომ ეს არაბიბლიური მოძღვრება იყო. მღვდელი ისე გამოვიდა მდგომარეობიდან, რომ ის სულ ყვირილით გამოაგდო ეკლესიიდან: „რა ქრისტიანი შენა ხარ! გაეთრიე აქედან, შე ეშმაკის მოციქულო!“.

სახლში დაბრუნებულმა ჯონმა მღვდელს წერილი მისწერა და სამების თემაზე სასაუბროდ საჯარო შეკრებაზე მიიწვია. მღვდელმა ჯონს უთხრა, რომ სასწავლებლის დირექტორთან მისულიყო. დირექტორთან რომ მივიდა, მან ჯონს ჰკითხა, მართლა მისწერა თუ არა მღვდელს.

- დიახ, – უპასუხა ჯონმა დირექტორს.

მან ჯონს მღვდლის სახელზე ბოდიშის წერილის დაწერა მოსთხოვა. აი რა დაწერა ჯონმა:

„ბატონო, ჩემმა ლექტორმა მთხოვა, თქვენთვის ბოდიში მომეხადა და მეც მზად ვარ, მოვიბოდიშო, თუ აღიარებთ, რომ სიცრუეს ასწავლით“.

- მართლა ამის დაწერა გინდა? – გაკვირვებით ჰკითხა ჯონს დირექტორმა.

- დიახ, ბატონო, ამის მეტი სათქმელი არაფერი მაქვს.

- იცოდე, სასწავლებლიდან გაირიცხები! როგორ ბედავ სახელმწიფო რელიგიის მღვდელმსახურთან ასე ლაპარაკს?!

- კი მაგრამ, ბატონო, როდესაც ლექციებს გვიტარებთ და რაღაც არ გვესმის, კითხვებს ხომ ვსვამთ?

- რა თქმა უნდა!

- ზუსტად იმავეს ვაკეთებ ახლაც. ის ხომ ბიბლიას გვასწავლის და მეც უბრალოდ კითხვა დავუსვი. მას თუ კითხვაზე პასუხი არ აქვს, მე რატომ უნდა მოვუბოდიშო?!

ამ საუბრის შემდეგ ჯონს არც ბოდიშის წერილის დაწერა მოუწია და ის არც სასწავლებლიდან გაურიცხავთ.

ᲙᲘᲓᲔᲕ ᲔᲠᲗᲘ ᲐᲛᲐᲦᲔᲚᲕᲔᲑᲔᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲨᲘ

წლის ბოლოს „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ჩვენც ვეთანხმებით დავითის სიტყვებს: „შენ შემომსარტყლე ძალით საომრად“ (ფსალმ. 18:39 [17:40, ბსგ]). ამ წელს გასაოცრად დავინახეთ უფლის ხელი, რაც ძალიან გამამხნევებელი იყო. მის ერთგულ მსახურებს დიდ სიხარულს ჰგვრიდა სასიხარულო ცნობის ქადაგება“.

ძმებმა მიზნად დაისახეს, რადიომაუწყებლობისთვის უფრო მასშტაბური სახე მიეცათ. ამიტომ ჩიკაგოს მახლობლად ახალი რადიოსადგურის მშენებლობა წამოიწყეს. ამ ახალ რადიოსადგურს „WORD“ ეწოდა, რაც „სიტყვად“ ითარგმნება. ეს ნამდვილად შესაფერისი სახელი იყო, რადგან მისი მეშვეობით ღვთის სიტყვა უნდა გავრცელებულიყო. ძმები 5 000-ვატიან გადამცემს იყენებდნენ, რისი მეშვეობითაც სამეფოს ცნობა ასობით კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოეთ კანადაშიც კი, გადაიცემოდა.

ბიბლიის მკვლევრებს საკმაოდ ამაღელვებელი წელი ელოდათ წინ. 1925 წელს მეტი ნათელი მოეფინა გამოცხადების მე-12 თავში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. მართალია, ამის გამო ზოგმა შეწყვიტა იეჰოვას მსახურება, მაგრამ უმრავლესობა გაახარა იმის გაგებამ, თუ რა მოვლენები განვითარდა ზეცაში და როგორ აისახებოდა ეს დედამიწაზე მცხოვრებ ღვთის ხალხზე.

a დღევანდელი „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“.

b ძმა ჯოზეფ რუტერფორდი, რომელიც იმჟამად ბიბლიის მკვლევართა საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ბეთელში მსახურებამდე დროდადრო სპეციალური მოსამართლის მოვალეობას ასრულებდა მისურის მერვე რაიონის სასამართლოში. ამის გამო ის „მოსამართლე რუტერფორდის“ სახელითაც იყო ცნობილი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება