ინდიანაპოლისში გამართული კონგრესი (1925 წ.)
1925 – ასი წლის წინ
„ამ წლის დადგომას ქრისტიანები მოუთმენლად ველოდით“, – აღნიშნული იყო 1925 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“. თუმცა სტატიაში ასეთი რამეც ეწერა: „მართალია, ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით, რა მოვლენები განვითარდება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, დაე არაფერს მივცეთ ნება, სიხარული დაგვიკარგოს და ხელი შეგვიშალოს უფლის საქმის შესრულებაში“. საინტერესოა, როგორი მოლოდინით შეხვდნენ ბიბლიის მკვლევრები 1925 წელს და როგორ განაგრძეს აქტიურად ქადაგება მიუხედავად იმისა, რომ იმედი გაუმტყუნდათ.
ᲒᲐᲣᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲔᲑᲘ
ბიბლიის მკვლევრებიდან ბევრს ეგონა, რომ 1925 წელს დედამიწაზე სამოთხე აღდგებოდა. ალბერტ შრედერმა, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, აღნიშნა: „მაშინ ვფიქრობდით, რომ 1925 წელს უკანასკნელი ცხებულები ზეცაში წავიდოდნენ და ქრისტეს თანამმართველები გახდებოდნენ, ხოლო ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები მაგალითად, აბრაამი, დავითი და სხვები, მკვდრეთით აღდგებოდნენ და დედამიწაზე მთავრებად იმსახურებდნენ“. თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა, რის გამოც ზოგს გული გაუტყდა (იგავ. 13:12).
გულგატეხილობის მიუხედავად ბიბლიის მკვლევრების უმეტესობას არათუ არ შეუწყვეტია გულმოდგინედ ქადაგება, უფრო მეტად გაიაზრა რამხელა მნიშვნელობის საქმეს ასრულებდნენ. ამის მაგალითია რადიომაუწყებლობაც, რომლის მეშვეობითაც სამეფოს ცნობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია.
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲠᲐᲓᲘᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘ
1924 წელს WBBR-ის ამოქმედებას დიდი წარმატება მოჰყვა. ამიტომ შემდეგ წელს ბიბლიის მკვლევრებმა კიდევ ერთი რადიოსადგურის აშენება გადაწყვიტეს ჩიკაგოსთან ახლოს (ილინოისი). ახალ რადიოსადგურს „WORD-ი“ უწოდეს. რალფ ლეფლერი, რომელიც სადგურის მშენებლობაში მონაწილეობდა, ასეთ რამეს იხსენებდა: „ზამთრის სუსხიან დღეებში WORD-ის რადიომაუწყებლობას უამრავი მსმენელი ჰყავდა, მათ შორის შორეულ ადგილებშიც“. პირველ გადაცემას მოუსმინა ერთმა ოჯახმაც, რომელიც 5 000-ზე მეტი კმ-ით დაშორებულ ალასკის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. მათ იმდენად მოეწონათ მოსმენილი, რომ რადიოსადგურის თანამშრომლებს გამამხნევებელი სულიერი პროგრამისთვის სამადლობელი წერილი მისწერეს.
მარცხნივ: რადიოსადგურ WORD-ის ანძები (ბატავია, ილინოისის შტატი)
მარჯვნივ: რადიოსადგურში მომუშავე რალფ ლეფლერი
საინტერესოა, როგორ გადაიცემოდა ამხელა მანძილზე რადიოსიგნალი. 1925 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „WORD-ი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რადიოსადგურია შეერთებულ შტატებში. ის 5 000-ვატიანი გადამცემითაა აღჭურვილი. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ რადიოსიგნალი შეუფერხებლად გავრცელდეს მთელ შეერთებულ შტატებში, კუბაზე და ალასკის უკიდურეს ჩრდილოეთშიც კი. ამ რადიოსადგურის მეშვეობით ბევრმა პირველად მოისმინა ჭეშმარიტება და მეტის გაგების სურვილი გაუჩნდა“.
ჯორჯ ნეიში
ბიბლიის მკვლევრებს კანადაშიც სურდათ, ღვთის სიტყვა რადიოს მეშვეობით ეუწყებინათ. ამიტომ 1924 წელს მათ ქალაქ სასკატუნში (სასკაჩევანის პროვინცია) რადიოსადგური ააგეს, რომელსაც „CHUC-ი“ ეწოდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რელიგიური რადიომაუწყებლობა კანადაში. 1925 წელს CHUC-ის მფლობელი ოფიციალურად საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ გახდა და გადაწყდა, რომ გაფართოების მიზნით რადიოსადგური სხვაგან გადაეტანათ. ამისთვის სასკატუნში არსებული ძველი თეატრის შენობა შეირჩა და გარემონტდა.
ამ რადიოსადგურის წყალობით სასკაჩევანის მეჩხრად დასახლებულ მხარეებში ხალხმა პირველად მოისმინა სასიხარულო ცნობა. მაგალითად, ერთმა ქალბატონმა, რომელიც მოშორებით მდებარე ქალაქში ცხოვრობდა, რადიოგადაცემის მოსმენის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ მისწერა და ლიტერატურა მოითხოვა. მოგვიანებით ჯორჯ ნეიში ასე იხსენებდა ამ შემთხვევას: „ამ ქალბატონის სიტყვებში ჭეშმარიტებისადმი ისეთი წყურვილი იგრძნობოდა, რომ გადავწყვიტეთ, „საღვთო წერილის გამოკვლევის“ ყველა ტომი გაგვეგზავნა“. სულ მალე ამ ქალბატონმა სასკაჩევანის კიდევ უფრო დაშორებულ ოლქში დაიწყო სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება.
ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲑᲡ ᲜᲐᲗᲔᲚᲘ ᲛᲝᲔᲤᲘᲜᲐ
1925 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა ისტორიული მნიშვნელობის სტატია სახელწოდებით „ერის დაბადება“. რით იყო ეს სტატია გამორჩეული? დავიწყოთ იმით, რომ ბიბლიის მკვლევრებისთვის ცნობილი იყო სატანის ორგანიზაციის არსებობის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ მისი ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს ბოროტი სულიერი ქმნილებები წარმოადგენდნენ, მიწიერს კი რელიგიური, კომერციული და პოლიტიკური სისტემები. თუმცა ამ სტატიაში „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ ნათლად დაანახვა და-ძმებს, რომ იეჰოვასაც აქვს ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება სატანის ორგანიზაციისგან და ეწინააღმდეგება მას (მათ. 24:45). იმავე სტატიაში ახსნილი იყო, რომ ღვთის სამეფო 1914 წელს „დაიბადა“. ამავე წელს „ატყდა ზეცაში ომი“ და სატანა დემონებთან ერთად გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე (გამოცხ. 12:7–9).
ზოგს ამ სიახლის მიღება გაუჭირდა. ამიტომაც იყო სტატიაში ასეთი აზრი აღნიშნული: „შესაძლოა „საგუშაგო კოშკის“ მკითხველთაგან ზოგიერთი არ ეთანხმებოდეს ამ ახლებურ ახსნას. ასეთებს ვურჩევთ, მიენდონ უფალს და მოთმინებითა და ერთგულებით განაგრძონ მისადმი მსახურება“.
ბრიტანელი წიგნების დამტარებელი ტომ ეირი (მაშინ ასე ეძახდნენ პიონერებს) იხსენებდა, როგორ შეხვდა ბიბლიის მკვლევრების უმეტესობა ამ სიახლეს: „გამოცხადების მე-12 თავის ახლებური ახსნით და-ძმები აღფრთოვანებულნი იყვნენ. როგორც კი გავიგეთ, რომ სამეფო უკვე მმართველობდა ზეცაში, ენთუზიაზმით აღვივსეთ, რომ ეს ამბავი სხვებისთვისაც გვეცნობებინა. მეტი შემართებით შევუდექით ქადაგებას იმაში დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა კიდევ უფრო დიდებულ საქმეებს მოიმოქმედებდა“.
ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
დღეს ბევრმა ჩვენგანმა ზეპირადაც კი იცის ესაიას 43:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, – ამბობს იეჰოვა, – ჩემი მსახური, რომელიც ამოვირჩიე“. 1925 წლამდე კი ეს ბიბლიური მუხლი იშვიათად თუ შეგვხვდებოდა ჩვენს პუბლიკაციებში. მაგრამ 1925 წელს უკვე „საგუშაგო კოშკის“ 11 ნომერი ამახვილებდა ყურადღებას ესაიას 43:10, 12-ზე.
1925 წლის აგვისტოს მიწურულს ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი, აშშ) კონგრესი გაიმართა. კონგრესის პროგრამაში დაბეჭდილი იყო ჯოზეფ რუტერფორდის შემდეგი მიმართვა: „ამ კონგრესზე იმისთვის შევიკრიბეთ, რომ უფალმა ძალებით აღგვავსოს, და როგორც მისი მოწმეები, უფრო გულანთებულნი შევუდგეთ ქადაგებას“. ამ რვადღიან კონგრესზე დელეგატებს მოუწოდეს, რომ ყოველი შესაძლებლობა გამოეყენებინათ ღვთის სახელის განსადიდებლად.
29 აგვისტოს, შაბათს, რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება სახელწოდებით „მოქმედების დროა“. მან მოხსენებაში ხაზი გაუსვა ქადაგების მნიშვნელობას და შემდეგი სიტყვებიც მოაყოლა: „იეჰოვა თავის ხალხს ეუბნება: „თქვენ ხართ ჩემი მოწმეები . . . და მე ღმერთი ვარ“, რასაც მკაფიო მოწოდება მოჰყვება: „ნიშანი აღუმართეთ ხალხებს“. არ არსებობს სხვა ხალხი ვინც „ნიშანს აღმართავს“, გარდა იმ ხალხისა, ვისაც უფლის წმინდა სული აქვს და ვისაც ის მოწმეებს უწოდებს“ (ეს. 43:12; 62:10).
ტრაქტატი „იმედის ცნობა“
მოხსენების შემდეგ ძმა რუტერფორდმა აუდიტორიას წაუკითხა რეზოლუცია სახელწოდებით „იმედის ცნობა“. იქ აღნიშნული იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სამეფო მოუტანდა კაცობრიობას ნამდვილ მშვიდობას, კეთილდღეობას, სრულყოფილ ჯანმრთელობას, თავისუფლებას, მარადიულ სიცოცხლეს და ბედნიერებას. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ დელეგატები ფეხზე წამოდგნენ იმის ნიშნად, რომ მხარს უჭერდნენ რეზოლუციას. მოგვიანებით ეს რეზოლუცია სხვა ენებზეც ითარგმნა და ტრაქტატის სახით გამოიცა. მთლიანობაში 40 მილიონამდე ეგზემპლარი გავრცელდა.
მართალია, ბიბლიის მკვლევრებს რამდენიმე წლის შემდეგ დაერქვათ იეჰოვას მოწმეები, მაგრამ უკვე აცნობიერებდნენ ღვთის სახელის გაცხადების პასუხისმგებლობას.
ᲒᲐᲜᲛᲔᲝᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲛᲝᲜᲐᲮᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
მთელ მსოფლიოში ბიბლიის მკვლევართა რიცხობრივმა ზრდამ შესაძლებლობა შექმნა, რომ დაინტერესებულები კვლავ მოენახულებინათ. სწორედ ამისკენ მოუწოდა ორგანიზაციამ და-ძმებს. „ბიულეტენში“,a სადაც ზემოხსენებული ტრაქტატის გავრცელების შესახებ იყო საუბარი, ასეთი მითითებაც ეწერა: „განმეორებით იმ შემთხვევაშიც კი მოინახულეთ ადამიანი, თუ მხოლოდ „იმედის ცნობას“ დაუტოვებთ“.
1925 წლის იანვრის „ბიულეტენში“ დაიბეჭდა პლანოში (ტეხასის შტატი) მცხოვრები ერთი ბიბლიის მკვლევრის სიტყვები: „გვაოცებს ის ფაქტი, რომ არაერთხელ დამუშავებულ უბნებზე უფრო დიდი გამოხმაურებაა, ვიდრე იქ, სადაც პირველად მივდივართ. მაგალითად, ერთი პატარა ქალაქი ბოლო ათი წლის მანძილზე ხუთჯერ დამუშავდა . . . ამას წინათ დედაჩემმა და და ჰენდრიქსმა კიდევ ერთხელ იქადაგეს ამ ქალაქში და იმაზე მეტი წიგნი გაავრცელეს, ვიდრე ოდესმე“.
ერთმა წიგნის დამტარებელმა პანამიდან საზოგადოებას ასეთი რამ მისწერა: „ბევრი, ვინც პირველ ჯერზე უარით გამომისტუმრა, მეორე ან მესამე მისვლის დროს სხვა განწყობით შემხვდა. მიმდინარე წელს ძირითადად მათ ვინახულებ, ვისაც ადრე უკვე ვესაუბრე და ზოგიერთ მათგანთან ძალიან საინტერესო შემთხვევებიც მქონდა“.
ᲡᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝ ᲒᲔᲒᲛᲔᲑᲘ
1925 წლის ბოლოს რუტერფორდმა წიგნების დამტარებლებს წერილობით მიმართა. წერილში მან მთელი წლის სამქადაგებლო საქმიანობაც შეაჯამა: „გასულ წელს ბევრი გულდამძიმებული ადამიანი ანუგეშეთ, რამაც თქვენც მოგიტანათ სიხარული . . . მომავალ წელსაც არაერთი შესაძლებლობა მოგეცემათ, გააცხადოთ ღვთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ და ყველას დაანახვოთ, ვინ არიან მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები . . . მოდი კვლავაც ყველამ ერთად ხოტბა შევასხათ ჩვენს ღმერთსა და მეფეს“.
წლის მიწურულს ძმები ბრუკლინში არსებული ბეთელის გაფართოების გეგმას ადგენდნენ. 1926 წელს ისინი უპრეცედენტო სამშენებლო პროექტის განხორციელებას შეუდგებოდნენ.
მშენებლობა ადამს-სტრიტზე (ბრუკლინი, ნიუ-იორკი, 1926 წ.)
a დღევანდელი „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“